მაია და ფეხბურთი

კაპიტანი!

ერთ თბილისურ დღეს, მუშტაეთის პარკის მეზობლად მდებარე სპორტულ კაფეში შვხვდი დიდებულ მწერალს რეზო ჭეიშვილს. მის ერთ სიტყვას, ტონს თუ ნაამბობს, მხოლოდ ყური უნდა უგდო გაფაციცებით, ემანდ, არაფერი გამოგეპაროს და აი, რა მიამბო ფეხბურთზე შეყვარებულმა, მაგრამ სწორედ ფეხბურთზე სევდაშეპარულმა ბატონმა რეზომ.
* * *
.... ბურთი მრგვალია, მზის, ცდომილების (დედამიწის) მოდელი. ბურთს თამაშობენ ხელით, ფეხით, თავით, ყველაფრით. 
მტრისა და მოყვრის თავებიც უკოტრიალებიათ მიწაზე. უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ მრგვალი ბურთით, თამაშობენ და ითმაშებენ, რადგან კაცობრიობამ  ბურთზე უკეთესი სათამაშო  ვერ გამოიგონა...
ბურთი მრგვალია და თანაც სუნთქვადი, უჰაეროდ სიცოცხლე  არ შეუძლია. ბურთი რომ გაცოცხლდეს, მობურთალია საჭირო, ვირტუოზი, მობურთალის  ბურთი ხომ ცელქი და  დამჯერე , დინჯი და სწრაფი ფოსტა  მტრედია, სამიზნეში გაგზავნილი.  
სადაა დღეს სამიზნე?
მართლა დედამიწის მოდელია ეს პატარა  ფსხრიკი, მთელ დედამიწას კი აღადავებს...არადა, საცოდავს ოცდაორი კაცი თავფეხგამეტებით სცემს. 
მოვედით, მოვლენ, წავალთ...თამაშით წავიდნენ მრავალნი...ბურთი ისევ დარჩა ცეცხლოვანი, ნარინჯისფერი,ცისფერ -წითელი...
დარჩა მოგონება, მოგონებები, ისტორია, ისტორიები, ტკივილი, სიხარული, სევდა, იმედი...

მეორე კაპიტანი 

ბასა ღოღობერიძე მეორე კაპიტანი იყო,რომელმაც პირველის ლურჯი  სამკლაური გადმოილოცა. ახლაც თვლანათლივ  ვხედავ, მკერდზე  როგორც  ჰქონდა მიწეპებული ნეკერჩხლის  ფოთოლივით ბურთი ბასას.
პაიჭაძემ კი ჩაიცვა ზღვათა კაპიტნის  ლურჯი მუნდირი ფოთში. ლურჯ ოცნებებში შებრუნებულს დედის პერანგივით  ჰქონდა მორგებული  მეზღვაურის სამოსი.
.... ხოლო  თბილისში დამთავრდა  სტადიონი. დაამონტაჟეს უცხოელებმა ელექტროგანათება საქართველოს პირველ სატდიონზე, შეამოწმეს, გაანათეს ღამით  ოფიციალურ  გახსნამდე და  ღია ავტომანქანით შემოიყვანეს  დამბლადაცემული  ავთანდილ  ღოღობერიძე.
ომგადახდილმა  სოხუმელმა ბიჭმა, რომელმაც ფეხბურთს შეალია ომის შემდეგ დროინდელი სიცოცხლე, მინდვრიდან გადაინაცვლა საწოლში, სადაც მრავალი წელი გაატარა.
იმ ღამით მიხვდა სადაც მივიდა და თვალებში  ცრემლჩამდგარი მიაჩერდა ნაცნობ, ბინდგადაკრულ სახეებს.
სანამ დილით ცეკა, ტეკა და "ილიჩი" სტადიონს გახსნიდნენ (დავდაპირველად  ხომ ლენინის სახელი ერქვა?), მოედანზე თავახდილი ავტომანქანა  შემოვიდა. ლაფეტზე  იწვა ბასა - მეორე კაპიტანი, თავთით ჩაცუცქული  პაიჭაძე გადასაფარებელს უსწორებდა. გაჩახჩახებული იყო სტადიონი, ორი კაპიტნის მომავალი მავზოლეუმი.
საპატიო წრეს არტყამდა ლაფეტი და იღებოდა უკვდავების ორი კარი სამხრეთითა და აღმოსავლეთით. დუმდნენ  ცარიელი  ტრიბუნები, ჟრუანტელივით იბურძგლებოდა  მოედანზე მოლი ნიავის წამობერვაზე  და ეს იყო ჩემთვის  ყველაზე დიდ და ნათელი წარმოდგენა, რაც დღემდე ფეხბურთის ისტორიამ შემოინახა.
....საქართველო დამოუკიდებელი გახდა, საქართლოს მთავრ სტადიონს  ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა და დღესაც, როდესაც სტადიონი გაბრდღვიალდება მატჩის დაწყებამდე და აჟღერდება  ჰიმნი საქართველოსი, ამ დროს ჩრდილოეთის კოშკის ბოგირზე სახემოღრუბლულ მეზღვაურს ვხედავ ხოლმე ლურჯი პიჯაკით.
სულ რამდენიმე წამი დგას - ხმელი და ნაღვლიანი.
გხედავ, კაპიტანო!

ჩელეს ოინები

სახლეგანთქმულმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ, ისეთი ხალისით და იმერულ- აჭარული აქცენტით იცის თხრობა, ერთ რამედ ღირს მისი მოსმენა.

მასტერ-კლასი ფორთოხლით

თბილისის "დინამოში" რომ მოვედი, იმხანად ფილმი გამოვიდა- "ჩერმენი". რა ვიცი, ჩერმენს შემადარეს და მასე მეძახდნენ. მეც ვიფერებდი, რა თქმა უნდა.
უცოლო ბიჭები ვიყავით, გერმანიის ნაკრებიდან დავბრუნდით მოსკოვში და ერთად ვართ მე, დათო ყიფიანი და შოთა ხინჩაგაშვილი.
მოკლედ, საგულაოდ წასვლა გადავწყვიტეთ, ერთმა მანდილოსანმა სახლში მიგვიპატიჟა. გამევიპრანჭეთ, შენ ხარ ჩემი ბატონი და ვესტუმრეთ. სამი სამზე ვართ. იმან, ვინც დაგვპატიჟა, დაქალები დაგვახვედრა, მარა სამი გოგოდან ერთი ნამეტანი მარწყვივით იყო და სამივე იმას მივაჩერდით. როგორ კაცო, "ჩერმენი" ვარ და ვაჟუჟუნებ თვალებს.
მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა იდგა. უეცრად, დათომ, მის სულს ვენაცვალე, თითის ოდნავი მოძრაობით კაი მოზრდილი ფორთოხალი გადმოაგდო ვაზიდან. ვერ მივხდით, რა ხდება, რას შობა ეს კაცი. დედაა, ყიფომ ის გოგოები გადარია, სიტყვით ვერც აღვწერ. დაიწყო ფეხით ფორთოხლის აკენწვლა. ხან კისერზე გეიჩერა, ხან თავზე...აუჰ, ისეთი სანახაობა იყო... მისი შემხედვარე გოგონები კი, მგონი, აღარც სუნთქავდნენ.
რამდენიმე წუთს გაგარძელდა ეს საოცრება და ბოლოს, იმ მარწყვივით გოგოს მიართვა ფორთოხალი. 
მართლია, მე და შოთამ მარწყვი ვერ "ვჭამეთ," სამაგიეროდ, ფორთოხლით აკენწვლის დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაგვიტარა ყიფომ და ეს მართლა საოცრება იყო...

ფული ჭკუისგან

...მამაჩემის სამივე ძმა დიდი სტიმულს მაძლევდნენ, ბოვში ბიჭი ვიყავი და 3-4 გოლი გამქონდა, იქიდან დაწყებული გოლის გატანაზე 10-10 მანეთს მჩუქნიდნენ, ჩემზა 30 მანეთი კაი ფული იყო.
მერე, თბილისის "დინამოში" რო დავიწყე თამაში, გამოვუცხადე:
-- 10 მანეთს ყაბულს აღარ ვარ, ამხელა დედაქალაქის, საქართველოს ღირსებას ვიცავ და საათმანეთო ბიჭი ვარ -მეთქი? -თავი გამოვიდე.
მერე, ბიძაჩემი ზია ჩელებაძე 100 მანეთს მაძლევდა გოლის გატანაში, მარა აღარც 100 მანეთზე ვიყავი თანახმა იმის მერე, რაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიწევდა თამაში. ნაკრებში 500 მანეთზე ევიდა "ჰონორარი," ფეხის ჭკუას პლუს თავის ჭკუა, რავა, ცუდია?
ერთხელ სამი ბურთი შევაგდე ერთ თამაშში და ბედნიერი დავქროდი მინდორზე. აბა, რა დამემართებოდა, რო წარმოვიდგინე ბიძაჩემის სახე, მარა სად გამექცეოდა?! 1 500 მანეთი "გამომიწერა"...

