დიდი ხნის მეგობრები ვართ მე და ნუგზარ ჯუღელი. დიახ, ჩემი უფროსი მეგობარია და ვამაყობ ამით. ბევრი მისი "საიდუმლოც" ვიცი. ოჯახის სტუმარიც ხშირად ვიყავი და ბევრი საინტერესო ამბის მომსწრეც ვარ. თუმცა, ჯობს, თავად ბატონმა ნუგზარმა გიამბოთ. ხშირად უთქვამს ჩემთვის, ცხოვრებამ იმდენ რამეს შემახვედრაო...იმიტომაც, ხან - ვსევდიანობ, ხან მოგონებების სიცილი მკლავსო...
თბილისელი ორანგუტანგი
კარგა ხნის ამბავი კია, მაგრამ გახსენებად ღირს... რობიკო სტურუასთან ვიქეიფეთ მე, კახი კავსაძემ, გოგი ქავთარაძემ და გოგი ხარაბაძემ. ბიჭები ცოტა ადრე წავიდ- წამოვიდნენ. დილის ოთხი საათია დაწყებული, შინ ვბრუნდები. ზემელზე ჩამოვდივარ და ვხედავ, ქალი დგას მარტო. კარგად ნასვამი ვარ, თან მომწონს, თან - არა. გამოველაპარაკე.
რა ვქნა, სად წავიყვანო?
უცებ გამახსენდა, რომ კახი კავსაძე მარტოა შინ. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ავტომატიდან დავურეკე:
- კახი, შენს იქით გზა არ მაქვს, შენთან ქალი უნდა მოვიყვანო და ხომ მიგვიღებ - მეთქი?
- მოიყვანე, შე კაი კაცო, დროს ნუღარ კარგავო.
კახი ვორონცოვზე ცხოვრობდა. მივედით. მესამე სართულზე ზარი დავრეკე, კახი აღებს კარს. რა თქმა უნდა, ქალს გზა დავუთმე და ის შევიდა პირველი.
მოულოდნელად, კარი ცხვირწინ მომიხურა და სასწრაფოდ გადაკეტა. ენა ჩამივარდა, ვერ გავიგე, რა ხდება. ვაბრახუნებ, ერთ ამბავში ვარ. კახი კარის იქიდან ქოთქოთებს, მოუსვი აქედანო!..
მივხვდი, რომ აღარ გააღებდა და წავლასლასდი შინისაკენ...
მეორე დღეს მეუბნება:
- ბიჭო, ნუგზარ, რომელ ზოოპარკში იპოვე მაგხელა ორანგუტანგიო?!
აი, რეები ხდებოდა თბილისში... მაგრამ, ყველაფერი მაინც ჩვენებური, გემრიელი და გენიალური იყო...
ორი ლია
არა, ფრთიანი ანგელოზი რომ არ ვარ, ცხადია, მაგრამ რამდენი რამე სულ ტყუილად დაუბრალებიათ. მე უკეთ არ ვიცი, როდის რა ჩავიდინე?
აი, მაგალითად, ერთხელ, კახი ასათიანი, ვახტანგ ჭელიძე და მე კარგად დავთვერით. დიდ დროსტარებაში ვართ და სად იყო, სად არა, რესტორანში ორი თბილისელი გოგო გამოჩნდა. დავტრიალდი ჩემებურად, მოვიწვიე, მაგრამ ჩვენ სამნი ვართ და ესენი ორნი. კომპანიას ხომ არ დავშლით. იმხანად ერთ გოგოს ვხდებოდი, ლია ერქვა და მასთან გადავწყვიტე დარეკვა. შევედი დირექტორის კაბინეტში და ვრეკავ:
- ლია, "იმელთან" ვარ და სასწრაფოდ მოდი -მეთქი.
- ნუგზარ, ბავშვებიც წამოვიყვანო თუ მარტო მოვიდეო? - მკითხა.
უცებ გამოვფხიზლდი და ყურმილი ცივად დავკიდე. თურმე, შინ დამირეკავს.
გამიმართლა, ნამდვილად. კიდევ კარგი იმ გოგოს, რომელსაც მაშინ ვხვდებოდი, ჩემი ცოლის სახელი ერქვა - ლია...
მშიერი გალინა
ერთხანობას, მოსკოველ გალინა ლაპინას ვეტრფოდი. კარგა ხანს ეპისტოლური ურთიერთობა გვქონდა. ერთ - ერთ წერილში მომწერა:
- აწი ხშირად გნახავ - ბორტგამცილებლად დავიწყე მუშაობაო.
ჩამოფრინდა პირველად თბილისში, მეორე დღემდე დრო აქვს. შესანიშნავი გარგნობის გახლდათ, პატივი მინდა ვცე, მაგრამ მაშინ სად იყო ბევრი ფული?!
ჰოდა, ძველ თბილისში გავასეირნე. დავათვალიერებინე იქაურობა, ვუყვები პაოლო იაშვილზე, გალაკტიონზე, გრანელზე, მერე პასტერნაკიც გავახსენე და დიდ "შემოქმედებით წვაში" ვარ, მოკლედ.
ბოლოს მომიბრუნდა და მეკითხება:
- სადმე ფუნთუშა არ იყიდებაო?- რაღაცნაირად, საცოდავად მკითხა. თურმე შია.
სად იყო იმ დროს თბილისში ღამით ვაჭრობა?! გასკდა თავი ფიქრით, აღარ ვიცი, რა ვქნა და... პურის მცხობელებთან ჩავიყვანე მეიდანში, დაილოცოს მათი მარჯვენა.
იმ პურის საოცარი გემო და სურნელი ახლაც მახსოვს...ის ღამეც, რასაკვირველია...
Комментариев нет:
Отправить комментарий