დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვგრძნობდი, არ შემეძლო ხმის ამოღება, ერთი სიტყვის
დაწერაც კი. თითქოს გავიდა დრო და მაინც ძალიან მიჭირს, ყველასგან გამორჩეულ ქართველზე
საუბარი. უბრალოდ, არ ვიცი, გოდერძი ჩოხელი რამდენიმე სტრიქონში როგორ, რანაირად ჩავატიო?
რაც წლები მომემატა, ადამიანების
არ ყოფნის ტკივილი სულ უფრო მახსენებს თავს, განსაკუთრებით იმათი, პირადად რომ ვიცნობდი.
ვიხსენებ და ვსევდიანობ. ერთ რამეშიც თავადვე
დავრწმუნდი, ტყუილი ყოფილა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, რომ მეუბნებოდნენ, პირიქით,
დრო უფრო აძლიერებს ნახვის სურვილს და ძალზე რთულია ამ სურვილებთან გამკლავება,
მე ეს უკვე კარგად ვიცი.
დაკრძალვებზე მისვლა მეტისმეტად მტანჯავს, რა დასამალია და მეშინია კიდეც, მათი დანახვის მეშინია...
მირჩევნია, მხოლოდ პანაშვიდზე
გამოვჩნდე მოკრძალებით, დავდგები ხოლმე ეზოში ან
მივიყუჟები სადარბაზოსთან საკუთარ ფიქრებში
ჩაფლული და ვესუბრები მას, ვისთანაც მივედი.
რამდენჯერ ყვავილები ახლობლისთვის გამიტანებია, მანქანიდან ფეხი ვერ გადმომიდგამს,
ზოგჯერ ჭირისუფალს არც კი გაუგია ჩემი მისვლა,
მაგრამ მე ხომ ვიცი? დიდი ტრაგედიაა ჩემთვის დაკრძალვა- პანაშვიდი, მზარავს, არავინ
მინდა წავიდეს, არავინ...
ყველას ცოცხლად აღვიქვამ
მაინც, ცოცხლები არიან ჩემთვის, ისეთები, როგორებიც მახსოვან, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
ჰო, ვერ ვხედავ, მაგრამ ველოდები. ასეა გოდერძი ჩოხელიც.
რისი ძალაც მეყოფა, გავიხსენებ:
**
სიხარულით მახსენდება ერთ ძალზე მნიშვნელოვანი
მიპატიჟება და მეამაყება, რომ ფილმი "სამოთხის გვრიტები" ქართველი ჟურნალისტებიდან
პირველმა მე ვნახე.
დაბრუნდა თუ არა გოდერძი
კინოფესტივალიდან თბილისში, იმ საღამოსვე დამირეკა გივი ბერიკაშვილმა და დიღომში, კინოსტუდიაში
მთხოვა მისვლა. ჩემი მეუღლე ბესო წავიყვანე
და შესანიშნავი ფოტოხელოვანი ზურაბ დათუაშვილი. მეორე სართულზე, პატარა დარბაზში
მიმიპატიჟა გოდერძიმ, მაგრამ ვიდრე ფილმს ვნახავდი, ნეტავ გენახათ კახი კავსაძის ბოლთის
ცემა, გივი ბერიკაშვილი აწყნარებდა, მაგრამ ბატონი კახის ემოციებს ვინ მოერეოდა? დარდობდა,
მგონი ერთი "სირბილი" მეტი გადავიღეთო. 12 დღეში გადაღებული ფილმის ამბები
იქ გავიგე, კინოფესტივალის ჯილდოს შესახებაც და მხვდა პატივი, ოციოდე სტუმართან ერთად
მენახა ეს შესანიშნავი ფილმი და "სამოთხის გვრიტების" დამსახურებული ჯილდო,
გრან-პრიც, ბატონი გოდერძის მერე , რასაკვირველია, ხელში ამეღო.
ღმერთო, რა ბედნიერი იყო გოდერძი, თითქმის არ ლაპარაკობდა, თავდახრილი ისმენდა
ქებას, გახარებული თვალებით გვიმზერდა, გარს ეხვეოდნენ, ულოცვადნენ...
ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარი,
მაშინ.
