понедельник, 18 ноября 2013 г.

ჩვენს თბილისს აკოცე ხოლმეო, რა...

ჩემი მეგობარი კარო


ნახევარ  საუკუნეს  გადავაბიჯე და უფრო  გულჩვილი  გავხდი, იმიტომ, რომ  ჩემი თბილისი  ხშირად  მესიზმრება. ის თბილისი, რომელიც მე  მიყვარს, ჩემი  თბილისი.
ჩემი  მოჩუქურთმებულ-მოგვირისტებული... ისეთი კოხტა, ისეთი  პეწიანი, ბრძენი და სიყვარულით  სავსე...არ ვაპირებ არც  11 კაპიკიანი " პლომბირი  მაროჟნის" და არც "ბალიშა" კანფეტის  გახსენებას, რომელსაც  თან  გეახლებოდით და  თან თვალებდაყვლეპილს  იმის  დარდი  მკლავდა,  შიგ  როგორ  დებდნენ  პავიდლოს (მაშინ  ასე  ვეძახდით).  


მაიას  თბილისში  ერთი  სომეხი "სკრიპაჩი" ცხოვრობდა, კარლო.... 

წესიერ, ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. მშობლებს ფრანგულზეც დაჰყავდათ და "სკრიპკაზეც". ვიოლინო მოდაში არ იყო ბიჭებისთვის, თანაც - ავლაბარში, მაგრამ კარლოს გამორჩეულად უხდებოდა. ისე ლამაზად იცოდა ტარება...
საიდან  ვიცნობ?
კარის მეზობლები ვიყავით ჭრელაშვილის ქუჩაზე, მხოლოდ ღობე ყოფდა ჩვენს ეზოებს. თანდათან ისე მივეჩვიე ვიოლინოს ხმას, კარლო თუ არ უკრავდა, გაკვეთილებს ვერ ვსწავლობდი. არადა, ბევრს მეცადინეობდა. მთელი მისი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი.
ახალი წელი ხომ გამორჩეული გვქონდა მეზობლებს. მაშინ, რატომღაც, თოვლი ყოველ ახალ წელს მოდიოდა თბილისში. ვაპრიალებდით ჩვენს დაქანებულ პატარა ქუჩას სიხარულით და ვციგაობდით გვიან ღამამდე. მე  და ჩემი ციგა კარლოსი "ვიყავით", ის იყო "ჩემი უფროსი" და ძალიან მიხაროდა, მას რომ მიმაბარებდნენ ხოლმე.
ახალი წლის ღამეს კი 12 საათზე გარეთ გამოვრბოდით დიდიან-პატარიანად, მამაჩემი პაპაჩემის ორლულიან თოფს ცას ესროდა, კანფეტებს ერთმანეთს  ვაყრიდით, კარო ისე ზღაპრულად უკრავდა ვიოლინოზე და ისეთ "შალახოს" დასცხებდა ხოლმე, მოდი და ნუ იცეკვებდი... ასე სიყვარულით ვხვდებოდით ახალ წელს. მსგავსი ჰანგები კი, სამწუხაროდ, აღარასოდეს მომისმენია. კაროს ვიოლინო სხვგავარად ჟღერდა. მაშინ ქუჩაში, თუნდაც სახლის წინ, ქორწილის გარდა, არსად არავინ  არ უკრავდა. კარო ერთი იყო, ერთადერთი!..
* * *
სინამდვილეში მას კარაპეტ აირაპეტიანი ერქვა. სამწუხაროდ, "ჩემი კარო", რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სომხეთში და ეს ამბავიც ძალიან გვიან გავიგე, კარგახნის მერე... ვერა, ვერანაირ სიტყვას ვერ ვიპოვი ჩემი ტკივილის, მწუხარებისა და სევდის გადმოსაცემად... კარო – გენიალური მევიოლინე, რომელიც თბილისში მე  და დედაჩემსღა გვახსოვს... მის ერთ ცნობილ ნაწარმოებს კი დღესაც უკრავენ საქართველოში ქორწილებში, რესტორნებში და პირდაპირ "კაროს" ეძახიან, "კარო დაუკარითო" _ უკვეთავენ  ხოლმე... არადა, არავინ იცის, კარო რომ თბილისში დაიბადა და გაიზარდა და ქართულად როგორ მშვენივრად საუბრობდა. ქართული სიმღერები და ლექსები სიხარულად უყვარდა, თბილისი ხომ მისი მუსიკა იყო... თვითონ საიათნოვას და იეთიმ გურჯის ლექსებს მასწავლიდა, მე კი ანა კალანდაძის და  მედეა კახიძის ლექსებს გამოთქმით მაყოლებდა...
