пятница, 29 ноября 2013 г.

მე და ვაჟა

ერთი ძალიან საყვარელი მეგობარი მყავს _ ვაჟა. თბილი,  ზრდილი ოჯახისშვილი, დიპლომიანი... დიპლომს ხაზი საგანგებოდ გავუსვი, რადგან სწორედ დიპლომიანი, მშვენიერი გარეგნობის და ბინიანი ბავშვობის მეგობარი უცოლო დამირჩა.
ვაჟა გამორჩეულად მიყვარს, ერთ მერხზე ვისხედით და გული მართლა მწყდება ოჯახი რომ არ შექმნა. რამდენჯერაც შევხვდი, სულ ვეკამათები და ცოლის მოყვანას ვეომები, თუმცა არაფერი ჭრის. იცინის მხოლოდ და გადამეხვევა ხოლმე, ოღონდ, გამაჩუმოს.  
გუშინ ვნახე სწორედ მარჯანიშვილის 
მეტროსთან და იქვე, ახლომდებარე კაფეში
მიმიპატიჟა.
რა მომასვენებდა და როგორც კი მკითხა, შენები როგორ არიანო, მაშინვე მის “საყვარელ” თემაზე ავჭიკჭიკდი:
–კარგი რა, ჩემი დიმიტრი უკვე 12 წლისაა, თვალს და გულს მიხარებს. აი, შენც რომ გყავდეს შვილიშვილები, ისინიც ხომ იმეგობრებდნენ – მეთქი?
– ნეტა მართლა მყავდესო... ჩაისევდიანა...
– ვაჟა, როგორ, რანაირად დავიჯერო, რომ არასოდეს არავინ მოგწონებია? ყველა ხომ იმას ცდილობდა ვინმე  ღირსეული  გაეცნო შენთვის. არა, ძალიან წუნია მეგობარი მყავხარ და ვერანაირად ვერ გაგამართლებ მარტო რომ დაიარები...
– შენ მაინც მიცნობ, მაიკო, იდეალურ ქალს ვეძებდი და... რა დრო გასულა ამასობაში... ისე, არ გეუბნებოდი და სულ ორჯერ შემეკრა სუნთქვა გოგოს დანახვაზე. პირველად ძალიან ადრე პერიოდში შემიყვარდა, იმდენად ძვირფასი გახდა ჩემთვის ის ადამიანი, სიტყვის თქმა ვერ გავბდე. 
– თუ ასე გიყვარდა, მე დამიმალე?
– თავისთავად მოხდა ყველაფერი და მერე თქმას კი აზრი აღარ ჰქონდა, გათხოვდა და ქმარს ხომ არ მოვტაცებდი? დიდხანს ვერ დავივიწყე... ახლაც ხშირად ვფიქრობ მასზე, სულ მახსოვს და სანთელსაც ვანთებ ხოლმე მისთვის, რომ კარგად იყოს...
– გადამრევ ნამდვილად... სამაგიეროდ, შენ დარჩი მარტო... იიჰჰჰ...
– კარგა ხნის მერე, ერთი გოგო, მართლა გულით მომეწონა. შემთხვევით გავიცანი თანამშრომლის დაბდების დღეზე. მაშინ ვიგრძენი გული საგულედან მისკენ როგორ გამექცა. გავიფიქრე კიდეც, აი, ეს უნდა  იყოს ნანატრი იდეალური ქალი, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გავტარებდი – მეთქი. მეორე დღესვე ყველაფერი დავადგინე მის შესახებ და ისეთი საოცარი რამეები მითხრეს, ვიფიქრე, ხომ ხედავ, შენი სიყვარულის კვერიც გამოცხვა ვაჟა და აბა, შენ იცი-თქო... რამდენიმე ხანს გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები... იცი, დღემდე მახსოვს ყველა დეტალი. შენთან სტუმრობაც მინდოდა და ერთი სული მქონდა როდის გაგაცნობდი, მაგრამ...
– რა, მაგრამ ვაჟა, რა მოხდა მერე?
– შეწყდა შეხვედრები, მან შეწყვიტა...
– რატომ, აწყენინე რამე?
– ისიც მიხვდა მნიშვნელოვან რამეს და მეც...
– თქვენ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო? ოხ, ჭკუა ვერ ისწავლე, რა? – მართლა გავბრაზდი.
– არა, უბრალოდ, ისიც იდეალურ მამაკაცს ეძებდა... 
კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. მივადექი ტორტის დიდ ნაჭერს და გაცეცხელბულმა შევსანსლე. ავდექით და უხმოდ გამომაცილა ჩემმა სიყრმის მეგობარმა. შემებრალა და აღარ გავაგრძელე მასთან კამათი... არ ვიცი, როგორი ქალის ხატება აქვს ჩაწნული  გულის ფიცარზე... გადამეხვია და მითხრა:
– მაიკო, შენ იცი რა ჰქვია შეყვარების შიშს?
– არა-მეთქი.
– ალბათ, ეგ მჭირს, სხვა მხრივ ჯანმრთელი ვარო – თმა მომქაჩა ძველებურად... კარგი ახლა, აღარ მეჩხუბო, ხომ იცი, შენ მიყვარხარო... 
გულიანდ გაიცინა, გადამეხვია და გამეცალა.
მეე?.. კაი მე.. მეე?!
რა ვიცი, რა ვიცი...მგონი სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარეა...
მაინც რანაირად იცინოდა, აა?

Комментариев нет:

Отправить комментарий