ბატონი გივი ბერიკაშვილი ვის არ უყვარს, მაგრამ მე მგონია (ალბათ, სხვასაც), რომ უფრო გამორჩეული მეგობრობა გვაქვს. ბერიკა 40 წლის წინ მამამ გამაცნო, სკოლის მოსწავლე გახლდით და მერე კი პროფესიებმაც ძალიან დაგვაახლოვა.
მთელი გულით მიყვარს, ჩვენი შეხვედრები მუდამ დიდი სიხარულის მომგვრელია. აი, ჩემს მეუღლეს - ბესოს კი "ფინთ" ნათესავს ეძახის, ხუმრობით, რასაკვირველია.
მთელი მისი ცხოვრებაა დასაწერი, მაგრამ ამჯერად, რამდენიმე ეპიზოდზე შევჩრდები. ზოგს მე გიამბობთ, ზოგს - ბატონი გივი.
ეს ამბავი რამედენიმე წლის წინ შეემთხვა გივი ბერიკაშვილს. სევდიან - კრიმინალურს უფრო დავარქმევდი.
31 აგვისტოს დილა გათენდა და დილის 9 საათზე გადაწყვიტა თბილისში საქმეებზე დაბრუნება. მიუჯდა საჭეს სოფელ წვერში, სადაც მისი აგარაკია და არხეინად გამოემგზავრა დედაქალაქისკენ, მაგრამ...
სოფელ პანტიანთან ოთხი შეიარაღებული ნიღბოსანი გადაუდგა. გივის მეზობლებიც მოჰყავდა თბილისში. მისი მანქანის გარდა, ათამდე მანქანას იგივე დამართეს და მანქანაში მსხდომნი "აიყვანეს". შემდეგ კი ისეთ მოფარებულ ადგილას დასხეს, რომ კაციშვილი ვერ მოკრავდა თვალს.
იმ ოხერტიალებმა მანქანებიდან ბენზინი ამოიღეს, საბურავები დაუხვრიტეს, მთავარი სადენები ამოაცალეს...
აგარაკიდან დაბრუნებულ ხალხს, რაც ჰქონდა, ყველაფერი წაართვეს, ვისაც რა ებადა.
გივის მხოლოდ მობილური ჩამოართვეს და მხოლოდ მის მანქანას არ დაუხვრიტეს საბურავები. ერთი 75 წლის კაცი დაჭრეს კიდეც.
დატუსაღებულებს არაფერი ებადათ დაჭრილისთვის, წამალი მათ არ ჰქონდათ და ექიმს ვინ გამოაძახებინებდა? თამბაქო დააყარეს ჭრილობაზე, ვიღაცას ბინტი აღმოაჩნდა და შეუხვიეს კიდეც...
ყველა რომ გაკოჭეს იმ უღმერთოებმა, არ მიადგნენ ბატონ გივის? გივიმ უთხრა:
- ეჰ, შვილებო, არტისტები ყაჩაღებსაც უყვართო...
- ჩვენც ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი პროფესია ეს არის და არ გეწყინოთ, მსუბუქად შეგიკრავთ ხელებს, სხვა გზა არ გვაქვსო - უპასუხეს თავდამსხმელებმა.
თან მთელი ათი საათის განმავლობაში გამუდმებით ეხუმრებოდნენ თურმე "ღვინის ქურდო", "ჩემს სიმამრს ძალიან უყვარხრთო", "დათა თუთაშხია რომ იყოს აქ, ხომ დაგიხსნიდათო" - ხანაც ტიგრანას ეძახდნენ...
იმავე ღამეს, გვიან ვსაუბრე ბერიკას და მითხრა:
- გაოცებული ვიყავი მათი შემხედვარე, კიდევ კარგი ტელევიზორს მაინც რომ უყურებენ ყაჩაღები, კინო - თეატრს ვინ ჩივისო...
გული იმაზე მწყდება და ის მასევდიანებს, ოთხივე ქართველი რომ იყო.
ერთს ზემო იმერული აქცენტი ჰქონდა, მეორეს კი ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები, მესამეს... ეეჰო, ხელი ჩაიქნია...
არადა, ბატონ გივის ინფარქტიც აქვს გადატანილი, მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩა. სხვა დატუსაღებულებიც გადარჩნენ. ყაჩაღებმა თავისი მზაკვრული გეგმა განახორციელეს თუ არა, მოაგროვეს ნაყაჩაღარი და მერე უმისამართოდ "გაქრნენ".
ის დაჭრილი, ბერიკამ საავადმყოფოში გააქნა (მისი მანქანის საბურავები ხომ არ იყო დახვრეტილი), ოპერაცია გაუკეთეს და გადაარჩინეს ექიმებმა.
ძნელია, დაივიწყო ასეთი საშინელება, უფრო სწორედ "საშინელებათა ფილმი", სადაც ერთ-ერთი როლი საკუთარი ნება - სურვილის გარეშე "ათამაშეს" სახალხო არტისტს - გივი ბერიკაშვილს...