დედამისი  “კარლოჯან”-ს ეძახდა.... მე კი ვამაყობდი ჩემზე 20 წლით უფროსი მეგობარი რომ მყავდა. სახლიდან, ჩემი ბავშვური ჭკუით, მიმქონდა მისთვის ჩურჩხელები და ჩირები.
აუუჰ, დედამისი რომ ტოლმის კეთებას იწყებდა, მთელ ქუჩაზე ისეთი სურნელი იდგა...
მრავალი წლის განმვალობაში, ერთი დღეც არ მახსოვს, კარლო არ მენახა. ღმერთო, როგორ დამიკრავდა ხოლმე ვიოლინოზე, რა ნაზი თითები ჰქონდა... ერთ გაზაფხულზე თეთრი ფერის გრძელი “პლაშჩი” იყიდა სადღაც და - როგორ  უხდებოდა!.. არა, ერთმანეთს უხდებოდნენ... მერე კი... ვაი, ისე ვინერვიულე, როცა სასწავლებლად ერევანში წავიდა. მეგონა ვეღარასოდეს ვნახავდი.
კი ჩამოდიოდა თბილისში, ვნახულობდი კიდეც, ერევნის შოკოლადები ჩამოჰქონდა ხოლმე ჩემთვის, მაგრამ რაღაც შეცვლილი იყო "ჩემი კარო". იქ, ერევანში ვიღაც გოგომ გოგონა გაუჩინა და კარლოს მიატოვა თურმე. რაღას იზამდა და თბილისში ჩამოიყვანა, მშობლებთან. ლამაზი ბავშვი იყო, ახლა იმას ვუზიდავდი ტკბილეულს, ვეხმარებოდი, ბებია-პაპა ცივ ნიავს არ აკარებდა, ისე უფრთხილდებოდნენ პატარას... კაროს თვალები ჰქონდა... მერე ჩამოვიდა კარო და სასკოლედ ერევანში წაიყვანა ქალიშვილი. მე უკვე დიდი გოგო ვიყავი. გავაცილე და ძალიან, ძალიან ჩავეხუტე. ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ მხოლოდ ერთხელღა ვნახავდი ჩემს უფროს მეგობარს, რომელმაც ბევრი მისი ადრინდელი ნაწარმოები  სწორედ ჩემს თვალწინ შექმნა.
* * *
ცოტა სომხური ვიცოდი, კარლომ მასწავლა და ახლაც მახსოვს ზოგი რამ... ჰოდა, ვეჩურჩულე სომხურ-ქართულად... ბოლოს მომაძახა:
-  მაიკოჯან, ჩვენს  თბილისს აკოცე ხოლმეო, რა... ჰასკაცარ? - ხომ გაიგონეო?
...ძალიან ბევრი ვიტირე, კარლო რომ გაემგზავრა. მერე დიდხანს ვაწერდი რვეულებს და წიგნებს ამ სიტყვებს - "დუნ იმ  კიანქნეს"...  (სომხურად ნიშნავს - “შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”... - ასე მეძახდა კარლო-კარო...) იმის მერე სულ ვკოცნი ჩემი და კაროს თბილისს - სირუმემ ქეზ!...
* * *
ჰო, კარლო იყო და არის დღესაც ჩემი საყვარელი, ძვირფასი, განუმერებელი მეგობარი, რომელმაც დიდი განძი დამიტოვა სითბოსი, სიყვარულის, თანადგომის, ქალაქელობის, ქალაქის სიყვარულის და სპეტაკი მეგობრობის, უასაკო მეგობრობის... მერე მისმა მშობლებმაც გაყიდეს ბინა და ერევნაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენც სხვა ბინაში გადავბარგით, მაგრამ იყო წუთები, როცა ჩვენი ყოფილი ქუჩის ჩასახვევთან გარინდებული ვიდექი ხოლმე... ბავშვობა და კარო მენატრებოდა...
