понедельник, 1 июля 2013 г.

მე და მე და - მეც

რაც  დავიბადე, სულ მახსოვს ჯანსუღი. 
პატარა რომ ვიყავი და ლექსებს მასწავლიდნენ, მეგონა, ქართველი არ იყო. მერე  კი  მივხდი, რომ  ჩვენებურია. სკოლაში  მოიწვიეს  და ქართულად რომ დაილაპარაკა, ჯერ  გამიკვირდა  და  რადგან  ქართული  ესმოდა, მთელი მონდომებით  და გამოთქმით  წავიკითხე მისი ლექსი. უფრო  რომ  წამოვიზარდე, გაზეთებშიც ვკითხულობდი და მიხაროდა, რომ ვიცნობდი. მერე  კი  მამამ  და  მისმა  მეგობარმა  ვაჟა აზარაშვილმა  უკვე  პირადად  გამაცნეს.
ამიტომაც ვამბობ  ხოლმე -  ჯანსუღს  დაბადებიდან ვიცნობ - მეთქი. შემდეგ მის სახლშიც გახლდით  სტუმრად, გამომცემლობაში ხომ ძალიან ხშირად ვნახულობდი.
ერთი პაწია  ლექსი ჩამაწერინა ექსპრომტად, მგონი აღარც ახსოვს. ჩემს არქივში ვინახავ, ჯერეჯერობით...
სამაგიეროდ, სხვა რამ  საგანძური გამაჩნია, მისი ხელნაწერი. ეს თემა  მე შევთავაზე, მთელი ციკლი  მინდოდა  გამეკეთებინა  სხვა მწერლებთან და პოეტებთან, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე.
მაშინ  პირველ სტუმრად  სწორედ ბატონი  ჯანსუღი  შევარჩიე.
მერე კი წიგნი გამოსცა "მე  და მე"  და ის ჩემი რუბრიკა  გამახსენდა.  დღემდე შემონახული მქონდა ხელნაწერი. აი, ისიც, მცირეოდენი  შემოკლებით:


                                              ორი   ჯანსუღი  პირველ  პირში

...ჯანსუღში  -  ორი  ჯანსუღია. თვითონ  როგორც  ამბობს -  მეორეა,  ხოლო  - "მე  პირველი ვარ", ესეც  მისი  ნათქვამია.  პირველ  ჯანსუღს   ვეკითხები  ჭკუას,   ის  მაკრნახობს   და  ის მეუბნება  როდის  ვარ   მართალი  და როდის  მტყუანი   და  მე  ვარ  პირველი,  მაშინ, დამიჯერეთ  რასაც  გეტყვით  ჯანსუღ  მეორეზე.
ჯანსუღი  უმრავლესობას  ბედნიერი   ჰგონია,  თავადაც  გალაღებული  კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს,  მაგრამ  ეტყობა  ეგრე  არაა საქმე. 
ჯანსუღ  პირველმა  დაწერა:
- "მე  რომ  სიბერე  მჭირს, მაღალო  ღმერთო,  გვედრი,  იმნაირი არ მისცე  არვის..."  და ჯანსუღ  მეორეს  გაანდო.
ვითომ  იხუმრა? იხუმრა  ვითომ?!
იქნებ,  ასეცაა,  მაგრამ,  უყვარს  ჯანსუღს "საჯავახოური  ხუმრობა".
ემოციური  ბავშვი  იყო. მესამე  კლასში  ერთ  საოცარ  გოგოს,  7  წლის  ნატოს დაუწერა: "მიყვარს  ნატო,  მაგრამ  მარტო". იყო  ამ  სტრიქონში  რაღაც  სიყვარულისმგავარი.
ხშირად  ტკენენ  გულს,  ერთმა  ისიც  კი  თქვა- ჯანსუღი  სიკეთეს  იმიტომ  აკეთებს,  რომ თავად  უხარიაო.
დიახ, მიხარიაო,  თქვა  ჯანსუღმა...
იმ  დღეს  მარტოკა  იყო  სახლში,  მე   მელაპარაკებოდა,  ჯანსუღ  პირველს:
- ე,  ბიჭო,  შენ მაინც  ხომ  იცი,  რომ,  ყველა  მთავრობისა  არ ვყოფილვარ,  ვიყავი  ერთი კაცის გვერდით, მოვიდა  სხვა,  მე  არ ვყოფილვარ   მის  გვერდით,  წავიდა   ეს   და დაბრუნდა ისევ  ის...ეს ხომ  არცერთი  ჯანსუღის ბრალი არა არის? გვერდით  ყოფნა მონობასა  და შეძრომას სრულებითაც  არ ნიშნავს.
ის  კი არა,  ერთმა  ჟურნალისტმა , გახსოვს  რომ  მკითხა -  მეფის  ნავში თუ ზიხართო, თავად ჩაჯდნენ  ჩემს  ნავში  - მეთქი - ვუთხარი.
მე  ჩემი  ნავი მყავს, არავის ნავში არ  ვმჯდარვარ  და  არ ვიცი  რას  არ  მპატიებენო  - შემომჩივლა  ჯანსუღ  მეორემ.
ისიც  მითხარა:
- მართლა  ბედი   უნდა  ყველაფერსო და ბიჭებთან  ლუდის  დასალევად წავიდა.
ჯანსუღს  ერთი  ბეწო  სწყინს  და  ერთი  ბეწო  უხარია.  იმასაც  ამბობს  ხშირად  - გამოსცადე  და  შეიცანიო.
ბევრი  გამოსცადა,  მაგრამ  ვერ  შეიცნო.

