четверг, 6 июня 2013 г.

რობერტ ბარძიმაშვილის "რობი"

არის რაღაც მისტიური ამ ამბავში, არ ვიცი რა დავარქვა ჩემს  მოგონებას, რომელმაც არაერთხელ დამაფიქრა...

რობერტ ბარძიმაშვილი, პლეხანოვზე, ძველ ფილარმონიაში  გავიცანი 35 წლის წინ. მხოლოდ ეკრანიდან მყავდა ნანახი, ახლა რომ ვარსკვლავს ეძახიან, მაშინ ასე არ იყო, მაგრამ ისეთი ცნობილი იყო, ყველა, მთელი თბილისი ჩერდებოდა მის დანახვაზე. არადა, ასეთი პოპულარობის მიუხედავად, სულაც არ იყო ამპარტავანი, თბილი, გულიანი,  მუდამ მოფუსფუსე დამამხსოვრდა, ერთი წამით ვერავინ ნახავდა გაჩერებულს.
მერე კი, ჩემმა ორივე პროფესიამ ახლოს გამაცნო რობერტი, მაგრამ მე ის სევდიანიც მინახავს, ჩაფიქრებულიც, მტკივნეულად რომ მიამბობდა თავის განცდებზე.
განსაკუთრებით კრწანისის პაწია სახლია უყვარდა, შევარდნაძის მეზობელი გახლდათ. ერთხელ კი... შევარდნაძეზე ვკითხე, მარილის სათხოვნელად არ მოსულა- მეთქი? ბევრი ვიცინეთ.
ძალიან მაინტერესებდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, მაშინ ვინ მიგიშვებდა?
ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რობერტი რომ არა, ვერაფერს გავახერხებდი. 
თავისი მანქანით შემაპარა  დაცვის გავლით, უკან გახლიდთ გაწოლილი, მერე, მისი სახლის მანსარდის მთლად "კენწეროზე"მოვექეცი, მფოფხავ მდგომარეობაში, დიდი აკრობატული "გამოსვლა" ჩავატარე და შევარდნაძის რეზიდენციისა და ეზოს რამდენიმე კადრი გადავიღე , როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად (ისეთი დრო იყოოო?..).თურმე , ზემოთ, მთაზე, სათვალთალოც ყოფილა დიდი აღჭურვილობით, ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდნენ, სნაიპერიც ყავდათ, როგორც მერე გავიგე, მაგრამ მაინც გავეპარე და ვერაფერიც ვერ გაიგეს.
ალბათ, დაბეჭდილი ფოტოების მერე ტყავი გააძრეს ვინმეს, არ ვიცი, მე  კი მუდამ  გამორჩეულად მახსენდება ეს ამბავი... საერთოდ, ვინც პირადად იცნობდა რობერტს, აუცილებლად დაინახავდა მომღერლის შეფარულ სევდას, მას ბევრი რამ  აფიქრებდა, გულს ტკენდა, მაგრამ მაინც ქმნიდა და მღეროდა...თბილისი ხომ გამორჩეულად უყვარდა, ნამდვილი სახალხო არტისტი იყო...
გასახსენებელი ბევრია, რობერტ ბარძიმაშვილი და მისი შემოქმედება  ამის ღირსი ნამდვილად არის. უფრო მეტად  უნდა მოფერებოდნენ ასეთ ადამიანს და ეგება ასე ადრე არ წავიდოდა ჩვენგან...მაგრამ
ახლა სხვა რამის თქმა მინდა, ალბათ, უფრო  დაუჯერებელის, მისტიკურის.
ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ვაკეში, მის სახლში  თვალი მოვკარი უცხო ყვავილს, მიხვდა რომ მომეწონა. უნგრეთიდან წამოვიღეთო, მითხრა. მეუღლეს დაუძახა და წყალში დაფესვიანებული მაჩუქეს. მეც გახარებულმა მივიღე საჩუქარი.მეორე დღესვე ქოთანი შევიძინე და დავაბინავე ჩემი სახლის ახალი მწვანე ბინადარი.
სახელიც დავარქვი, რობის ვეძახი (ყველა ყვავილს სახელებს ვარქმევ, ზოგი გოგოა, ზოგი ბიჭი). გაიზარდა რობი და რა გაიზარდა, ისე დამშვენდა , მის სანახავდ მოდიოდნენ. მერე კი...
მერე რობიმაც მოიწყინა და საქართველომაც!
რამდენჯერმე, ვთხოვე კიდეც:
 -ბატონო რობერტ, ინფარქტი გადაიტანეთ, მაინც სვამთ, ეწევით, ახლა ამდენი ყავა - მეთქი? მართლა გულწრფელად ვთხოვე თავი დანებებინა.
- ვერა,მაიკო, ვერაოოო... გაეცინა. ეს, მის გარდაცვალებმადე ორიოდე თვით ადრე ვუთხარი, სწორედ მაშინ ვნახე ბოლოს. მანქანაში კონიაკის ბოთლი ედო( ალბათ, მართლა ძნელია შეჩვეულს გადაეჩვიო, მითუმეტეს თუ მოგწონს და თავს კარგად გრძნობ)...
ერთ დღესაც, სახლში ყვავილების  ჩამოვურბინე, , ხშირად ვუწმენდ ხოლმ ფოთლებს, "რობი" უკვე იმხელა იყო, სკამზე შემდგარმა დავიწყე მისი  გაწმენდა და... მოულოდნელად ნახვარ სიმაღლეზე თავისით  გადატყდა. ძალინ განვიცადე,იმდენ ხანს ვზრდიდი, მაშინვე ცოტა გავადჭერი და წყლიან ჭურჭელში მოვათავსე.
ზუსტად სამი დღის მერე კი ბატონი რობერტი გარდაიცვალა...მე მგონი, იგრძნო...
მე და ჩემი მეუღლე დაკრძალვაზე, რასაკვირევლია,  წავედით, მაგრამ  არ შევსულვარ, ვერ შევძელი... ყველა , ვისაც ვიცნობდი, მენტარება და მენანება...ეეჰ, მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე , ვერა და ვერა...
"რობი"ახლა 17-18 წლისაა.
საოცრებაა პირდაპირ, როგორც კი ახლოვდება  რობერტის გარდაცვალების თარიღი, მოიწყენს, სიყვითლეც უცებ შეეპარება ხოლმე, ჭკნებასავით. ისევ ვიწყები მის "რეანიმაციას", ახალი მიწა, გადაჭრა, დაფესვიანება, მზე და ა.შ.რაც ყვავილს ესაჭიროება, თან ველაპარაკები- რობერტს არ მოეწონებოდა შენი საქციელი მეთქი.
ბოლოს, შარშან მოიწყინა,  ისევ გამოვაცოცხლე, ახლა ორ ქოთანში მყავს და ერთ პატარა ტოტსც ვაფესიანებ, ვნახოთ, რას იზამს.
"რობიც " უკვე თბილისელია ბატონი რობერტივით, ორივე ქართულ მიწაშია, ერთი "იქ", მეორე - აქ,ზევით...

* * *
ბატონო რობერტ,თქვენს ნაჩუქარ ყვავილს მთელი გულით ვუფრთხილდები...ოდესმე შეგხვდებით და ყველაფერს გიამბობთ...





15 მაისი, 2013 წ,  მაიკო კახიძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий