რომელი ერთი გავიხსენო ქალბატონ სოფიკოზე? უბედნერიესი ადამიანი ვარ მას რომ ვიცნობდი. ყველა ჩვენი შეხვედრა, საუბარი, ვახშამი თუ ეზოში პატარა აუზთან ჯდომა - ნამცხვრით, თუნდაც ინტერვიუ, ყველაფერი იყო: სიცოცხლე, ცხოვრება, იმედი, ფიქრი, სიყვარული, რწმენა... უთვალავი რამ. მართლაც ბევრი ვისწავლე დიდებული, განუმერებელი, ბრძენი სოფიკო ჭიაურელისგან.
... დიდი გულისტკივილით გავაცილე უკანასკნელ გზაზე... მოსაგონარი კი ბევრი დამიტოვა. ზოგჯერ, როცა ძალას ვიპოვი, ვწერ ხოლმე პატარ-პატარა ამბებს. თუმცა ის დიდი, ყველაზე სქელტანიანი წიგნების ღირსია.
პირველ პირში კი შეგნებულად ვწერ, იმიტომ, რომ ძალიან მინდა, სოფიკო ჭიაურელი ყველას თავად გესუბროთ.
ბავშვობას განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა ხოლმე. პირველი "სიყვარული" კი, თურმე ექვსი წლის ასაკში სწვევია და ერთ მშვენიერ საღამოს აი ეს ისტორია მიამბო:
პირველი სიყვარული
...შესანიშნავი მხატვარი, ოჯახის მეგობარი, საუცხოო ადამიანი სოლიკო ვირსალაძე შემიყვარდა.
მე და დედა გაგრაში ვისვენებდით. მოხდა უბედურება, ბიძა გარდაგვეცვალა და ვერიკო იძულებული გახდა, ორი დღით თბილისში დაბრუნებულიყო. მე ბატონ სოლიკოსთან დამტოვა. სწორედ მაშინ "შემიყვარდა" იგი.
ამ დროს ბატონი სოლიკო ერთ-ერთი მანდილოსნით გახლდათ გატაცებული და მე ექვსი წლის ბავშვი ისეთ ეჭვიანობის სცენებს ვუწყობდი, რომ...
ერთხელ ჩემმა "შეყვარებულმა" იმ მანდილოსანს ყვავილები მიართვა. ეს რომ დავინახე, ძალიან "გავბრაზდი". ზღვისკენ გავიქეცი და წყალში შევედი. სოლიკოზე გულმოსული მეტისმეტად შორს გავედი ზღვაში (ხუთი წლის ასაკიდან შესანიშნავად ცურავდა ქალბატონი სოფიკო. მ.კ.). ბავშვობიდან შორს, ძალიან შორს მიყვარს გაცურვა...იქ სულ სხვაა! იქ ყველაფერთან ერთიანდები...
ერთი სიტყვით, ბატონმა სოლიკომ ცურვა არ იცოდა, მახსოვს, იდგა ნავზე და მევედრებოდა, სოფიკო, გეხვეწებით, დაბრუნდით (თქვენობით მელაპარაკებოდა), ძალიან გთხოვთ, მე არ შემიძლია გამოგყვეთ...
ამის შემდეგ, ყოველ დილით, როცა ვიღვიძებდი, სასთუმალთან ვარდები მხვდებოდა....ყოველ დღე სხვადასხვა ფერი : წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი... და ისევ თავიდან იწყებოდა ხოლმე ფერების ათვლა... რადგან ვარდებს მჩუქნიდა, ამით ვხვდებოდი, მეც რომ მისი "შეყვარებული " ვიყავი და ისეთი ამაყი დავდიოდი...
საოცარია ბავშვობა... ის სიყვარულიც საოცარი იყო...
***
ზღვის გარეშე არ შეეძლო, ღმერთო, როგორ უყვარდა ზღვა... ერთხელ მითხრა, - ზღვის გიჟი ვარო...ასეც იყო...
მახსოვს, ქალბატონი სოფიკოს დაკრძალვის დღეს, 6 მარტს, ძალიან ღელავდა შავი ზღვა და უზარმაზარი ზვირთები სოფიკოს საყვარელ ნაპირს ეხეთქებოდა... ვითომ მხოლოდ მარტის ბრალი იყო?! მე კი მგონია, სოფიკო ჭიაურელის ნაკვალევს ეძებდა...
Комментариев нет:
Отправить комментарий