суббота, 22 июня 2013 г.

თენგიზ არჩვაძე ლამაზ ქალზე და თეთრ ცხენზე


მინდა მოვასწრო და დავწერო...ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი თენგიზ არჩვაძე. მისი ხელით დაწერილი ერთი პაწია ჩანაწერი მაქვს ბლოკნოტში და სათუთად ვინახავ. ეს ჩემი ისტორიაა.

დიდი არტისტის იტორიას ერთი პატარა ჩანაწერი რას ეყოფა, მაგრამ ჩემთან ნათქვამი მცირედიც ჩემთვის დიდ განძია.
ბატონი თენგიზი მიყვარს ძალიან თავისი სიბრძნით, ვაჟკაცობით, ქართველობით და გამორჩეული გმირებით. ეს ვუთხარი კიდეც მრავალი წლის წინ და იცის, თუმცა, განა არის ვინმე საქართველოში ვისთვისაც ეს სახელი გვარი არაფერს ნიშნავს?! არა მგონია... 
ჩვენი ერთი შეხვედრის შესახებ მინდა მოგითხროთ.უფრო სწორედ - მოვუსმინოთ ბატონ თენგიზს, ის თხრობაშიც ისეთივე ლამაზია, ძლიერი და წარმოსადეგი, როგორიც ფილმებში და სპექტაკლებში:

ფიქრები ხმამაღლა...

... კარგი ღვინო, ლამაზი ქალი და ცხენი ჩემი ცხოვრების თანდევია, თუმცა ჩემი ოცნება, მაინც მთაა, მთას ვეტრფოდი და ვესწრაფოდი მუდამ...
ეს მხოლოდ მე ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი. საქმე ის არის, თორმეტ ფილმში ერთი და იგივე ცხენით რომ ვითამაშე, ინგლისურ - არაბული ჯიშის თეთრი ცხენი იყო, პრინციპი ერქვა, მეორეს - სატრაპი.
ცხენი საოცრებაა...ოო, რა დიდებულია ცხენი, მერე როგორი ჭკვიანია...
ერთხელ ხატობაზე ვიყავი ცხენით, მასპინძლებმა ძალიან დამათვრეს. წამოვედი, მაგრამ უნაგირზე მჯდომს ჩამეძინა.
ამასობაში ნელი სვლით მარჯვნივ გაქაჩულა და როცა შევფხიზლდი, საჩხერეს ვიყავი გადადგომილი.
დილის რიბირაბო იყო, მივხვდი რაც მოხდა, ხიხათას მთაც გადაგვევლო მე და ჩემს ცხენს. უკან გამობრუნდა და თავისით მიმიყვანა.
მე და ჩემი პარტნიორი ცხენები მუდამ საუცხოოდ ვუგებდით ერთმანეთს.
ის კი არა, შატილიდან ქისტეთში ჩავსულვარ ცხენით.
მთა კი...
მთა სულ სხვაა.
მოკვლით არასოდეს მომიკლავს ნადირი და ფრინველი, ჭიანჭველისთვის არ დამიბიჯებია ფეხი. მარტოობა მიყვარს, მიყვრდა... სიჩუმე, ბუნებით ტკბობა... კიდევ გუდის ყველი, ყველისა და პურის გარდა არც არაფერი მინდა მთაში.
მხოლოდ ბუნებასთან განმარტოება და ფიქრი...

ქალი - სამყაროს გვირგვინი

ქალი?!
ქალი ბუნებისგან შექმნილი სამყაროს გვირგვინია, საოცარი ფენომენი. ქალი რომ მეგობრობას გაგიწევს, ბარე ორი ტარიელი და ავთანდილი ვერ დაიკვეხნის.
არადა, რვა წლისა ვიყავი, გოგოს რუსულად რომ ავუხსენი სიყვარული. რუსულად იმიტომ, რომ რუსული ჩემს გარდა ერთმა იცოდა, დანარჩენებს ხომ არ გავაგებინებდი და ერთ მოწმეს არა უშავდა.
150 - ზე მეტი როლი ვითამაშე და კი ვყოფილვარ პარტნიორზე შეყვარებული და - პირიქით, პარტნიორიც ყოფილა ჩემზე შეყვარებული, მაგრამ ამის გაგრძელების დაშვება არ შეიძლებოდა. 
სამგიეროდ რჩება კვალი, ფიქრი და ნაჭდევი... პატარა ჭრილობა აუცილებლად რჩება.
18 -19 წლის ბიჭი ვიყავი, პირველი ქალი რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ქართველი არ იყო და რომ დავშორდი, პირველ ხანებში ძალიან განვიცდიდი...
ჩემზე ბევრად უმცროსებისგან რომ მიგრძვნია სიყვარული, არასოდეს მისარგებლია. რაც შემძლებია - დავხმარებივარ ქარიშხლის ჩადგომაში, თუმცა მერე დიდხანს გამყოლია ფიქრად და ტკივილად...
საერთოდ, სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი, ღმერთს არა გაუჩენია რა...

Комментариев нет:

Отправить комментарий