вторник, 26 ноября 2013 г.

სხვა გენო კალანდია

ზუსტად 35 წელია გენო კალანდიას ვიცნობ. მიყვარს და პატივს ვცემ მას, მის ძმებს და მის შემოქმედებას. სოხუმშიც ვყოფილვარ მისი სტუმარი, თავადაც მსტუმრებია თბილისში. მერე კი... მერე საერთოდ თბილისში დასახლდა... სოხუმი სწორედ მან შემაყვარა, მისმა მეგობრობამ და მასპინძლობამ...აფხაზეთი მისი სიყვარული და ტკივილია...



ვერც წარმოიდგენს ვერავინ რა ბიბლიოთეკა ჰქონდა გენოს... მე მწყდება გული და თავად რამდენს გაუძლო? ახლაც ძალიან თბილი, გულიანი მეგობარია განუმეორებელი ღიმილით. ლექსებს კი მუდამ საოცარი ხიბლით კითხულობს ხოლმე... ჩემს მოგონებებში ჩემს უფროს მეგობარს – გენოსაც მინდა მოვუხმო, რომელმაც ადრე გულღიად მიამბო რამდენიმე ეპიზოდი, მე კი დიდი ხალისით ჩავიწერე. გენოს, ქართული პოეზიის და სიტყვის ოსტატს, მართლაც, რომ ყველაფერი უხდება...

"ყოველთვის მინდოდა, ყველაზე კარგი ლექსი ქალისთვის მიმეძღვნა"


...ქალი სიყვარულია, ქალი ბადაგია, მაგრამ ხანდახან საწამლავიც ახლავს ბადაგს. საწამლავის მიუხედავად, ქალს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ადგილი უკავია:
"მე საწამლავის მომეცით ნება,
თქვენ შავი ღვინო მიირთვით თასით..." 

ეს ცხოვრებააა, ამის გარეშე ცხოვრება არაფერია. ყოველთვის მინდოდა ყველაზე კარგი ლექსი ქალისთვის მიმეძღვნა. ახალგაზრდობაში, ესენინის ლექსებს რომ ვკითხულობდი, ვგიჟდებოდი – რა კარგად იცნობს ქალის ბუნებას – მეთქი, შეიძლება, ზოგჯერ ხისტად, მაგრამ ამავე დროს – დიდებულად. სახელი კი მრავალი წლის წინ გამიტყდა – ქალი უყვარს გენოსო. ქალი ყველა ნორმალურ მამაკაცს უნდა უყვარდეს. თუ არა, მაშინ სხვა რამეს დაგწამებენ. ამიტომ მექალთანის სახელი ნამდვილად მირჩევნია. ისეთი სახელი მქონდა, ჩემი თაობის და უფროსი თაობის მწერლები მუდამ ჩემს გვერდით იკრიბებოდნენ – გენოს "ვიღაცები" ეყოლებაო. აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თამჯდომარედ რომ ამირჩიეს, იმხანად ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე ჰენრი კისინჯერი ძალიან პოპულარული იყო. ცხონებული დოდო ალექსიძე, რატომღაც კისინჯერს მეძახდა.
ახალციხეში ქართული თეატრის დღე ჩატარდა. იქ იყო მაშინდელი კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი, სხვა ცნობილი პიროვნებები.
მე ჩემი პიკანტური  ამბის გამო ბანკეტს გამოვაკლდი. იძახის თურმე დიმიტრი ალექსიძე – სად არის კისინჯერიო? - სად ვიქნებოდი, ნათელია, ჩემს სტიქიაში  ვიყავი, მაგრამ იმ სუფრაზე ერთი სახელოვანი მწერალი წამოდგა, თურმე – წამიყვანეთ გენოსთან, ლამაზი ქალები ეყოლებაო...
ცოტა ხანში მართლა მოიყვანეს და... ერთი სიტყვით ბანკეტი ჩემთან "გავაგრძელეთ.."
ერთხელ  ბუხრის მილიდანაც შემოვაძვრინე ქალი ბაკურიანში, კარიდან არ შეიძლებოდა და იმიტომ... ამ ყველაფერს რომატიკოსის თვალით უნდა შეხედო, სილამაზე და სიკეთე უნდა დაინახო ამაში. კოტე მარჯანიშვილს ძალიან უყვარდა ქალები. საქართველოდან რომ გააგდეს, მოსკოვში გააგრძელა მოღვაწეობა. რეპეტიციის მერე სიძესთან, სერგო ჭელიძესთან ერთად გორკის პროსპექტზე მიდის. ამ დროს ორმა შვენიერმა მანდილოსანმა ჩაიარა. სერგომ მორიდებით უთხრა, როგორ მოხდა, რომ ყურადღება არ მიაქციეო? გახედა უკვე წინ წასულ სილამაზეს
კოტე მარჯანიშვილმა და თქვა: – ეჰ, რაკი ლამაზი ქალი ვერ შევნიშნე, ეტყობა მალე მოვკვდებიო... სამ თვეში გარდაიცვალა.
აი, მეც ამ ცხოვრებით ვცხოვრობ: ვხედავ, ვამჩნევ, გულისცემაც მიხშირდება, ზოგჯერ მეტისმეტადაც მიფართხალებს...
... სოხუმში ძალიან ცნობილი მსახიობი ქალი ჩამოვიდა, 70 წლის იყო. ლამაზი წუთის სადღეგრძელო მომივიდა აზრად. მისმინა, მისმინა
და მითხრა: – გენო, ჩემთან გადმოდი ალავერდიო. გულში გავიფიქრე – ამ ქალს კიდევ სდომებია ლამაზი წუთები – მეთქი. გული არ ბერდება, არა! ისე, ვერ დავემდურები ცხოვრებას ამ მხრივ...