ჩელეს ფიქრებმა რა ჰქმნა

ოო, გოლის გატანა ისეთი რამეა... ენით აუწერელია, მაგრამ მე ერთხელ ერევნის "არარატის" კართან იმფერი საშინელება შემემთხვა.
ჩვენი გუნდების შეხვედრები ყოველთვის გამორჩეული იყო. ერთხელ "არარატი" მაგრად შემოგვაჯდა "დინამოს", ნერვები დაგვაწყვიტეს ყველას.
ისე მოხდა, რომ იმათი მეკარე აგერ, ა, მოედნის ცენტრშია ამოსული. ცხონებული ვახტანგ ჭელიძე გუნდის კაპიტანი იყო, მოიგერია ბურთი ცენტრის მარჯვენა კუთხისკენ, მეკარე აბრამიანი ბურთის მისაღებად გაქანდა, რათა თავისიანებს შეტევაში დახმარებოდა. მეც მისკენ გავიქეცი, რომ ბურთი არ მიეღო.
ბიჭოს, კი არ ააცილა აბრამიანმა?! ვეცი ბურთს და მოედნის ცენტრიდან კარისკენ გავვარდი. კაციშვილი არაა იმათი კარის ახლომახლო. გავიგდე წინ ბურთი და... 
გადავვარდი ფიქრებში:
-- ერთი ბურთი უკვე გატანილი მაქვს, აგერ მეორე გოლს მივართმევ სომხებს -თქო...
რომ ვტკბები ამ ფიქრით, უკვე მიახლოებული ვარ კართან. სომხებს დიაგონალურ "სტრახოვკაზე" ერთი მცველი ჰყავდათ-აზარიანი, ჰოდა ამ გალაღებულ, ლამაზი ფიქრებით სავსე კაცს ქე არ გამომეკიდა?
"პადკატი" გამიკეთა, ეუჰ, ექვსი თუ შვიდი მეტრიდან ავაცილე "არარატის" ცარიელ კარს ბურთი.
...ლამის ინფარქტი მივიღე...
თამაშის მერე ავტობუსში ავედი.უკან დავჯექი ჩემთვის და ვტირი. ვიღას ახსოვს "ადინ-ადინ" მე რომ გავხადე ანგარიში.
ნოდარ ახლაკაცს ეუბნება ჩვენი მასაჟისტი:
--ფარსადანოვიჩ, ერთი "პალკა კალბასი" დაგვრჩა და რა ვუყოთო?
-- ჩელებაძეს შეტენეთო- გამწარებულმა წამოიძახა.
მაშინ დანა რომ დაერტყა ვინმეს, წვეთი სისხლი არ გამომივიდოდა, იმფერ დღეში ვიყავი.მერე იცოცხლე, მოვუმატე და მოვუმატე ვარჯიშს.

გაკოჭილი ჩელე

მე და მსაჯები ხომ... რავარი შესაყვარებელია მსაჯი, ა? მსაჯი და მსაჯობა უცნაური ფენომენია, უცნაური და ამოუცნობი.
მსაჯის გამო ერთ დღეს ისე ამოვხტი საკუთარი სხეულიდან, რა ჩავიდინე, ახლა მოსაყოლადაა ადვილი, მაშინ?
ლენინგრადის " ზენიტს " ვეთამაშებოდით დუბლებში, პირველი ტაიმი 3:0 წავაგეთ. ვაიმე, ნოდარ ახლკაცმა სასტიკად გაგვჯორა. მეორე ტაიმში, მე-15 წუთზე ანგარიში უკვე 3:3 იყო. ერთი მე შევაგდე, კიდევ ჭილაიამ და სულაქველიძემ. ამასობაში მეოთხე ბურთიც გავიტანე და გავგიჟდი, გვერდით მსაჯმა არ ჩათვალა. ცოტა ხანში მეხუთე შევაგდე და ახლა აფსაიტიო. ჰოდა, რომ გავქანდი იმ გვერდითი მსაჯისკენ, ცოცხალი და მკვდარი ერთად ვაგინე. მოვარდა ცენტრალური მსაჯი:
-- რა მოხდაო? დააბრიალა თვალები.
--მაგინაო, ჩაუკაკლა გვერდითმა.
ჯერ ხომ ტყუილად მოგვცა აფსაიტი, ახლა წითელი ბარათი არ გააძრო? რაღას დაველოდო - მეთქი და ცენტრალურ მსჯსაც ვაგინე და ვაფურთხე. მერე იმ "ბაკავოის" გამოვეკიდე. გარბის ის ლენჩი და მივდევ მამა-პაპური გინებით.
ამასობაში ტრიბუნიდან ვინცხა ჯანდაბა გადმოხტა ჩემსკენ. რო ვატაკე მუშტი ცხვირ-პირში, 15-20 მეტრში კაცი აღარ იყო ტრიბუნაზე. ტრიბუნაზე შევარდნილი როგორ გამკოჭეს და როგორ წამომიღეს, აღარ მახსოვს.
სამუდამო დისკვალიფიკაციას მაძლევდნენ, მარა ცხონებულმა კახი ასათიანმა გადამარჩინა და მკაცრად გამაფრთხილა, აწი სულ ბოდიშებით ირბენ მინდორზე, თორემ მოგკლავო.
როგორ იქნა დავისწავლე "ბოდიში", თუმცა ჩემსას არ ვიშლიდი. რუსი მსაჯები მის ადგილას მყავდა დაყენებული. რავარც წეივლებდა ხელს ჯიბეზე, ვეუბნებოდი:
-- თუ გამაგდებ, იცოდე, შენთან ერთად ვამთავრებ ფეხბურთს, რა ფერის ბარათს ამოიღებ, იმ ფერს გაგხდი -მეთქი.
ეშინოდათ და მანებებდნენ თავს.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 17 პენალი მაქვს დარტყმული, გავაფუჭე სამი და ისიც მხოლოდ ტერენტიევის მსაჯობისას.
გამორიცხულია, ვერ შეიყვარებ მსაჯს, რავარი შესაყვარებელია, რო?!



რამაზ შენგელიას 
ესპანური შიშები

მქონდა პატივი, პირადად მცნობოდა რამაზ შენგელია, დიდებული ადამიანი და განუმეორებელი ფეხბურთელი. ხალისიანი თხრობა იცოდა, ქუთაისური კილო-კავით გაზავებული, რაც ძალიან უხდებოდა ამ ლამაზ ადამიანს. სამწუხაროა, რომ ასე ადრე წავიდა "იქაურ" მეგობრებთან, აქ კი დაგვიტოვა სახელი, ლამაზი მატჩები, გატანილი გოლები და მოგონებანი გარდასულ დღეთა...
მინდა ჩვენს გვერდით იყოს და ამიტომ, თავად მოგიყვებათ ერთ საინტერესო თავგადასვალს.
*******
...ნაკრებში რომ ვთამაშობდი, ესპანეთში ჩავედით თამაშზე. მშვენივრად დაგვხვდენენ, ოროთახიან კოტეჯებში მოგვათავსეს მე, თენგიზ სულაქველიძე და ბოროვსკი.
სასწაული ჰავა იყო, ოფლი წურწურით მოგვდიოდა. თამაში ცხრის ნახევარზე დამთავრდა, თენგიზი და ბოროვსკი დოპინგკონტროლზე დატოვეს. ყოველი თამაშის შემდეგ, ხან ვის ირჩევდნენ, ხან - ვის. ესპანეთში მაგათი მეინდომეს.
ერთი სიტყვით, სადაც დოპინგკონტროლი უნდა გაევლოთ, იქანა უშველებელი ორკამერიანი მაცივარი იდგა, გამოტენილი იყო ნაირ - ნაირი სასმელით და წვენებით. ეს ყველაფერი კი იმიზა გახლდათ საჭირო, ბევრი სითხე მიგეღო დოპინგკონტროლის გასავლელად, ანუ მოგეშარდა.
ცხრის ნახევრის შემდეგ თენგიზა და ბოროვსკი უსხედან "ქვევრივით" იმ მაცივარს და სვამენ და სვამენ, დეიყვანეს ბოლომდე, მარა, გაგიგონია?! უსაშველო გაჭირვებაში არიან. ხომ ამდენი სითხე მიიღეს, მაინც ვერაფრით მოშარდეს. "პეპსი - კოლა", "ფანტა", რა ვიცი, რა აღარ ხუხეს.
ამ წვენებს რომ მორჩნენ, უფიქრიათ, როდემდე ვიყურყუტოთო და შამპანურზე გადავიდნენ.
ჰოდა, დიდი ამბით ელოდებიან, ააა, ახლა წამოვა, აბა, რას იზამსო. მარა, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, არაფერი სიკეთე მაგათ არ შეეტყოთ თურმე. რა გინდა რო ქნა?! კატეგორიულად ითხოვენ შარდს ესაპანელები.
ეგენი ბოთლს ბოთლზე რომ ურტყამენ, მე კოტეჯში ვარ. ღამის სამი საათი გახდა და არც ერთი არ ჩანს. რა ვიფიქრო, აღარ ვიცი.
სადაა ე ხალხი, ხო მშვიდობაა, რა მოხდა, რა შეემთხვათ... თან ვერ ვიძინებ, მაგათ ლოდინში რა დამაძინებდა?!
დილის ოთხი საათია და მოძებნა გადავწყვიტე.
გავიხედო და ორივე გაგლეჯილი მთვრალი მოდის, ხელში ორ - ორი ბოთლი შამპანური უჭირავთ და ყვირიან: "ატკრივაი კალიტკუ!"
გავგიჟდი მათ დანახვაზე, რას შობოდით ამნაირს დილის ოთხ საათამდე - მეთქი!
დიდი ვაი- უშველებელის მერე, რავარც იქნა მოუშარდიათ მაგ გაჭირვებულებს.
ახლა, იმფერი ჟრიამულით რომ დაბრუნდნენ, სათითაოდ ვაჩერებდი, არავინ გაგიგოთ - თქვა. მაგენი ქე იყვნენ ხალიასიანად, მე კიდო უძილო. მარა თენგიზას გულიზა, რავა გეკადრება, რას მიქვია გათენება და მაგნაირები?! იგიც ასეა, ჩემზა...
მესამე დღეს კი მორიგი თამაში გვქონდა და "დავპუტეთ" მინდორი და მოწინააღმდეგის კარი...
ეუუჰ, ამდენი წელია თბილისში ვარ და მაინც წევიქუთაისურებ, ხოომ?!
რა უშავს, მერე, არც თბილისი ვარგა უქუთაისოდ და არც ქუთაისი უთბილისოდ! კი, ასეა...

