вторник, 25 июня 2013 г.

გივი სიხარულიძის ოინები

კაცი, რომელსაც მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია, სწორედ გივი სიხარულიძე გახლავთ. ბევრჯერ სუფრასთან შევხვდი, შინაც ვესტუმრე, სხვებისგანაც ბევრი მსმენია და მივხვდი -- მას "ვეღარაფერი " შეცვლის, მორჩა და დამთავრდა. ქალებზე რაც უამბნია, იმას სხვა დროს დავწერ. ახლა კი ისევ -- გივი სიხარულიძე თავისი დაუვიწყარი თავგასავლებით.

მამიდის ანდერძი

... ძალიან მიყვარდა ჩემი ღვიძლი მამიდა, გასაოცარი, უთბილესი ურთიერთობა გვქონდა.
გასტროლებზე ვიყავი, ოჯახს ვაცნობე რეისი, როდის მოვფრინავდი თბილისში.
მუდამ დიდი აჟიოტაჟით მხვდებოდნენ ხოლმე ჩემები. ბიჭოს, მარტო მდგომი მამაჩემი რომ დავინახე, ელდა მეცა.
- რა მოხდა-მეთქი, შიშით ვკითხე.
- მამიდაშენია ძალიან ცუდად და კიდევ კარგი, ჩამოუსწარი ცოცხალსო.
გავიქეცი შინ, მივედი მამიდაჩემის საწოლთან, მოვეფერე... თავზე ხელი გადამისვა და რაღაც ბგერებს მეუბნება: გ, გ, მ... ვერაფერი გავიგე. ჩემი საყვარელი მამიდა მალე გარდაიცვალა. ყველაფერი რომ დასრულდა, მივაბარეთ დიდი პატივით სასუფეველს, მეც ცოტა ხანში ზღავზე წავედი. 
ვწევარ პლაჟზე და მამიდაჩემი გამახსენდა. უეცრად შუბლზე ვიტკიცე ხელი: ალბათ, რაღაც ჰქონდა დამალული, თქმა ვერ მოასწრო და რაღაც მიმანიშნა-მეთქი. გავშიფრე მის მიერ ნათქვამი ბგერები და შემოვირტყი შუბლში. სიკვდილის წინ მითხრა: გივი, გაიხედე მარცხნივ... 
აუუ, გამოვქანდი თბილისში, ვეცი მარცხენა კედელს და ნგრევა დავიწყე. გადაირია მამაჩემი, მაგრამ ვერავინ შემაჩერა.
ვანგრიე, ვანგრიე და ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს დავიღალე და დავანებე თავი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ბალტიისპირეთში გავემგზავრე. თბილისში დავრეკე და მამაჩემმა მითხრა, მამიდაშენის საფლავის გაკეთება დავასრულეო. გამახსენდა ჩემი მოამაგე მამიდა და ისევ ვიტკიცე შუბლში ხელი:
- ცხონებული, ალბათ, მარცხენას კი არა, მარჯვენას მხარეს მეუბნებოდა- მეთქი.
მეორე დღესვე დავბრუნდი თბილისში. ახლა მარჯვენა კედლის ნგრევა დავიწყე. მოვკვდი იმ კედლის ნგრევით, მაგრამ იქაც ვერაფერი ვიპოვე.
ბოლოს კი მივხვდი: სიკვდილის წინ ნათქვამი ასოები იმას ნიშნავდა, რომ იმ ქვეყნადაც ჩემი დარდი წაიღო და დამიბარა: 
- გივი, გენაცვალოს მამიდა, ჭკვიანდ იყავიო...

Комментариев нет:

Отправить комментарий