გენო კალანდიას "საიდუმლო"

                           
წინათ  მწერალთა კავშირს სხვადასხვა ადგილებში ჰქონდა დასავენებელი სახლები. ერთხელ პერედელკინოს საგზური მომცეს  და გავემგზავრე
შემოქმედებით მივლინებაში. თან ნეტარ ფიქრებში ვარ: ჩავალ, გავიცნობ ახალგაზრდა პოეტ ქალებს – მეთქი... პერედელკინოში მიშა ქვლივიძე დამხვდა. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ რად გინდა?! ისეთი ასაკოვანი კონტიგენტია, " გვიან შემოდგომას" რომ დაარქმევს კაცი. არადა, რა ვქნა?
უეცრად გონება გამინათდა: როცა ესენინმა თავი მოიკლა, უამრავ თაყვანისმცემელს  მოჰგვარა ცრემლი. ჰოდა, პასტერნაკიც აგერ არაა დასაფლავებული? მაშინ ორი წლის გარდაცვლილი  იყო. ვიფიქრე, ისე როგორ იქნება, ახალგაზრდა თაყვანისმცემელი არ დადიოდეს მის საფლავზე პატივისცემის ნიშნად, წავალ, გავივლ-გამოვივლი –მეთქი, – შევუძახე გენო კალანდიას. წამოვედი დასასვენებლი სახლიდან და არავისთვის არაფერი დამიბარებია. მივედი პასტერნაკის საფლავთან, თავი მოვუხარე პოეტს და ფიქრს მივეცი თავი. ცოტა ხანში, ვხედავ – აშოლტილი გოგო მოდის ულამაზესი თაიგულით. დააწყო  ყვავილები საფლავზე და სევდიანად დასცქერის პოეტის სამუდამო სასუფეველს. ძალიან "შემებრალა" და გამოველაპარაკე. ასმაგად გამოვიდე თავი პასტერნაკის პოეზიის ცოდნით, მერე სტუმრადაც  მივიპატიჟე. ჰოდა, რომ შევედით ხელკავით იმ დასასვენებლი სახლის ტერიტორიაზე, ყველამ თვალები დაჭყიტა – საიდანო?! "ფირმის საიდუმლოა"- მეთქი, ამაყად გამოვუცხადე კოლეგებს და ჩემი ოთახისკენ "გადავუხვიეთ"... ერთი სიტყვით, კარგა ხანს დავდიოდი პასტერნაკის საფლავზე და ულამაზესი გოგოები მომყავდა. კოლეგებთან კი ცოცხალი თავით არ გავაცხადე "ჩემი ფირმის" საიდუმლო... ყველა ადამიანს თავის ასაკში თავის ლამაზი წუთი აქვს. დღევანდელი გადასახედან ნეტარებით ვიგონებ ყველაფერს და ეს მოგონებები, რაღაცნაირად სულს ანათებს...

* * *
გენო კალანდია, სწორედ მისი გულღიობისთვის მიყვარს. იმიტომ, რომ ის ყველაფერს გულიდან გრძნობს და გულს ეკითხება ხოლმე... მისი
ერთ ლექსიც ასე იწყება :" გულო, გეკითხები, როდის..." მეორე – "ორშაბათიდან ვიწყებ სიყვარულს..." და მისი ლექსების სხვა უთვალავი სტრიქონი...
დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. სკანი გოლუაფირო, გენო.

22 ნოემბერი. 2013 წწ

Комментариев нет:

Отправить комментарий