ის ერთადერთია - ალექსანდრე ჩივაძე

უაღრესად დიდი პატივს ვცემ თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების დიდ კაპიტანს ალექსანდრე (საშა ) ჩივაძეს. ბატონი საშა - გენიალური მცველი, ულამაზესი გოლების ავტორი, ღირსეული კაპიტანი, სამი შვილის მამა, უმაგრესი მეგობარი, კეთილი ადამიანი და გამორჩეული ქართველი...
ბევრი დაიწერა მასზე. ცოტაოდენს კი თავად გიამბობთ:

მაისურის ამბავი

... 18 წლის ვიყავი, როცა "დინამოს" დუბლებში გამომიძახეს. იმ პერიოდში, თბილისის "დინამოს" ტაშკენტსა და ალმა- ატაში ჰქონდა თამაში. პირველ შეკრებაზე მითხრეს:
-- ჩემოდანს, რომელშიც ფორმა აწყვია, შენ წამოიღებო.
ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი... ციმციმ ავწიე ჩემოდანი, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის ფორმა იყო მოთავსებული. მიჭირავს ჩემოდანი და ისეთი ამაყი ვარ, ვერ გადმოგცემთ.
ჩავედით. ბიჭებმა დაიძინეს, მაგრამ მე რა დამაძინებს?
ფეხაკრეფით მივედი, ჩუმად გავხსენი ეს დიდ განძი, მაისური ამოვიღე, გადავიცვი, სარკეში ჩავიხედე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი:
-- ღმერთო, აღარ გამხადო - მეთქი... ისეთი სიყვარულით და მოწიწებით ვთხოვე...
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი ბავშვობის ოცნება.
"დინამოს" ფორმის ტარება ჩემთვის დიდი სიამაყე, ბედნიერების განცდა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო.
ეს კი არა, თამაშს თუ წავაგებდით, ქუჩაში ვერ გამოვდიოდით მორიდების გამო.
თბილისის " დინამოელობა" -- მოქალაქეობაა, მე ასე მწამს.

"ცოცხალი" კოტე მახარაძე

... დიდი გაცილება მოუწყვეს ოლეგ ბლოხინს. ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე (გაანათლოთ უფალმა) და მე მიგვიწვიეს კიევში. ჯერ კონცერტი გაიმართა, მეორე დღეს კი მსოფლიო ნაკრებისა და ბლოხინის ნაკრების თამაში.
ამის მერე გამოვფრინდი თბილისში, სოფიკო და კოტე კი კიევში დარჩნენ.
ორიოდე დღის მერე ბიჭებმა ვიქეიფეთ, ჩემთან ერთად რამაზ შენგელიაც იყო (მის სულს ვენაცვალე). ამასობაში შემატყობინეს, რომ კოტე მახარაძე გარდაიცვალაო. უუჰ, ისეთ დღეში ჩავვარდი, ვერ ავხსნი იმ საშინელ განცდას. აგერ ერთად არ ვიყავით - მეთქი...
უსაზღვროდ შევწუხდი. რამაზიმაც გაიგო ეს ამბავი და იმანაც საშინლად განიცადა.
ნასვამები ვიყავით და დავიშალეთ. დილით გადავწყვიტეთ მისვლა და მისამძიმრება.
არადა, თურმე რამაზი იმ ღამეს სახლში არ მისულა, გადაუხვევია სტუმრად. მხოლოდ მეორე დღეს უთქვამს ცოლისთვის - კოტე მახარაძე გარდაიცვალა და მელი ღამე ფიქრის გორაზე ვიყავითო.
რამაზის ცოლს იმდენი უტირია კოტეზე...
მე მეორე დღეს ქალბატონ სოფიკოსთან გავემართე. თან ისიც არ ვიცი, კიევში გარდაიცვალა თუ თბილისში.
მივედი ფიქრის გორაზე და ვხედავ, სიმშვიდეა. ბიჭოს, ბატონი კოტე აგერ არ არის ჯანმრთელი და ცოცხალი!.. გადავირიე სიხარულით, სიტყვას ვერ ვამბობ...
ამასობაში, რამაზიც გამოჩნდა და ისიც ადგილზე გაშეშდა. სასწრაფოდ გამიყვანა გვერდზე და მომიყვა:
-- ასე და ასე ვიცრუე, ახლა რაღა ვქნაო?
-- გულახდილად თქვი ყველაფერი - მეთქი- ვურჩიე.
ჰოდა, იმანაც მოიკრიბა ძალ - ღონე და გულწრფელად უამბო მასპინძლებს მომხდარის შესახებ. სოფიკომ და კოტემ ბევრი იცინეს რამაზის ეშმაკობაზე.
მერე კი ბატონმა კოტემ პირადად დაურეკა რამაზის ცოლს:
-- მართლა ცუდად ვიყავი, თითქმის იმ ქვეყნად გახლდი წასული, ბიჭები გვერდიდან არ მომშორებიან, ჩემთან იყვნენ, გლახა არაფერი იფიქროო...
შვებით ამოვისუნთქეთ, მეც ძალიან ვინერვიულე მომხდარზე. ჯერ ბატონი კოტეს და ახლა რამაზის "გადარჩენა" იმ დღეს ყველაფრად მიღირდა...
ფეხბურთს და ფეხბურთელებს თავგადასავლი არ აკლიათ... იმდენია გასახსენებელი...

თენგიზ სულაქველიძე მარადონაზე და...

ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს თენგიზ სულაქველიძესთან.  ყოველთვის მიხარია მისი ნახვა. დიდ ფეხბურთელს, განსაკუთრებით  "ქუთაისურად" თხრობა უხდება  ფეხბურთზე  და არა მხოლოდ ფეხბურთზე...

დაკარგული პრემია

 ... ირლანდიაში, ევროპის  ჩემპიონატის  შესარჩევი  თამაშის  დროს ერთი   ერთზე  დავრჩი თავდამსხმელთან. ერთადერთი გზა იყო, ხელით  შემეჩერებინა  და ქეც დავიჭირე. ყვითელი ბარათი მომცეს, მაგრამ  სამგიეროდ, ნაკრები  გოლს  გადავრჩინე.
არადა, ყოველ  მოგებულ  თამაშზე   ას დოლარს გვაძლევდნენ. ხელფასის აღების  დრო რომ მოვიდა, ბიჯოს, სიაში არ ვარ. მწვრთნელს ვკითხე:
-  რეიზა არ ვარ - თქვა?
- ყვითელი რომ აიღე, პრემია მოგიხსენითო.
ისე გავბრაზდი რუსებზეეე...გულში ვფიქრობ, ნეტა, ერთი კი არა, ორი გოლი გაეტანათ და პრემია ამეღო, რას ვიკლავდი  თავს -- მეთქი. ვერ მოვითმინე და კი მივახალე "ტრენერს" ყველაფერი, ახლა ის "გავაწითლე"  ბარათივით...
ასე ადვილი დასაჩაგრი არ ვიყავი, მაგრამ  ამ შემთხვევაში, დამჩაგრენ რუსებმა, დამაჯარიმეს და პრემიის გარეშეც დამტოვეს.

