ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით მე და ბატონი ბორისი. რედაქციაშიც მსტუმრობდა ხოლმე, მე და ჩემი მეუღლეც ხშირად მივდიოდით ვაკეში, მის სახლში. ისეთი მიწკრიალებული ჰქონდა ოჯახი, თვალი ზედ დაგრჩებოდა ადამიანს. მისეული როხროხით უყვარდა საუბარი. გამორჩეული მსახიობი იყო ბორის წიფურია, შესანიშნავი თამადა და საუცხოო მოსაუბრე. მშვენიერი საღამოები გაგვიტარებია წვეულებებზე... სამწუხაროდ, თითქმის აღარ იხსენებენ ბატონ ბორისს. მე კი მახსოვს, ღმერთმა გაანათლოს... დაუფარავად ყვებოდა ხოლმე თავის იტორიებს.
ჰოდა, ახლაც მოვუსმინოთ:
ჩულქები - ჩქარა!
...ერთხელ, მანქანა გავყიდე და ახლის შეძენა ვერ მოვასწარი, რადგან დამირეკეს და სასწრაფოდ კიევის კინოსტუდიაში დამიბარეს. რა ვქნა, აღარ ვიცი, სად შევინახო 60 ათასი? რა ადგილი არ ვეძებე სახლში, ხან ფქვილი დავაყარე, ხან - რა...
მოკლედ, ასეთ დარდში რომ ვიყავი, აივანზე გავედი სულის მოსაბრუნებლად. ვხედავ, წინა კორპუსში, კედელზე, ჩულქში ჩაყრილი ხახვი კიდია. ბიჭოს, მეც დამიჯდა ჭკუაში. მოვედი ნელ-ნელა გუნებაზე, ქურდი როგორ იფიქრებს, ხახვში ამოდენა ფული რომ მაქვს - მეთქი.
არადა, ღამის პირველი საათია, ვფიქრობ, სად ვიშვოვო ჩულქი? ჩემს მეზობელს, ლადო კანდელაკს დავურეკე:
-- შენი ცოლის ჩულქებს ვერ მომცემ - მეთქი?
-- ჩემი ცოლის ჩულქები რად გინდაო? - გადაირია კაცი.
ხომ ვერ ვეტყოდი სიმართელს, ონკანი ჟონავს, ხვალ მივფრინავ და დროებით უნდა დავახვიო - თქო. მოვატყუე ეს წესიერი კაცი.
ერთი სიტყვით, ხახვის ფენებს შორის საგულდაგულოდ ჩავაწყე ფული, აივანზე დავკიდე და მშვიდად გავფრინდი თბილისიდან.
ორი დრის მერე დედაჩემს დავურეკე. მეუბნება, ისეთი ქარიშხლია თბილისში, სახურავებს ხდის სახლებსო, აივნებიდან ვედროები და ტაშტები მოფრინავსო...გული ლამის გამისკდა. თან ცუდად ისმის, გავყვირი განწირული ხმით:
-- როგორმე მოახერხე, წადი ჩემს სახლში და ნახე, ხახვიანი ჩულქები თუ კიდია აივანზე - მეთქი?
საწყალი დედაჩემი, იმან გადამარჩინა... რომ წარმოვიდგენ რა ზარალს ვნახავდი...
ზოგჯერ მეცინება ხოლმე ამ ამბის გახსენებაზე და გულში ვამბობ: ჩულქები, ჩულქებმა, ჩულქებში...
Комментариев нет:
Отправить комментарий