მაიკუ - მინიატურა

იაპონელებს აქვთ "ჰაიკუ", ჩვენ გვაქვს "მაიკუ"

1


დღე იყო მშვიდი 
და
შემოდგომა მკოცნიდა,
როგორ.

2


იმ ბედნიერ
აგვისტოს ხვატში, 
ბოშა ქალივით,
გიტარითა და 
ვარდებით თმაში,
ბევრი ვიმღერე
იქ, ზემოთ, ცაში.

3


ფიქრი

ქალაქში დავდივარ
ტაატით, ნელა.
მე ამ ცხოვრებას 
ვერ გავუგე,
ვერა და ვერა.

4



მალე,სულ მალე 
ავფრინდები
გაშლილი
თმებით,
ნახე, თუ არა?
ნახავ, თუ არა!

5



მის დაყუჩებას 
დიდხანს ვლამობდი,
დიდხანს ვწვალობდი,
დიდხანს ვწამლობდი...
ამოისუნთქა გულმა
ხმამაღლა.

6



მე ამ ქალაქში ვეძებ იმ ერთადერთს,
მე ამ ქალაქში ვნახავ იმ ერთადერთს,
მე ეს ქალაქი მაჩუქებს იმ ერთადერთს,
თვალში რომ ამინთო გული...

7



უბრალოდ,
გამახსენდი
შემოდგომის
ჟღალი 
წვიმებით,
სხვა არაფერი.

8



ღამისეული

შენი ფეხის ხმა
გალეულა
ღამის ხმასავით
და
მარტოქალის 
ბედისწერას 
ჩემს მკლავზე
სძინავს.

9


სიზმარი

წუხელ,
ნაშუაღამევს,
სააღდგომო
ბატკანივით
ბალახობდა
მთვარის შუქზე
ჩემი სიზმარი.
ამ სიზმარს წყალს 
არ მოვუყვები,
იქნებ, აცხადდეს.

10



წადი

გახსოვს,
არა მგონია. 
ასე გინდა,
კი ბატონო, 
მაგრამ შემოდგომა,
დაგავიწყდა?
დაგავიწყდა
ის თბილისი,
აღარ გახსოვს?
არც მეფის ცხენი,
არც მტკვრის ბუბუნი
არც გორგასალი,
არც მეტეხი და
არცა ეზო...
მართლა
აღარ გახსოვს, 
სულ არა?!
არ ნანობ,
თვალებში
შემომხედე,
წადი...

11



გზაჯვარედინი

ამ უზარმაზარ
ცხოვრების გზაზე
ჩამიარე,
ჩამიარე
და
დამაყენე 
გზაჯვარედინთან.

12



გული, გული 
ამოაცალეს
თბილისს,
როდის, როდის 
დაბრუნდება
გული...

13



სიცოცხლეს
სიყვარულით
შევეკედლე
და
კედელთან
დიდი ხნით
მყუდროდ
ჩამოვჯექი...

14


მინდა
იცოდე
დაჭრილი
მთვარის 
ამბები, 
ჩემო...

15



არ მინდა გუნება
გავიფუჭო,
თორემ - გეტყოდი.
აიხედე მაღლა,
ხედავ ღალატს,
მე კი გეტრფოდი...

16



წვიმდა და წვიმდა,
ნაწვიმარ გზაზე
დაეცა ჩიტი,
ფეთქავდა როგორ.
წვიმას ასფალტზე
მოერთხა ფეხი...

17



ჰო, შენ გეკითხები 
შენ,
სიყვარულია უფრო
გრძელი თუ
უფრო გრძელია
გზა?
რაღამ შეგაკრთო,
ააა?!

18

უბრალოდ დილით



ყველაზე  შორსაც 
ვიქნები  ახლოს,
თუკი  გიყვარვარ,
გიყვარვარ  თუკი. 
მითხარი  რამე,
რამე   მითხარი,
ნუკი  მაწვალებ,
მაწვალებ  ნუკი.
არა  თუ  კიი?
მე  მგონი, კი.

მე – კი ...


Комментариев нет:

Отправить комментарий