ბარათების ცვენა

ერევნის "არარატს" ვეთამაშებოდით. დიდი მონდომებით ვთმაშობთ ყველა." არარატთან" თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენა იყო  ჩვენთვისაც და ქართველი გულშემატკივრისთვისაც. მოკლედ, თავს არ ვზოგავ და... ბიჯოს,  მსაჯმა ყვითელი ბარათი  მაჩვენა. მთელი შემართებით ვთმაშობ, არაფერი ისეთი არ დამიშავებია , რომ ყვითელი ბარათი ამოეღო. რასაკვირველია, არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება.
ჰოდა, მეც ავდექი და  კულტურულად  გადავუხადე  მადლობა:
- მართალი  ხარ - მეთქი და მადლობის  ნიშნად  ტაში დავუკარი.
ტაშის დაკვრაზე სულ გადაირია, ეს რა მაკადრაო და ახლა წითელი ბარათი ამოიღო და მინდვრიდან გამაძევა.
ვერსოდეს ვიფიქრებდი ერთი პატარა ტაშის შემოკვრისთვის  ასე თუ დამსჯიდა მსაჯი. ფიქრით დავიტანჯე, სად გამოვყო თავი, ტაშის დაკვრიზა როგორ მივიღე წითელი ბარათი - თქვა, მარა რაღას ვუშველიდი?!
ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფაქტი, აღარასოდეს  მქონია ასეთი შემთხვევები.
არადა, გული მაინც კარგად "მოვიფხანე"  გაძევების მერე, იმიტომ, რომ ერევნის "არარატს" ოთხით ერთი მოვუგეთ ის თამაში.
ხოხოო, იმფერ დღეში იყვნენ ყველა, გუნდი, გულშემატკივრები, მარა  ბოლოს, გულზე  კიდე უფრო მომეფონა მსაჯებს რომ შევხედე. იმას განსაკუთრებით, ქე რო  წითელი მომცა.
დედაა, გენახათ ერთი, რაფერ იყვნენ  ნერვიულობისგან  გახვითქულები  და ბალახივით გამწვანებულები...


მარადონაზე და დათო ყიფიანზე

არგენტინაში კი მარადონასთან გამამწესეს. პერსონალურად ვეთამაშებოდი. ეუჰჰ, მაგის დაჭერა არ არსებობდა, მხოლოდ  ხელს თუ შეუშლიდი.
მეც ცოტა უხეშად ვეთამაშე. მარადონას არაყვანა  ნაკრებიდან გამოშვებას ნიშნავდა.
ჰოდა,  ვურტყი და რა ვურტყი, ვიომე და  ვიჭიდავე მარადონასთან. ტრიბუნიდან კიდე  ყვირიან:
- რუსო, რუსოო...
- ერთი თქვენი ყველაფერიც, მაინც არ ვარ რუსი, იყვირეთ  ფილტვების დახეთქვამდე - თქვა. მაგენი ფიქრობდნენ, ნეტა, რას აძლევენ ამისთანას,  მარადონას რო კლავსო.
არადა, მარადონას რომ გეეგო, ას დოლარს მაძლევდნენ, ხომ მომცემდა კაი ძალ ფულს, დამანებე თავიო?! იმ დროს მარადონას ასი ათასს უხდიდნენ.
მერე, გერმანიაში ოთხთა ტურნირი იყო: ჩვენ, შვედები, გერმანია და არგენტინა. ოღონდ მარადონა ჩამოსულიყო, იმხელა რეკლმა გაუჩალიჩეს და 50 ათასი მარკაც გადაუხადეს.
სანამ თამაში დაიწყებოდა, მოვიდა, ჩემთან და მხარზე მომითათუნა და ისეთი თვალებით შემომხედა, უენოდ გევიგე რა მითხრა:
- დამანებე თავი, ნუ მირტყამ ამდენსო...
დათო ყიფიანსაც მისდღემში პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს დაჭერას მინდორზე დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი.
მინსკის "დინამოში" იყო ერთი ბოროვსკი, კაი ურთიერთობა კი მქონდა  მასთან, მარა მინდორი ბიძია ისეთი რამეა...
ერთ თამაშზე  ისე თავგამოდებით ურტყამდა დათოს, ვიფიქრე, ახლა ჩემი ნება რომ იყოს,  ნაპერწკლებს ვაყრევინებ - მეთქი. ამ ფიქრებში რომ ვარ, დათომ დამიძახა:
-- ჭომა (თენგიზ სულაქველიძის მეტსახელი), მიმიხედე ერთი ამასო!
ყველაფერი გასაგები იყო, ათ წუთში  გევიყვენე ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც საკაცეზე აკვნესებული, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე თუ არა ჩემ მოსაკლავად წამოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომასკდა...
რავა,  ქართველებს   "თვალები" არ გვაქვს, თუ?!


ბურთი და მოედანი


მართალია გენიალურ იპოლიტე ხვიჩიას არ ვიცნობდი და მხოლოდ ფილმებით შევიყვარე, სამაგიეროდ, მოვსწარი და ასევე გენიალურ რეჟისორს გუგული მგელაძეს "დავუძმაკაცდი". ბავშვივით წრფელი, ხალისიანი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ბატონი გუგული. მის გადაღებულ უამრავ ფილმებს შორის, ამჯერად "ბურთი და მოედანი " მინდა გამოვყო, ფილმი, რომელც ყველას უყვარს და ყოველთვის მხიარულ განწყობას უქმნის მაყურებელს.
წავიდა ორი გენია და დაგვიტოვა ეს საუცხოო ფილმი.
ბატონმა გუგულიმ ერთხელ მითხრა: ძალიან ვნანობ, ფეხბურთზე სხვა ფილმები რომ არ გადავიღეო... და მაინც, მან გვიამბოს...

დაუვიწყარი 28 დღე

"ბურთი და მოედანი" დიდი აღმაფრენით და სიცილ- ხარხარით გადავიღეთ. გადასაღებ მოედანზე, იპოლიტეს მუშაობის მნახველი ადამიანი შეუძლებელია გულგრილი დარჩენილიყო მისი გამორჩეული ნიჭიერების მიმართ.
საუკუნის მსხიობია იპოლიტე ხვიჩია და ბედნიერი რეჟისორი ვარ მასთან რომ მომიწია მუშაობამ.
არადა, რომ იცოდეთ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორი სევდიანი და ფიქრიანი იყო ხოლმე.
ჭკვიანი კაცი იყო იპოლიტე, თავისი ფილოსოფია ჰქონდა და იმიტომაც იყო გამორჩეული.
"ბურთი და მოედანი" მის გარეშე ასეთი სასაცილო ნამდვილად ვერ იქნებოდა.
30 წუთიანი ფილმი 28 დღეში გადავიღე, სცენარი კი ორ კვირაში დავწერეთ მე და სულიკო ჟღენტმა . დაუვიწყარი დღეები იყო...
ცნობილი კალათბურთელი ანზორ ლეჟვაც მაშინვე დაგვთანხმდა მონაწილეობაზე, სპეციალურად მოვიწვიე, საოცარი სანახავები იყვენენ ერთად ამოდენა ლეჟავა და ერთი ბეწო იპოლიტე.
არადა, იპოლიტე ყოველგვარი სინჯის გარეშე დავიბარე, მაშინ ქუთაისის თეატრში მუშაობდა, კინოში ორიოდე ეპიზოდში გაილევა, მაგრამ ვიცოდი, მხოლოდ ის შეასრულებდა ამ როლს ისე, როგორც მე მინდოდა.
საერთოდ კი ბევრი ფიქრი და სურვილი ვერ განვახორციელე, სიამოვნებით გადავიღებდი ფილმებს სლავა მეტრეველზე, მურთაზ ხურცილავაზე, დათო ყიფიანზე... ბევრზე...
ფეხბურთის ისეთი ფანატები, როგორიც იპოლიტემ განასახიერა, მართლა მრავლად არსებობდნენ მაშინ.
იპოს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" დიდი გულშემატკივარი იყო.

"არ მინდა ფინიში"

"ლოკომოტივის" სტადიონზე ბევრი სცენა გადავიღე. მაშინვე დაგვრთეს ნება, რადგან ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით არც მაშინ იყო განებივრებული მაყურებელი და არც დღეს.
მეამაყება ფეხბურთზე პირველი ფილმი მე რომ გადავიღე. გადაღებები დაემთხვა თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" შეხვედრას, ასე, რომ ყველა კადრი ნატურშია გადაღებული.
"არ მინდა ფინიშიო", რომ გაიძახის იპოლიტე და ნიფხავით გარბის, სიცილით კვდებოდნენ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები. არადა, ნიფხავი რომ აცვია თავად მოიტანა, ისეთი ტან-ფეხი ჰქონდა, ჩაიცვა თუ არა, ყველას სიცილი აგვიტყდა. მერე გავიგეთ, სარეცხის თოკიდან ჩამოუხსნია სიდედრის ნიფხავი და ის მოიტანა. ერთი კვირა ეძებდა თურმე იპოს საყვარელი სიდედრი დანაკარგს...
ხომ კომედიაა "ბურთი და მოედანი", მაგრამ ერთი ეპიზოდის მაინც მეშინოდა, სადაც მთავარ გმირს სამი კაცი ასამართლებს. ვიფიქრე, ე.წ. "ტროიკად" არ აღიქვან და ვაი , მერე შენს გუგულის - მეთქი, მაგრამ გადავრჩი, მთავრობამ ბევრი იცინა...
"ბურთი და მოედანი" იტალიისა და ინგლისის კინოფესტივალებზეა დაჯილდოებული, ასევე მიიღო სპორტული ფილმების პირველ ფესტივალზე საუკეთესო კომედიური ფილმის პრიზი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს.
ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა დრო და ჟამს ნამდვილად გაუძლო...

