გივი სიხარულიძის მოუსვენრობის ამბავი ყველასთვის ცნობილია, რას არ ჩაიდენს, თავი რომ დაგამახსოვროს.
ერთხელაც, გურამ საღარაძესთან ერთად გაემგზავრა ქალაქგარეთ. გზაში მშვენივრად იმუსაიფეს, ვინ აღარ გაიხსენეს, იცინეს, იმხიარულეს, საუცხოო გუნებაზე რომ არიან, მოულოდნელად, არც აცია, არც აცხელა გივიმ, გააღო მანქანის კარი და პირდაპირ გზატკეცილზე გადახტა.
პირველ წამებში გაოცებულმა გურამ საღარაძემ ვერ გააცნობიერა, რა მოხდა, რატომ მოხდა,
ცხადი იყო თუ სიზმარი, იმიტომ, რომ ასევე წამებში, ცოცხლად და უვნებლად, გივი ასფალტიდან
წამოხტა, დაჰკრა ფეხი, უსწრაფესად გამოეკიდა მანქანას, დაეწია კიდეც და თვალისდახამხამებაში ისევ გვერდით მიუსკუპდა მეგობარს.
ისეთ მდგომარეობაში იყო გივის შემხედვარე გურამი, ხმას ვერ იღებდა "ენაგადაყლაპული".
- რა ქენი, გივი, რა იყო ეს? -ძლივს ამოთქვა ოდნავ გონს მოსულმა.
-არაფერი, გურამს ვენაცვალე, გადახტომის სურვილი გამიჩნდა და გადავხტი კიდეც.
სამაგიეროდ, ხომ არასოდეს დაგავიწყდებაო?!
ხარხარებდა გივი სიხარულიძე...
Комментариев нет:
Отправить комментарий