 თქვა  ჯანსუღმა

...ორად  გაიყო  ქვეყანაო -  თქვა  ჯანსუღმა და   გულიდან წამოსული  სიტყვები დაწერა:
                                               
     " მიაქვთ - მოაქვთ  ენები,
 ნელა -  სვენებ-სვენებით,
 აქეთ  ბიზნესმენები,
იქეთ -  ბოზდამსმენები..."

ჯანსუღზე ერთ გადაცემაში  თქვეს -  მწერალთა  კავშირის  მუდმივი  წევრიაო, ჯანსუღს  კი კარგი  ჰგონია  და ეამაყება,  რომ მუდმივი  წევრია  მწერალთა  კავშირისა. ჯერ  არავის უთქვამს,  ჯანსუღი  "ცისკრის"  რედაქტორობის  ჟამს, იმ საბჭოური ცენზურის  დროს,  როგორ ახერხებდა  დაებეჭდა  "დათა  თუთაშხია", როგორ  მოახერხა  გურამ  ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანის"  დაბეჭდვა, რომელსაც  "ცეკამ" სპეციალური  პლენუმი  მიუძღვნა  და  დაჭერას გადაურჩნენ  ავტორიცა  და  დამბეჭდავიც. ვინ  ამბობს,  რომ  "ცეკას"  ბრძანებით  დაიწვა 40  000 ტირაჟიანი  "ცისკარი?" ვინ იხსენებს, რომ 1989  წელს,  ვერის  პარკში  ჯანსუღ ჩარკვიანის  წიგნებსაც  წვავდნენ...
ბრეჟნევს  მისწერეს: "ცისკარი" ანტისაბჭოური  ჟურნალია  და  მის  რედაქტორს  პასუხი აგებინეთო, მაგრამ  ჯანსუღს   განსაკუთრებით  დაუჭირეს  მხარი  გრიგოლ  აბაშიძემ და თამაზ  ჭილაძემ,  მათ  გააშავეს  საჩივრის  ავტორები.
მომჩივანთა  გვარები:  ერთის  კ-ზე იწყებოდა,  მეორესი -  გ-ზე,  მესამესი -  ბ-ზე. ჯანსუღი ხუმრობდა: "კაგებე" მებრძვისო.
ჯანსუღი  არ  გახლავთ  იღბლიანი  კაცი,  ბევრი სიკეთე  ბოროტებად  დაბრუნებია,  მაგრამ იუმორი  ყოფნის  იმისთვის, რომ  უმადურ  ხალხზე  იხუმროს.

პოეტი  და  გენერალი

... სოხუმი  რომ ინგრეოდა, აფხაზეთის  პარლამენტარების  გარდა  სოხუმში  წასვლის უფლება  არავის  მისცეს.
ჯანსუღმა  ვერ მოისვენა  და  ჩუმად  უთხრა  ჯანსუღ  პირველს:
- რატომ არ უნდა წახვიდეო?
ჯანსუღმა  გია  ყარყარაშვილს  სთხოვა  წაეყვანა:
- არ გაინტერესებს, პოეტი  და  გენერალი  ერთ  ომშიო?
ჯანსუღი  მაშინ  იმასაც  შეესწრო,  ტყვეები  რომ გაცვალეს. ჯანსუღს  ცრემლი  მოადგა:
- ვაი,  უბედურებავ, ქართველებს   ვცვლით  ქართველებზეო... იმ  სიაში  ერთი  კაციც  არ  იყო სხვა  ერის  წარმომადგენელი...
ორივე  ჯანსუღს სძულს ომი!
უსასრულოდ  შეიძლება ჯანსუღის  იმიერ-ამიერზე  საუბარი...
ყოველთვის  გრძნობდა  ჯანსუღი , რომ  მასში  მეორე  "მე "  არსებობდა, ორი - მე, რომლებიც ერთმანეთს  ხშირდ  არ ეთანხმებოდნენ.
... ჯანსუღი  ქეიფობს,  თამადობს,  მღერის, ცეკვავს... ამიტომაც ბედნიერი ჰგონიათ..
* * *
იცოცხლეთ, ბატონო  ჯანსუღ, ორივე ჯანსუღმა იცოცხლეთ  და იჯანმრთელეთ. ეს ჩანაწერი კი  თქვენს  გამოჯანმრთელებას  მივუძღვენი. გულის ოპერაცია ხუმრობა არ არის და  მე ვფიქრობ, სწორედ  მაგ  გულის  გამოა  ისევ  ჩვენთან  რომ  ხართ.

პატივისცემით - მაია კახიძე.