* * *
ერთ მშვენიერ დღეს კი თბილისში აფიშები გაჩნდა,  მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და რაღაც სომხურ-ქართული კულტურის დღეები უნდა ჩატარებულიყო. აფიშაზე აირაპეტიანის გვარიც ვნახე და მაშინვე მივხვდი, ისიც ჩამოდიოდა. გავვარდი რუსთაველის თეატრში და ბილეთიც ავიღე. ძალიან ვღელავდი, არ მეძინა, არ  ვჭამდი... მთელი გულით ველოდი მის ჩამოსვლას. გათენდა ის დღეც და მივაღწიე რუსთაველის თეატრამდე. გადავწყვიტე, დამთავრებას არ დავლოდებოდი და მსახიობების შესავლელთან ისე მაგრად დავდექი, თუ მომკლავდენ, თორემ ადგილიდან ვერ დამძრავდნენ. და... დავინახე კარლო... ისევ გამხდარი, თმაგაზრდილი, ჭაღარაც შეპარვოდა, წვერ-ულვაში მოეშვა... მოდიოდა, როგორც ყოველთვის, ვიოლინოთი ხელში და დიდი სიყვარულით იყურებოდა იქით-აქეთ.
მაშინვე ვიგრძენი, როგორ ძალიან მონატრებოდა თბილისი...
ერთი მეტრიღა გვაშორებდა და უცებ წინ ავეტუზე. თვალი თვალში გავუყარე. ჯერ შეცბა, მერე თვალებში ჩამხედა და... მთელი რუსთაველი, მისი თანმხლებნი, იქვე მდგომი მაყურებელი, გამვლელი და გამომვლელი ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა. ამიტატა ხელში და მატრიალებდა... ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ამის გადმოცემა შეუძლებელია და არც შემიძლია...
ულამაზესად დაუკრა იმ საღამოს რუსთაველის თეატრის სცენაზე. ისევ ისეთი თავმდაბალი და მშვიდი ვნახე, როგორიც გავაცილე, მაგრამ მისი თვალები? მისი თვალები სულ სხვა იყო მუდამ... ფიქრიანი, სევდიანი, დარდიანი, ნატვრიანი, სველი.. ჰო, სველი...
* * *
კარაპეტ აირაპეტიანმა მთელი ცხოვრება მუსიკას და ვიოლინოს შესწირა. საკუთარი თავდაუზოგავი გარჯით გახდა პოპულარული. ის ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მაშინ არც სკაიპი იყო, არც მობილური, არც ინტერნეტი... ფოტოც არ შემრჩა. ერდადერთი ფოტო მქონდა "ზენიტით" გადაღებული და გადასავლა-გადმოსვლაში ისიც  დამეკარგა. სამაგიეროდ, დღეს ინტერნეტი სავსეა მისი თბილისური სიყვარულითა და ქალაქური ჰანგებით გაჯერებული მუსიკით. ღმერთმა გაანათლოს ჩემი მეგობარი კარლო, იგივე კარო. მემახსოვრება ვიდრე  ვსუნთქავ, ვიდრე  ვარსებობ...
"სულოჯანო"... რა თბილად მეტყოდა ხოლმე...

P.S.
რასაკვირველია, მოსული მაყურებლისთვის შეასრულა კარლომ ყველა ნაწარმოები, მაგრამ მან მოასწრო და მიჩურჩულა, რომ იმ საღამოს რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩემთვის დაუკრავდა. და მე უბედნიერესი გოგო ვიყავი დედამიწის ზურგზე...

კარო ჩემთვის ისევ იმ ასაკის თბილისელ ბიჭად დარჩა, ერევანში წასვლის წინ რომ ჩავეხუტე...

http://www.youtube.com/watch?v=OhzT1NJR08I

1 комментарий: