понедельник, 10 июня 2013 г.

რატომ ვერ ვნახე სერგო ზაქარიაძე

არის შემთხვევა, არის თარიღი, არის ფაქტი და ხარ - შენ, ვისაც არ გავიწყდება კონკრეტული შემთხვევა, თარიღი და ფაქტი. ალბათ, იმიტომ ხარ, რომ გახსოვდეს!
მართალია, უდიდესი, ლეგენდარული მსახიობის გახსენებას ვაპირებ, მაგრამ გოდერძი ჩოხელის სიტყვებით მინდა დავიწყო. უფრო მეტიც, არ იცნობდნენ ერთამანეთს სხვადასხვა წლების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ჩვენი უახლესი ისტორიაა, ჩვენი სიყვარული და მოწიწება. ეს ორი გასაოცარი ქართველი თავ -თავის საქმეში გენიოსები იყვნენ. გოდერძიმ თქვა: 
" სიკვდილი? -სიკვდილი არის ადამიანად არ ყოფნის სევდაო!"
რატომ გამახსენდა გოდერძის სიტყვები? იმიტომ, რომ ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, სერგო ზაქარიაძე, დიდი სევდაა სწორედ...
ერთად ერთხელ, რუსთაველზე ვნახე ცოცხალი სერგო ზაქარიაძე. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს მისი საოცარი მხარ-ბეჭი, თუმცა ხელები დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, ძლიერი, ფართო, ხორციანი, ხორბლისფერი...მოდიოდა და ყველას უღიმოდა, ესალმებოდა, ზოგს ხელს ართმევდა, ორჯერ შეჩერდა კიდეც და გამოელაპარაკა თბილისელებს... ახლა შემხვედრნი როგორი სიყვრულით შესციცინებდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მსახიობს?!
ასე მეგონა, მეც ვიცნობდი, იმიტომ, რომ იმ წლების ყველა ფილმი ნანახი მქონდა: "ჯარისკაცის მამა", " მალე გაზაფხული მოვა", "არ დაიდარდო", "შეხვედრა წარსულთან"... კინო ისე მიყვარდაა...
ოჯახშიც ზოგჯერ ვსაუბრობთ მასზე, ჩემი მეუღლის პედაგოგი გახლდათ ცოტა ხნით, მხოლოდ პირველ კურსზე და ბევრ მის ჭკვიან გამონათქვამს იხსენებს ხოლმე.
მე კი 1971 წლის 13 აპრილი მახსოვს გამორჩეულად და ჩაბნელებული რუსთაველის თეატრი.
13-14 წლის გოგო ვიყავი, მაშინ დიდი ამბავი იყო უცხოელი სტუმარი, მაგრამ ჩვენს ოჯახს მამას ახლობელი, პოლონელი ცოლ-ქმარი ეწვია. ამათ "ჯარისკაცის მამა" ნანახი ჰქონიათ თურმე და ვახშმის დროს გაიხსენეს, თავი მოიწონეს ამით. მეც დიდი გოგო ვიყავი უკვე და თავის მოწონება ასე არ უნდა - მეთქი, რუსულად, რასაკვირველია(მამამ კარგი რუსული მასწავლა), ვუთხარი:
- ის ყველას ძალინ გვიყვარს, არა მხოლოდ კინოში, თეატრშიც მაგრად თამაშობს და ისეთი მოხუცი კი არ არის , როგორც ფილმში, ძალიან კარგად გამოიყურება -თქო (მაშინ სიტყვა სიმპათიური ან არ ვიცოდი, ან ვერ გავიხსენე ბავშვური აღელვებისაგან).
- ძალიან კარგიო, წაგვიყავანეთ თეატრში, სიამოვნებით ვნახავთო. 
მამამ მეორე დღესვე აიღო ბილეთები. სამწუხაროდ, რომელ სპექტაკლზე, არ მახსოვს.
სამი დღის მერე გამოვიპრანჭეთ და ხუთივე ანუ დედა, მამა, მე და ორივე სტუმარი რუსთაველის თეატრისკენ გავეშურეთ. მაშინ რვაზე იწყებოდა სპექტაკლები, რვის ნახევარზე იქ ვიყავით უკვე. მთელი გზა ყურები გამოვუჭდე სტუმრებს, რა ლამაზი იყო ჩვენი თეატრი.
მივედით და...სრულიად ჩაბნელებული თეატრი დაგვხვდა, სათეატროდ გამოწყობილი ხალხიც მრავლად იყო მოსული. არადა, გაოცებულ ვიყურებოდი, სპექტაკლის წინ ხომ მუდამ გაჩახჩახებული იყო თეატრი და ვერ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა. არც არავინ იცოდა, ყველა ველოდით შუქის ანთებას და ცენტრალური კარის გაღებას.
ცოტა ხნის მერე კი ერთი მამაკაცი გამოვიდა, მაყურებელი მოგვიხმო და...
ბოდიში მოგვიხადა, შეგიძლიათ ბილეთები დააბრუნოთ, სპექტაკლი ვერ გაიმართება, დღეს ბატონი სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალაო...მახსოვს ხალხის თვალები, ხელების შლა, ერთმანეთს უსამძიმრებდნენ თბილისელები...
ეს იყო 1971 წლის 13 აპრილი...
მაშინ ხომ არც ინტერნეტი იყო, არც მობილური და არც ელვისებურად აცხადებდნენ ტელევიზიით (ერთი კინკილა ტელევიზია გვქონდა).
საოცარი ის იყო, რომ ბილეთი არავის დაუბრუნებია, კარგა ხნის მერე ყველა ფეხაკრეფით დაიშალა, უფროსი ქალები აცრემლებული გაეცალნენ იქაურობას...
*
მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ როდესაც მანქანით ღამის საათებში რუსთაველზე გავლა მიწევს და ჩაბნელებულ თეატრს ვხედავ, მაშინვე ის თბილისური საღამო მახსენდება...აცხონოს ღმერთმა ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა -- სერგო ზაქარიძე!
დიდი გულის არტისტს , გულმა უღალატა, თურმე. ალბათ, რამდენ რამეს იტევდა...
წავიდა, ჩუმად გაშორდა ქალაქს...

Комментариев нет:

Отправить комментарий