კომიკოსის ცრემლები

... კინოსტუდიის თანამშრომლებს ლოჭინში მიწის ნაკვეთები მოგვცეს. იპოლიტეს უამრავი მასალა აჩუქეს და იმდენი მორჩა, მეც ავაშენე სახლი, სხვებსაც დაეხმარა ცემენტითა და აგურით...
კახეთის მატარებელი რომ გამოივლიდა (ლიანდაგთან 50 მეტრში იყო ჩვენი სახლები), აუცილებლად გამოყოფდა თავს მემანქანე და მთელი ხმით გაჰყვიროდა:
- იპოო, იპოლიტეეე...
საყვირს მისცემდნენ და აგრძელებდნენ გზას.
როცა იპოლიტე გარდაიცვალა, იმის შემდეგ მემანქანეები მხოლოდ ნელი სვლით მოძრაობდნენ...
სახელი ამ ფილმმა მოუტანა, მერე სულ მწვანე შუქი ენთო კინოში. ისე მოხდა, რომ მე გადავიღე ბოლო ფილმშიც "მაცივარში ვიღაც იჯდა", იუველირის პატარა ეპიზოდი ითამაშა.
უკვე ძალიან ავად იყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა, ხელში აყვანილი მოვიყვანეთ. ერთგვერდიანი ტექსტი უცებ დაიმახსოვრა, პროფესიონალი იყო და იმიტომ.
პირველივე დუბლით გადავიღე. არ ვიცი რა მოხდა, რა დაემართა, ალბათ, მონატრებული იყო კინოგადაღებას, თვალები გამოუცოცხლდა და მერე ცრემლით აევსო...
ხელი არ მოგვაკიდებინა, თავად წამოდგა და საკუთარი ფეხით გაემართა კარისკენ. კინომ სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დაუბრუნა სასიცოცხლო ძალა.
არასოდეს დამავიწყდება ამ დიდებული კომიკოსის ცრემლიანი თვალები...

მე კი ..." არის თუ არა ეს ბილეთი!.."


ჯემალ ღაღანიძე - როცა ასეთი სიყვარულია


ამჯერად, უსაყვარლესი მსახიობი და ფეხბურთის დიდი გულშემტკივარი, ბატონი ჯემალ ღაღანიძე მსურს "ავალაპარაკო". თან როგორ გემრიელად იცის ამბების "ჩამოწოდება?!"

********
... მართლა დღესასწაული იყო სტადიონზე წასვლა. რომ იცოდეთ, როგორ ვემზადებოდით ხოლმე. სტადიონზე მოხვედრა გმირობის ტოლფასი იყო, ღობეზეც ვხტებოდით, კანალიზაციის ჭაში ვიმალებოდით ფეხბურთის დაწყებამდე...
მილიციის "აბლავა" რომ მორჩებოდა და ყველა უბილეთოს გაყრიდნენ, მიყურადებული ვიყავით და ამოვძვრებოდით ხოლმე. ბილეთს თუ იშოვიდი, კაცი იყავი. მოზარდებს კი ვინ რას მოგვცემდა? მერე, რომ მოვიზარდეთ, გვეშველა, აბონემენტი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გვქონდა აბონემენტი, თითქმის კარის უკან ვისხედით.
ერთხელ, თბილისის "დინამო" მინსკის "დინამოს" ეთამაშებოდა. უჰ, საშინელ დღეში ვართ,
2:1 - ს ვაგებთ, დაგვაწყდა ნერვები.
ალიოშა კოტრიკაძე მარჯვენა გარემარბი იყო. საოცარ რამეებს აკეთებდა მინდორზე, იმდენი ქნა, ბოლო წუთზე მაინც გაიტანა ბურთი.
ჰოდა, არ ვიცი რა დამემართა სიხარულით და არც ის მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მოედანზე.
მაშინ შლიაპები იყო მოდაში, მე კი მთელი შემართებით და რასაკვირველია, შლიაპით დავრბივარ მინდორზე, ვეძებ ალიოშას, რომ გადავეხვიო.
მაყურებელი ხედავს, ვიღაც შლიაპიანი გიჟი დარბის, მაგრამ იმათ ხომ არ იციან, რატომ დავრბივარ აღმა - დაღმა?
არადა, მამაჩემიც ესწრება თურმე თავისი მეგობრებით, მე კი ჩემი მეგობრებით გახლდით, რასაკვირველია. მაშინვე მიცნო, ყვირის, მეძახის... მესმის, რო?!
იმდენი ვირბინე, სანამ ალიოშა არ ვიპოვნე, იმდენ ფეხბურთელებში, იმოდენა მონდორზე.
მერე კი მილიცილებმა მტაცეს ხელი და მინდვრიდან გამაბრძანეს. უფროსი ყავდათ, გვარიც მახსოვს, გვერდწითელი და იმასთან მიმიყვანეს.
- ის არის, ალიოშას რომ აკოცაო.
- კაცო, აკოცა, ხომ არ გაურტყია, გაუშვით ბავშვიო... იმისთვის ბავშვი ვიყავი, აბა, რა...
რამდენიმე წლის მერე, როცა ალიოშა კოტრიკაძე გავიცანი, გავახსენე ეს ამბავი - მე ვიყავი - მეთქი. სიცილი დაიწყო:
- რა დამავიწყებს შენ სახეს, არ ვიცოდი საცემლად დამდვედი თუ საკოცნელადო...

"ხანუმა" და ფეხბურთი

რუსთაველის თეატრის რეპერტუარში მრავალი წელი გვქონდა სპექტაკლი "ხანუმა". ჩვენს თეატრში დირიჟორი გვყავდა - ლევან ოგანეზოვი. შესანიშნავი მუსიკოსი, კარგი ადამიანი. ერევნის "არარატისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრები ლამის ისტორიული ფაქტი იყო. შეხვედრებზე ერევნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩამოდიოდა ხოლმე. ბევრს ნათესავიც ჰყავდა თბილისში, სომხები იჩემებდნენ - ჩვენ ვართ მაგრებიო, ჩვენც ტოლს არ ვუდებდით. უჰ, რამდენი ნაძლევი დადებულა თბილისში, უბნებში, სამეგობროში...
მოკლედ, როცა "ხანუმა" ამ ორი გუნდის თამაშს ემთხვეოდა, სპექტაკლის დროს ეროსი მანჯგალაძე საგანგებოდ გავიდოდა ხოლმე სცენის წინა მხარეს. დირიჟორი ხომ ზურგითაა მყურებლისკენ, პირით კი სცენას უყურებს. ეროსის კი როლის მიხედვით ქამარ - ხანჯალი ჰქონდა შემორტყმული.
ჰოდა, რამდენი ბურთიც იყო გასული "არარატის" კარში, იმდენჯერ ამოიღებდა და ჩააგდებდა ხოლმე ხანჯალს ქარქაშში ლოვას დასანახად და აგრძელებდა სპექტაკლის თამაშს. ერთ რამედ ღირდა მათი სახეების დანახვა.
და თუ "არარატი" მოგვიგებდა, ბურთების რაოდენობის მიხედვით ახლა ლოვა ჩაჰკრავდა ოსტატურად დირიჟორის ჯოხს და იყო ერთი პაექრობა.
ერთხელაც ისე მოხდა, რომ ერევნის "არარატი" ბოლო ადგილზე აღმოჩნდა გათამაშების ცხრილში. ეს ჩვენი დირიჟორი დიდი ამბით ჩაჰკირკიტებს გაზეთს.
მე ვუთხარი:
- ლოვას ვენაცვალე, შეაბრუნე და თავში მოხვდება - მეთქი...
არა, მაინც რა განსაკუთრებული ფენომენი იყო მუდამ თბილსის "დინამოსა" და ერევნის "არარატის " შეხვედრები? ამის ახსნა შეუძლებელია.
ეჰ, ის სხვა საქრთველო იყო, სულ სხვა ...

კარის განუმეორებელი მასპინძელი - ოთარ გაბელია

მინდორზე ფიცხი, ცხოვრებაში კი სერიოზული, ფიქრიანი და მკაცრი ადამიანია ბატონი ოთარი. სამგიეროდ, როგორი თავდადებული მასპინძელიც იყო კარში, ასეთი ერთგულია საქმის, სამშობლოსი, მეგობრების და ოჯახის.
ფაქტია, რომ მის გარეშე "დინამო" "დინამო" ვერ იქნებოდა. ოთარ გაბელია მართლაც ამშვენებდა თბილისის "დინამოს". არა, წარსულ დროში არ მიყვარს საუბარი. ოთარ გაბელია - ქართული ფეხბურთის მშვენებაა. უამრავი საუცხოო მატჩი მახსოვს, მისი შემართება...
ერთხელ ვკითხე: ხშირად აგინებდით მსაჯებს და მეგრულად ხომ არ ჯობდა- მეთქი?
გაიცინა:- ვაი და ბებია ჰყოლოდა მეგრელიო...