მოგვიანებით ისიც გავიგე, სწორედ იმ პერიოდში, ძლივს რომ დაანება სიგარეტს თავი და აღარ ეწეოდა, ამ შემთხვევის მერე ისევ დაიწყო მოწევა...
ვირისთავები
გივი საბურთალოზე ცხოვრობს. რამოდენიმე კორპუსს შუა უზარმაზარი ეზოა. ჰოდა, საკუთარი კორპუსის წინ კარგა ხანს ედგა ავტომაქანა "07". თითქმის ფუტლიარი იყო და მაინც მოჰპარეს:
- ვაჰ, კაცოო, არც "ტრამლიორი" ჰქონდა, არც - სტარტერი და აკუმლატორი და რა ჯანდაბად უნდოდათო,- ხელებს შლიდა გაოცებისგან ბატონი გივი.
გავიდა ხანი და ვკითხე, ხომ არაფერი ამბავი გაგიგიათ თქვენი მანქანის - მეთქი?
- ალბათ, ტომარაში ჩადეს და ზურგზე მაიკიდეს, თორემ სხვანაირად როგოr წაიღეს მაგ ვირისთავებმაო...
ვუთხარი: მე ისიც მაოცებს, იმოდენა ეზოში ისე როგორ მოიპარეს, რომ არავინ არაფერი დაინახა - მეთქი?
- რა ვიციო... მხრები აიჩეჩა.
მეც ჩემებურად და ჩემი ჭკუით ვეცადე დამემშვიდებინა ბერიკა (მისგან მაქვს ნება მიღებული ასე მივმართო):
- ალბათ, არ იცოდენენ თქვენი რომ იყო და იმიტომ წაიღეს - მეთქი.
- ეტყობა, ძაან უჭირდათ. ეგრე თუ იყო საქმე, მოსულიყვნენ და ვაჩუქებდიო...
გულიც, პროფესიასავით გამორჩეული აქვს ბერიკას...
გურამ ჯაშის "შტუკები"
ეს ჩემი საყვარელი და უფროსი მეგობარი გივი ბერიკაშვილი ხაშურში დაპატიჟეს, მის პატივსაცემად საღამო უნდა გაემართათ. გივი დათნხმდა მასპინძლებს და რამდენიმე მსახიობის წაყვანა გადწყვიტა.
კარგ ადგილას წაგიყვანთო. უთხრა თუ არა, უარს როგორ ეტყოდნენ ახლაგზარდები?
ერთ- ერთი მათგანი გურამ ჯაში იყო. მეტი რა უნდოდათ ბიჭებს და დათქმულ დღეს ორ მანქანაში განაწილდნენ და დაიძრნენ თბილისიდან, მაგრამ მანამდე გივის დაურეკეს:
- რომელი ხართ?- იკითხა გივიმ.
- ხაშურიდან ვრეკავთ, - გაისმა ყურმილში და კავშირი გაწყდა.
ცოტა ხნით კი შეყოვნდა გივი, მაგრამ ზარი აღარ განმეორებულა.
- ალბათ, ჩვენი გასვლა აინტერესებდათო, გივიმ. არაუშავრა, კიდე დარეკამენო. აბა, დავიქოქენით, ბიჭებოო და დაადგნენ გზას.
გივის მანქანა ახლაგზარდებს წინ მიუძღვის. მეორე მანქანაშია გურამ ჯაში და უკან მიჰყვებიან გივის მანქანას. უცებ ბიჭებს უთხრა ჯაშმა:
- ცოტა გავერთოთო, - ის შეწყვეტილი ზარი გაახსენდა.
"გადაფარულად " აკრიბა გივის ნომერი, ხმა შეიცვალა, თითქოს ცხრა მთის იქიდან რეკავს და ხმაც იმიტომ წყდება:
- ალო, გივი, ხაშ... - და გათიშა ტელეფონი.
- გივი ვარ, გივი! - ჩაჰყვირის ტელეფონში გივი. ისევ გაითიშა.
ამასობაში გორის გადასახვევს მიადგნენ და ისევ ურეკავს ჯაში:
- ალო, გივი...
- გივი ვარ, გივი!..
წინა მანქანაში აწრიალდა ხალხი, ესენი კიდე სიცილით იხოცებიან.
ცოტა ხანში ბოლო ზარი გაუშვა გურამ ჯაშმა:
- ალ, გივი...ხაშუ...გადა... გადა...
ბერიკას მანქანა სავალი გზიდან გადავიდა, გაჩერდა და ამათაც ანიშნეს, მანქანა გააჩერეთო.
გაიგონეს კიდეც გივის ყვირილი:
- ეხლა მეუბნებით, ამასო?!
გადავიდა გურამი მანქანიდან, ძლივს იკავებს სიცილს და სერიოზული სახის მიღებას
ცდილობს.
- რა მოხდა, ზახარიჩ? - ეკითხება გივის გურამი.