გადაღებების შესახებ კი
კახი მისებრი ოსტატობით გვიყვებოდა და ეს მართლა საოცრება იყო. გივი ბერიკა (მოგეხსენებათ,
ფილმში მთავარ როლებს, განუყრელი მეგობრები, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობენ ), მართალია უფულობა-
უბილეთობის მიზეზით ვერ დაესწრო კინოფესტივალს
და ამის გამო გულდაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მაინც ბედნიერი და ამაყი დაფუსფუსებდა
მეგობრებთან ერთად. დიდი მადლობა მას, რომ დამპატიჟა მხოლოდ მე და პირველს მაჩვენეს
ეს მშვენიერი ფილმი. იმ დღეს გადაღებული რამდენიმე ფოტო შემომრჩა, ძალიან ვუფრთხილდები,
ძალიან.
გოდერძის ერთი ფოტო მაქვს, საკონცერტო დარბაზში გადავუღე, მეც ვარ,
მამა-შვილი ბერიკაშვილი და გოდერძი, რატომღაც თვალები აქვს დახუჭული. რასაკვირველია,
არ მომეწონა, ფოტოწამის შეცდომად ჩავთვალე. ახლა რომ ვაკვირდები, მაშინვე ემჩნეოდა
სახეზე რაღაც ჩვენთვის ამოუცნობი, სამწუხაროდ,
ვერ მივუხვდით. როგორ არა, კი მივუხვდით, მაგრამ
ხელი ვერ შევუწყეთ.
მოგონებებს ისევ გავაგრძელებ, ოღონდ,მერე, როცა
შევძლებ. ახლა , ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მინდა განსაკუთრებით გავიხსენო:
***
ფილმის დამონტაჟებაზე
მუშაობდა გოდერძი, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. მეც ახალი ამბების გასაგებად ვესტუმრე.
ასეთი შეხვედრები, ცხოვრების დიდი გაკვეთილებია და არა თუ გაცდენა,
დაგვიანებაც არ შეიძლება. ამიტომ, დათქმულ
დროზე ცოტა ადრეც კი მივედი, ბატონი გივი ბერიკაშვილიც იქ დამხვდა.
ისევ ვისაუბრეთ მთაზე
და ბარზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ღმერთზე, დედაზე...საოცრად თბილი საღამო იყო, თვითონაც
დაისვენა გოდერძიმ ცოტა ხნით და სამივემ ჩაი
დავლიეთ. გივი ბერიკაც (დიდი ხნის წინ მომცა უფლება, ასე მოვიხსენო) გვერთვებოდა საუბარში
და ძალიან ბედნიერი ვიყავი ორივესთან ყოფნით.
წამოსვლისას კი, რაღაც
დავპირდი გოდერძის და სიტყვაც მივეცი, რომ აუცილებლად შევასრულებდი, ბერიკაც არის იმ
სიტყვის მოწმე, მაგრამ სამწუხაროდ, გადადებული საქმის ამბავი ყველამ ვიცით, მერე კი ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა, სხვაგვარად! არ
მეგონა, არა! ვერც წარმოვიდგენდი, ასეთ დასასრულს, იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა:
- როცა მთაში ვარ,
ღმერთთან ისე ახლოს მივდივარ ხოლმე, რაც უფრო მაღლა მივიწევ, იქვეა, ხელის გაწვდენაზეო...
შურიანი არ ვარ, მაგრამ
უნდა ვაღიარო, ისე მიამბობდა უფალზე , ნეტავ გენახათ მისი თვალები ან მოგესმინათ მისი
ხმის ტემბრი, ნამდვილი საოცრება იყო. სუნთქვა შემეკრა, შემშურდასავით... მეც მომინდა
იმ "ხელის გაწვდენაზე"...
სამწუხაროდ, ჩემდა უნებურად
და კიდევ ერთი პიროვნების მიზეზით, გამოვიდა
ისე, რომ მიცემული სიტყვა გავტეხე. დღემდე ძალიან განვიცდი, მაპატიოს მისმა სულმა,
ერთი პატარა, მაგრამ გოდერძი ჩოხელისთვის მეტად მნიშვნელოვანი თხოვნა რომ ვერ შევუსრულე!
გოდერძი ისედაც არავის
არაფერს თხოვდა, მე კი...
მაპატიე, გოდერძი!
***
მერამდენე აღდგომაა გოდერძის
გარეშე? არც მინდა დავითვალო...
23 აპრილი.2013 წწ.
Комментариев нет:
Отправить комментарий