სპორტული კონფლიქტი

...მსაჯებთან კონფლიქტი მინდორზე გარდაუვალია, წითელი ბარათი არასოდეს მოუციათ, გაფრთხილება კი სულ სამჯერ მივიღე. მეგრულად ისე ჩოუკვარახჭინებდი ხოლმე სიტუაციას მსაჯებს, ვერ მსჯიდნენ. გაწევ - გამოწევაც ყოფილა.
მინსკის "დინამოსთან" გვქონდა თამაში. მსაჯს ცოტა ადრე უნდოდა დამთავრება,
ბილეთი ჰქონდა მატარებელზე და აგვიანებდა. ბუტენკო იყო გვარად. ჰოდა, ძირითადი დრო ამოიწურა და არ ამატებს არაფერს. დავუძახე - რუსულად, რასაკვირველია:
-" ჩტო, ნა პოეზდ აპაზდივაეშ?"
მაშინ მომცა ყვითელი ბარათი. საოცარია, მაგრამ ზოგიერთ მსაჯს ქართული ესმოდა. რაც ჭირდებოდათ, მშვენივრად იგებდნენ.
კი, ისიც მართალია, რომ მცველებს სულ ვეჩხუბებოდი, აბა, რა უნდა მექნა?! ემოციური კაცი ვარ და კარში დარტყმა ხუმრობა საქმეა? ხანდახან უწმაწურ სიტყვებსაც ვიძახდი, როცა ვხედავდი, რაღაც ისე რომ ვერ იყო.
წინასწარ ვეუბნებოდი ბიჭებს, შეიძელბა წამომცდეს გინება და არ გეწყინოთ - მეთქი.
როცა მოდუნებული ვიყავი, თამაში არ გამომდიოდა.
ზოგჯერ, ჩემთვისაც კი ვყვიროდი. გიჟიაო - უთქვამთ ხოლმე. სულ ტონუსში უნდა ვყოფილიყავი და რა უნდა მექნა?!
მეკარე ყველაფერს ხედავს, რაც მინდორზე ხდება. ხანდახან შეიძლება ზედემტი გამომდიოდა, მაგრამ ახლა რომ მუნჯები არიან მეკარეები, ასე კი არ იყო მაშინ.
მე ამას სპორტულ კონფლიქტს ვეძახი.
ჩემთვის მთავარი იყო - შეცდომა არ დაეშვათ, გინებას რას დავეძებდი?!
კარიდან გამუდმებით რომ ვყვიროდი, არ დაარტყმევინოთ - მეტი, ჭომამ ( თენგიზ სულაქველიძე) მითხრა:
- აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო...
ერთხელ დათო მუჯირს გამოვეკიდე. მე და ხიზანა ( ნოდარ ხიზანიშვილი) ჯერ კიდევ სოხუმის "დინამოდან" ვმეგობრობთ. მერე, თბილისის "დინამოში" რომ მოვედი, სულ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ბაზაზეც და სასტუმროშიც, თან ჩემი შვილის ნათლიაა.
ჰოდა, კიევის "დინამოსთან" თამაშის დროს ბლოხინმა მოატყუა ხიზანა, ჩააწოდა თავისიანს და იმანაც დაარტყა, მარა სასწაული ბურთი ავიღე.
აი, მერე კი მუჯირს გამოვეკიდე:
- ჩემთან რა გინდაო? - გარბის გადარეული.
- "სტრახოვკა" რატო არ გაუკეთე - მეთქი! - რა უნდა მეთქვა, აბა?!
ხიზანას ვერ შევაგინებდი და იმის მაგივრად მუჯირს მოხვდა...
ყველა გოლი, რომელიც ჩემს კრში გასულა, რასაკვირველია უსიამოვნო იყო.
კიევის "დინამოში" ერთი ევტუშენკო იყო, ის მაგიჟებდა. რამდენჯერაც კიევის "დინამოსთან" გვქონდა თამაში, მაინცდამინც ევტუშენკო შემიგდებდა ხოლმე ბურთს. შეცვლაზეც რომ შემოსულიყო, მაინც ახერხებდა გოლით ჩემს გამწარებას.
თბილისში კიდევ ისეთ დღეში ჩამაგდო...
ბურთი ორჯერ ავიღე ზედიზედ და საშიშროებას აღარ ველოდი. ბიჭოს, მაშინ არ შემიგდო და თანც ქუსლით გამიტანა?!
კინაღამ გავაფრინე... ჩვენთან ჰქონდა განსაკუთრებული ყისმათი.
არა, კარში დგომა ხუმრობა არაა, დარტყმა - მით უმეტეს.
ეს ისეთი განცდაა, ენით რომ ვერ გადმოსცემ...

პირჯვრის გადაწერა და შეხვედრა პატრიარქთან

... მართლმადიდებელი ვარ, მონათლული, ღმერთი მწამს და რაც ჯიშში და გულში გაქვს, ვინ წაგართმევს კაცს?
მოსკოვში, სპარტაკიადაზე ერთი თვე ვიყავი. მერე მოსკოვის "ტორპედოსთან" გვქონდა თამაში და ოთხ დღეში თასის ფინალი იყო. ნოდარ ახალკაცმა, იმ თამაშში, დათო გოგია დააყენა კარში, მაგრამ ბოლო წუთზე ფეხი იტკინა დათომ. არ ვიცოდი დათო თუ ვერ შეძლებდა თამაშს. ჩემთვის ვარ ნომერში, ბიჭები დომინოს ვთამაშობთ და გვიან საღამოს სერგო კუტივაძემ დარეკა - მოემზადოსო.
რომ გავიგე, გაბელია მოემზადოსო, გავშეშდი. როგორია მოსკოვის "დინამოსთან" ამნაირი ამბავი?! სასწრაფოდ გავყარე ბიჭები. მთელი ღამე ფიქრისგან არ დამიძინია.
როგორც იქნა გათენდა, თამაშიც დაიწყო და ძირითადი დრო 0 - 0 დავამთავრეთ.
წინ პენალტებია. მე კი სწორედ პენალტების სერიის დაწყების წინ პირჯვარი გადავიწერე.
მაინცდამინც მე მომიშვირეს ფოტოაპარატები, ტელეკამერამაც დააფიქსირა პირჯვრის გადაწერა. იმ გაგანია კომუნისტების დროს, რავარი იყო ამისთანა რამ, მაგრამ მაშინ მაგაზე არც მიფიქრია.
მოკლედ, ქვეყანამ ნახა ჩემი "გლახა " საქციელი.
რუსები იმან გააგიჟა, თასი რომ ავიღეთ და ჩემს პირჯვარზე გადატეხეს ჯოხი.
მაშინ, ცხონებული ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას მდივანი. ჰოდა,
აფრინეს მოსკოვიდან ელვა - დეპეშები: " ემუ ნე მასტერსტვო პომოგ, ა, ბოგ" - ო და რაცხა ამფერი სისულელეები.
ახლა საქართველოდან მიაელვადეპეშეს:
- დავსაჯეთ, გავაფრთხილეთ, კრებაც ჩავატარეთ, ერთი სიტყვით, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო.
არადა, პატრიარქის ყურამდეც მივიდა ჩემი პირჯვრის გადაწერის ამბავი.
რას ერჩითო, უთქვამს, უწმინდესმა მომიწონა საქციელი.
გავიდა ხანი და "დინამოელები" ილია მეორეს პირიპირ აღმოვჩნდით (ისე, არაერთხელ მივსულვართ და ლოცვა - კურთხევა მიგვიღია, რაც დიდი მადლი იყო თითოეული ჩვენგანისთვის).
დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა და ხომ უნდა ეამბორო პატრიარქს?
ჰოდა, რომ უნდა ვეამბორო (სათითაოდ წარგვადგინეს), თვითონ გადამეხვია და გადამკოცნა.
გაოცებას ვერ ვმალავდი, ახსოვდა ის პირჯვრის გადაწერა...


" ვაა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!" 



მე ახალს ვერაფერს ვიტყვი კახი კავსაძეზე, იმდენი დამიწერია მეც, სხვასაც, რამდენი კიდევ თქმულა...მე მეტს არავის ვიცნობ ოდნავ მაინც რომ ახლოს მივიდეს მის განუმეორებელ ხიბლთან, ნიჭთან, არტისტიზმთან, ქალაქელობასთან, სიყვარულთან...
დაუსრულებლად შემიძლია ვუსმინო. ბატონი კახისნაირად ვერავინ ვერაფერს მოყვება. ის გამორჩეულია ცხოვრებაში, პროფესიაში და განსაკუთრებით ფეხბურთის სიყვარულში. ფეხბურთი მისი "სუსტი წერტილია" და ამაში ეხლავე დარწმუნდებით.

რა დამართა ფეხბურთმა კახი კავსაძეს?