- ბიჯოო, ლამის ჩავედი და ეხლა მეუბნებიან გადაიდოო! წავედით უკანო...
- ბარემ მოსულები ვართ, რაღა დარჩა და მივიდეთ კაცურად და გავიგოთ, რა მოხდაო - ჯაში ეუბნება. ბიჭები სიცილისაგნ მანქანაში ჩაწვნენ.
ძლივს დაითანხმეს გივი და მიაღწიეს ხაშურამდე.
რას ხედავს გივი, გამოფენილა მთელი ხაშური გარეთ და ელოდებიან თაიგულებით, ტაშით და შეძახილებით. სულ შენი ჭირიმე , შენ გენაცვალეს ძახილით დახვდენენ.
გაოგნებული ბერიკა ეკითხება დამპატიჟებელს:
- კაცო, აკი გადაიდოო?
- რა გადაიდო ბატონო გივი, მთელი ხაშური ფეხზე დგას, ხომ მშვიდობით იმგზავრეთო?
აი, აქ კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და გაბრაზებულმა დასჭექა:
- სად არის ჯაშიო?
გურამი და დანარჩენები, ანუ მეორე მენქანის "ეკიპაჟი" უცებ "გაქრა", ვინ სად იმალებოდა, ძნელი სათქმელია.
სანამ გაბრაზებამ არ გადაურა, არც გამოჩენილან. როგორ დაენახვებოდნენ?!
მშვენიერი საღამო გაიმართა ხაშურში. გურამ ჯაშმა გამოსვლა რომ დაამთავრა და მაყურებელი ტაშს უკრავდა , გივი სცენაზე გავიდა და მიმართა მაყურებელს:
- აი, ამას ტაშს რომ უკრავთ, ისეთი "შტუკა" გამიკეთა, კინაღამ ჩამიშალა თქვენთან შეხვედრაო და მოუყვა გურამის ოინების შესახებ.
ბევრი იცინეს...
გივი, ჯუმბერი და "კამაზი"
... კონცერტი მქონდა მცხეთაში. ადრე დავამთავრეთ, ჯერ შეღამებული არ იყო. თბილისისკენ მივიჩქარი, რადგან უმანქანოდ ვიყავი. მასპინძლებს ვერც გავუმხილე, მომერიდა და ჩემს გზას დავადექი.
ავტობუსში კარგა ხანია არ ვმჯდარვარ და ხალხში გავერევი-მეთქი - გავიფიქრე (მაშინ არ ვსვამდი და იმიტომაც არ დავრჩი მცხეთაში).
ავედი ავტობუსში, შემომხედეს და აფხუკუნდნენ, გაკვირვებულები შემომაცქერდნენ. ის იყო მგზავრებს უნდა მოვსიყავრულებოდი ჩემებურად, რომ ვიღაც ძალიან მსუქანი, შკაფივით კაცი ამოვიდა. მიიხედ-მოიხედა და ჩემს გვერდით დაეხეთქა ქშენით.
- ვაა, გაუმარჯოს! - დამკრა ბანჯგვლიანი ტორი მხარზე.
- გაგიმარჯოს...
- როგორა ხარ, ა?- ისევ ჩამკრა მხარში.
- ვარ, რა, ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე. ვფიქრობ, ვინ არის, ნამდვილად არ ვიცნობ.
- როგორი იყო ღორი მწვადები, ჰა?!
- ძაან მაგარი - მეთქი - ავყევი. მგზავრები სულგანაბული გვისმენენ.
- როგო იყო, ბებიაჩემს რომ ეუბნებოდი, პაპაჩემისთის რძლად უნდა წაგიყვანოო -იღრიჭება ყურებამდე. გახსოომს?
რაღა ვქნა, რა უნდა...
- შენა ჯო, ფინთი სიმთვრალე იცი. ისევ " კამაზზე" ზიხარ?
- არა, ეხლა ყარაულად ვმუშაობ - მეთქი.
- როგორა, "კამაზი" მიატოვე, კაცოო?
- მივატოვე, მერე, რა?- იხტიბარს არ ვიტეხ.
- შე შობელძაღლო, მერე ვერ მითხარი? - როგო მინდოდა ეგ კამაზი - არ მეშვება ცოცხალი თავით.
- მე რა ვიცოდი თუ გინდოდა?- თანდათან შევდივარ როლში.
- შენა, იგეთი აფერისტი ხარ! რო ჩახეთქე იმოდენა რამე ჩვენთანა, ეგრე უნდა? სწორედაც ჩემთვინ უნდა მოგეცა მაშინა. არა ხარ კარგი კაცი, ჯუმბერავ! დამტოვე არა "უკამაზოდ"- არ დაადგა მის დაშოშმინებას საშველი.
ამ ბდღვინვა-ბდღვინვაში დიღომშიც შემოვედით და როგორც იქნა მეშველა და ჩავიდა იმოდენა თავის ქნევით...
დარწმუნებული ვარ, ჯუმბერას აღარასოდეს გასცემს ხმას...