... უჰ, გულშემატკივრობა სასწაული რამეა... გულის ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და
მე თუ მკითხავს კაცი, სწორედ ფეხბურთმა დამმართა ეს. როგორ გინდა გაუძლო ამოდენა მღელვარებას?
ეს კი არა, რუსთაველის თეატრის დირექციასთან იმას მივაღწიეთ, რომ თამაშის დღეს სპექტაკლი არ გვქონოდა. ვაა, ვერ ვთამაშობდით და რა უნდა გვექნა?
მერე, მრავალი წლის განმავლობაში რო დადიხარ სატადიონზე (დღევანდელზე ფეხბურთზე არაფერს ვიტყვი, კიდე ოპერაცია დამჭირდება...), წინა თუ უკანა რიგებში ძალაუნებურად იცნობ ყველას. დავმეგობრდით გულშემატკივრები, ზოგმა მავანის და მოიყვანა ცოლად, ზოგმა შვილი მოუნათლა, ვინ ხელის მომკიდე იყო ქორწილში და ერთი სიტყვით, ტრიბუნაზე გაცნობილი უამრავი გულშემატკივარი დანათესავდა. ვინმე რომ გარდაიცვლებოდა, ამას ხომ ძალიან განვციდიდით, ერთმანეთს ვუსამძიმრებდით...
ერევნის "არარატისა" და თბილისის " დინამოს" შეხვედრები რად ღირდა?
მრავალი წელი ვიცხოვრე "ვორონცოვზე" და ჩვენი უბნის სომხებიც ტოლს არ გვიდებდნენ გულშემატკივრობაში, ოღონდ, ბოღმით არაფერი ხდებოდა იმ თბილისში (ვააა...) და ფეხბურთის ამბები ქალაქის რამდენიმე ადგილას ირჩეოდა. ჩვენ კი ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში გვქონდა ბირჟა და იქ ვმართავდით სჯა - ბაასს.
... შოთა იამანიძე, მიშა მესხი, ილია დათუნაშვილი და იმ თაობის ფეხბურთელები ჩვენი ძმები იყვნენ.
მახსოვს, კუიბიშევის "კრილია სოვეტოვს" ვეთამაშებოდით. ძალიან ცუდი გუნდი იყო, საზიზღარი, დაცვითი სტილის, სულ აუტსაიდერები იყვნენ, ჩვენ - ლიდერები, მაგრამ რატომღაც იქაც გვიჭირდა თამაში და აქაც.
მოკლედ, თამაშის წინადღეს დიღმის ბაზაზე მივედი. ვზივართ, ვსაუბრობთ ჩვენ ფეხბურთელებთან. ვეკითხები:
- რას აპირებთ ხვალ?
- სამით ნულს შევტენით და მოვათავებთ მაგათთან საქმესო.
მეორემ თქვა :
- გახსოვთ, შარშან როგორ გაგვამწარეს, ხუთით ნული შევტენოთო. კარგიო.
მესამემ - არაო, პირველი ბურთი შევაგდებინოთ და მერე შევტენოთო ხუთი ბურთიო. მეოთხემ - ორი შევაგდებინოთ და შვიდი ჩვენ შევტენოთო.
სეროზული ლაპარაკია, რა!
მეორე დღეს ჩავმწკრივდით ტრიბუნაზე და ისეთ მშვენიერ გუნებაზე ვარ, თქვენი მოწონებული. იციან , რომ ბაზაზე ვიყავი და მეკითხებიან:
- კახი, როგორ იქნება საქმე?
ყურებამდე გაღიმებული ვეუბნები: ჩვენ რომ გვინდა, ისე იქნება - მეთქი.
დაიწყო თამაში და შეგვიგდეს ერთი ბურთი. გამომხედეს გულშემატკივრებმა - რა არის ესო? - მაიცათ, ჯერ სადა ხართ, დაწყნარდით - მეთქი.
ბახ, მეორე შეაგდეს:
- კახიჯან რა ხდება? ხელით ვაჩვენებ, ეგრეა საჭირო!
ჩვენები მაგრად დააჯდნენ იმათ, "გლუბოკი ზაშჩიტა" დაიჭირეს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი 2: 0 დამთავრდა. ვაა, მეორე ტაიმში შვიდი ბურთი, ტოო, შევფიქრიანდი, სად არი ეგრე?! - კახიი, რაშია საქმე? - პასუხს მთხოვენ მეზობლები, მაიტა ბურთიო, რა!
რა ვქნა, რა ვუთხრა?
მეორე ტაიმი დაიწყო, ისევ დააჯდნენ ჩვენები "კრილია სოვეტოვს", აბაა, ისევ არაფერი. ეუჰ, კონტრშეტევა განახორციელეს და მესამეც შეგვიგდეს.
ახლაც მახსოვს ის მომენტი, როგორ არ გამიჩერდა გული, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით.
იმ ღამეს შოთა იამანიძესთან მივედი (თამაშის მერე შინ უშვებდნენ):
- თუ ძმა ხარ, ამიხსენი რა მოხდა?
შოთამ რუსულად მიპასუხა: "ნედოოცენკა პრატივნიკა ი პერეოცენკა სვოიხ ვოზმოჟნასწეი..."- აი რა მოხდაო...

გახვითქული მარადონა

... რომში გერმანიისა და არგენტინის ერთ-ერთ ფინალს დავესწარი . მარადონა ორმოცი წუთი მაინც იმყოფებოდა მოთელვაზე.
ისეთი ჩათბუნებული გამოვიდა, კაპიუშონით, გრძელი შარვლით, არადა, სიცხით იწვის რომი. ეს ამბავი ოლიმპიურ სტადიონზე ხედება.
ყველა ბურთს კენწლავს, მარადონა კი უბურთოდ დარბის.
დარბის, დარბის, მოუმატა და მოუმატა, გაიქცევა, გაჩრდება... ვიფიქრე, ამდენს რომ დარბის, რაღა ენრგია ექნება - მეთქი მინდორზე.
ბოლი რომ აუვიდა სირბილით, მერე გაიხადა, სულ სველი იყო და შემდეგ დაიწყო კენწლაობა.
ტოო, კენწლავს გაუთავებლად, მერე " სვეჩკა" გააკეთა, ბურთი რომ წამოვიდა, ქუსლით სულ ოდნავ დაარტყა და...
მთელმა სტადიონმა იხუვლა, თურმე ყველა მას მისჩერებოდა ჩემსავით.
თვითონ ხომ მთელი ეშხით ივარჯიშა და ჩვენც რა ეშხში შეგვიყვანა?
მაჩვენეთ დღეს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც თავისი თამაშით სიამოვნებას მოგვგვრის, ქართული ფეხბურთის ეშხს ჩააქსოვს და ტრიბუნაზე დაჯდომას ვერავინ დამასწრებს.
დღეს ვის ვუგულშემატკივრო? გასკდა თავი ამდენი ფიქრით!

ქართველების თავგადასავალი იტალიაში 

... კი, მართლია, ჩემო ბატონო, პელე ბევრჯერ ვნახე, მიშა ჭიაურელმა არ დამაყენა საშველი და მთელი ამბები გადავიტანეთ ფილმის გადაღების გამო. იმ ამბებს გიამბობთ, რაც ძირითადად კადრს მიღმა გადამხდა, თორემ ფილმი ყველას აქვს ნანახი.
პელეს მართლა დიდხანს ვდიეთ. გავიგეთ მოსკოვში ჩამოდის იაშინის იუბილეზეო და სასწრაფოდ გადავფრინდით, მაგრამ არ ჩამოვიდა. გადავიღეთ ბეკენბაუერი, ჩარლტონი და სხვანი.
მერე გვითხრეს, რიო-დე- ჟანეიროში წავიდაო, რაღაცები იქაც გადავიღეთ. გარინჩას საფლავზეც მივედით, ერთ პატარა სოფელშია დაკძალული. საფლავზე წარწერაა: "გარინჩა, ხალხის სიხარული". გაუკვირდათ ჩვენი მისვლა, თურმე მის საფლავზე არავინ დადის.
ახლა გვითხრეს, რომში ნახავთ პელესო, მაშინვე რომის გზას დავადექით.
ერთ სასტუმროზე მიგვითითეს, იქ ცხოვრობსო.
სასტუმროს თანამშრომლებს ვუთხარით, პელეს ნახვა რომ გვინდოდა.
- ვისი ნახვა გინდათო?
- პელესი - მეთქი. ერთმა მეორეს დაუძახა: მოდი ერთი, ნახე რას ლაპარაკობენო? იმასაც ავუხსენით, რა გვინდოდა. როგორც გიჟებს ისე გვიყურებდნენ, დაგვცინეს. აქ რომც იყოს, რა, შეგიშვებთ თუ როგორ არის თქვენი საქმე, ახლავე დაახვიეთ აქედანო. წიხლი რო არ დაერტყათ ჭაჭებში, ჩქარა გამოვცვივდით.
მერე გავარკვიეთ, სულ სხვა სასტუმროში ჰქონია ნომერი. დაგვარიგეს, ვითომ ისე ხართ შესული, ტყუილად დასხედით ფოიეში, ორ საათზე ოთახიდან გამოვა და იქ დაიჭერთ, თორემ გამორიცხულია მიგიღოთო...
ჩვენც ვსხედვართ, არაფერს ვიმჩნევთ - რა გვინდა. შესრულდა ორი, სამის ნახევარი, არ ჩანს პელე. ძალიან ვინერვიულე და ამ ნერვიულობაში ჩამეძინა. ოთხის ნახევარია და მიშა ჭიაურელის ყვირილი მესმის : კახიიი, მოდი ჩქარა, მოდიი...
ხმის მიმართულებით გავიქეცი და რას ვხედავ, მიშას კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული პელე, ხელებით იმგვარადაა გადაფარებული, კაი ბიჭია და დაუძვრეს.
ვააა, ისეა შეშინებული,, მივხვდი, მხოლოდ ერთი რამე უტრიალებს თავში - ნეტა არ მომკლავდნენ, ჯანდაბას, მომკლან, თავს მაინც ნუ მომაჭრიან.
თუ იყო შეშინებული ოცჯერ, ჩემი მივარდნით შიში 120- ზე აუვარდა.
ბოხი ხმა აქვს და ბურტყუნებს საცოდავად.
მიშა მეუბნება: ვუხსნი აქეთ გამოდი - მეთქი და ეს კიდევ სხვაგან მიდისო.
- ვერ ხედავ რა დღეშია?.. ხელები მაინც ჩამოსწიე...
პელეს თვალებში ნდობის ნაპერწკალმა გაუელვა, - მგონი ეს კაცი მიშველის, ყოველ შემთხვევაში , ხელს არ შეუწყობს ჩემს სიკვდილში ამ თეთრ კაცსო.
ქართულად ვეუბნები:
- არა გრცხვენია, როგორ იქცევი, რას ჰგავს შენი საქციელი, პელე? მიხვდა მტრულად რომ არ ვარ განწყობილი.
- პელე, აქეთ მოდი! - დაინახა თუ არა კამერა, ამოიბღავლა: ბუტუ, დუდუ, ეგრე გეთქვათო, რა? გამოვედით აქეთა მხარეს, დადგა აპარატის წინ, ვიმუსაიფეთ, გადაიღო მიშამ და ყანწი გავაძვრე:
- ეს, შენ, მიშა მესხისგან და მეტრეველისგან! მეტრეველი პრეზენტო!
- ოო, მეტრეველი, მეტრეველი... ათჯერ გაიმეორა.
სლავა მეტრეველი ის ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაზილიის ნაკრები სასტიკად გაამწარა ორი ბურთის შეგდებით და ეს ამბავი დღესაც ძაღლის ნაკბენივით ახსოვთ ბრაზილიელებს...
კი გადავიღეთ პელე, მაგრამ სისხლი თუ არ ჩამექცეოდა, არ მეგონა.

ქართველების თავგადასავალი იტალიაში - 2
ძაან იმპოზანტნი კახი 

დავბრუნდით თბილისში, ვარ ჩემთვის წყნარად და ერთ მშენიერ დღეს მიშა მეუბნება: განათება არ მომწონს და პელე თავიდან უნდა გადავიღოთო, მილანში წავიდეთ, მის 50 წლის იუბილეს იქ აღნიშნავენ, "სან სიროს" სტადიონზე მსოფლიო და ბრაზილიის ნაკრები ხვდება ერთმანეთსო.
ახალ მილანში გამაქანა. ვაააა...
თეთრი ნაბადი და ნაბდის ქუდი წავიღეთ. სტადიონზე შესასვლელი ბილეთი სად გვქონდა, ერთი პოლიციელი დავაბით (იმ იტალიელმა პოლიცილემა შინაც მიგვიპატიჟა და გაგვიმასპინძლდა) და შეგვიყვანა სტადიონზე, იქ თქვენ თვს მიხედეთო.
წინ მე მივდივარ სტადიონზე, ნაბადი მაქვს მოხურული, ქუდიც მახურავს, ძაან იმპოზანტნი ვარ, რაა. უკან მომყვება მიშა და მისი ქალიშვილი, რომელიც თრჯიმნობას გვიწევდა.
ვაა, არავინ არაფერს მეუბნება, გავიარე უთვალავი პოსტი და კორდონი, სენატორი ვეგონე თუ ვინ, არ ვიცი. გააჩერებენ მიშას, დავსჭექ ჩემთან არიან!
ამგვარად მივაღწიე პელეს გასახდელამდე, შევაღე კარი და წევს ეს კუნაპეტივით შავი კაცი, მასაჟისტი კი მუხლებზე მასაჟს უკეთებს.
ბნელოდა იმ ოთახში გადაღებისთვის და მის გამოსვლას დაველოდეთ.
რომ გამოვიდა, მაშინვე ნაბადი მოვახურე და ნაბდის ქუდითაც გამოვპრანჭე "ჩვენი" პელე. ეს ყველაფერი გადავიღეთ და მიშას ვუთხარი, აბა, ახლა კი წავიდეთ - მეთქი.
არაო, სტადიონიც უნდა გადავიღოო.
საიდანაც ფეხბურთელები გამოდიან, იქით გამამწესა, გამოსასვლელში პელე ისევ უნდა გამეჩერებინა.
დაიწყეს ფეხბურთელებმა გამოსვლა, მსოფლიო ნაკრებში რუსი გავრილოვი თამაშობდა, დამინახა და მიცნო, როგორ აბდულა ვარ და (მხ. ფილმი" ბელოე სოლნცე პუსტინიი") დიდი პატივისცემით და მოწიწებით ჩამომართვა ხელი .
ალბათ, ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავიაო და მსოფლიო ნაკრების მთელმა მაშინდელმა ვარსკვლავებმაც დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა, დავინახე პელე და ვეცი:
- როგორა ხარ, ბიჭო, ხომ კარგად ხარ?
- მუდა, უდა, დუდა... რაღაცას მეუბნება თავის ენაზე.
- გადაიღე მიშა? ვაა, დავიღალე ამდენი ნერვიულობით. წავიდეთ - მეთქი, ისევ ვეუბნები.
დაუკრეს ბრაზილიის ჰიმნი და მიშა მეუბნება: გადი მინდორზე და პელეს რამე უთხარი ყურში, ამ კადრის გარეშე აქედან არ წავალო.
- მიშა, გინდა, რომ მოგკლა? სად გავიდე, პოლიციელებმა თავში რამე რომ ჩამარტყან, მერე?! უხ, არ მომეშვა და მივედი პელესთან:
- აბა, შენ იცი, როგორ ითამაშებ, პელე!
- გრაცე, პრეზენტო, - მადლობა საჩუქრისთვისო. მეც ხელი დავარტყი მხარზე და გამოვედი მინდვრიდან.
- მიშა, გადაიღე?
- გადაირბინე სტადიონი, მიდი პელესთან და უსაყვედურე, ეს რა ჩაიდინეო? რაღაც უშნოდ ჩააწოდა ბურთი და შენი საყვედურიც უნდა გადავიღოო. ვააა...
- ახლა გაგიყვან სტადიონიდან და თავს მოგაჭრი, შენი სიკვდილით დამთავრდება მილანში მოგზურობა, " სან სიროს " სტადიონზე ამოგასუნთქებ უკანასკნელად - მეთქი.
ისეთ დღეში ვიყავი, ლამის გავგიჟდი.
დავბრუნდით სასტუმროში და ნერვიულობისაგან ქანცგაწყვეტილი დავეგდე ლოგინზე.
გავიხედე და ძალიან ბედნიერი მიშა შემოდის ჩემს ნომერში:
- კახი, ღამის მილანი არ ვნახოთ?!
- გადი, თორემ, შენ... მიხვდა, რომ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, გავიდა და დილამდე აღარ გამოჩენილა. ძლივს დავმშვიდდი, ტო!
პელეს 50 წლის იუბილე მთელი მსოფლიოს ტელევიზიებმა გადასცეს, საქართველომაც აჩვენა. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი მეგობარი მეუბნება:
- ბიჭო, კახი, ვიღაც დურაკმა თქვა, იტალიაში კახი იდგა სტადიონზეო. მეც დავენიძლავე, მილანში, თანაც სტადიონზე, კახის რა უნდოდა - მეთქი?
დიდ პურმარილზეა რა, ნაძლევი.
შე იდიოტო, თუ დარწმუნებული არ ხარ, რატომ რისკავ ამხელა ამბავს, დიახაც მე ვიყავი მილანში და თანაც სტადიონზე - მეთქი. ჯერ ენა ჩაუვარდა, მერე აყვირდა, რა ჯანდაბა გინდოდა იქაო?
მალე იკისრა წაგებული, აბა, როგორ?!
დღს რომ პელე ვნახო , რას ვეტყოდი?
ვაა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!

პ. ს.
ეს მონათხრობი, რომ საკუთარი თვალით გენახათ... ეს იყო საოცრება, კახი კავსაძის ბადალი არ მეგულება და რა ვქნა?
მიყვარხათ, ბატონო კახი!


Комментариев нет:

Отправить комментарий