მაიას ჩანახატები







გოგო და ჩიტი

ეს ამბავი ერთმა ძალიან კარგმა გოგომ მიამბო. ცხოვრობს, თავისთვის... უფრო სწორედ, თავისთვის ცხოვრობს...

******
რა ერქვა ჩემს ჩამოსვლას, მიპატიჟება? მონატრება?
მიპატიჟებაც და მონატრებაც.
იქნებ ძილ - ღვიძილი? 
ალბათ, ძილ - ღვიძილი. თუ მონატრება?
ჰო, ორივე ან სამივე: მიპატიჟება, მონატრება, ძილ - ღვიძილი.
ერთმანეთში აირია გზა შენამდე ,ასფალტიც რომ აღარ დამთავრდა? ბეღურად ვიქეც,
მონატრებამ ლამის ჩიტად მაქცია, შენი უბის ჩიტად. 
--მთელი ცხოვრება შენსკენ მოვიწევდი. პირველმა გითხარი, არ ვიცი , რატომ.
--მოაღწიე? - ძალიან დაბალი ხმით მკითხე.
--ჰო.
--ახლა როგორ ხარ?
--კარგად.
--დამშვიდდი?
--ჰო.
მერე ვარდობისთვესავით თბილად გამიღიმე და შენი ძლიერი, არტისტული ხელებით ჩამეხუტე.
გარე სამყარო თანდათან გაბუნდოვნდა და გაქრა.
საოცარია, ერთი ადამიანი მეორეში, როგორ გადადის?!
... მერე დაფეთებით გამომეღვიძა, შენ უკვე აღარ იყავი ჩემს გვერდით. აღარ იყავი
და მე შენი ეზოს გაფოთლილი ბლის ხეც მენატრებოდა. 
რა ერქვა ჩემს ჩამოსვლას, მიპატიჟება? მონატრება? 
იქნებ ძილ - ღვიძილი?
სამივე: მიპატიჟება, მონატრება, ძილ - ღვიძილი. 
თბილისისკენ გზამ ახალი მონატრებით, მალე მიპატიჟების ლოდინით, ძილ - ღვიძილში, უსასრულო ფიქრებად ჩაიბორბალა.
მერე კი , მერე და მერე უბიდან გადმოვარდნილ ჩიტს ვგავდი. ვერა, ვერ დამიწერე
თეთრი წიგნი, მე კი შენი იგავი ვერ ამოვხსენი.
ვითომ გაპატიე?! არ ვიცი, დღესაც არ ვიცი. 
ზოგჯერ გავფერისვცვალდები ხოლმე, ჩიტად, რომ - დაგინახო. საოცრებაა ჩიტად ყოფნა...
დამთავრდა ასფალტი. ასფალტი დამთავრდა.

ორნი ქალაქში

ჰო, ჰო, მაშინაც შემოდგომა იყო თურმე, ფოთოლცვენის ჟამი. ხრაშუნა ფოთლებისა და გამვლელების ორომტრიალში, შემოდგომამ ბედად ერთი გოგო დაინახა (ალბათ, მართლა ბედად). დაინახა თუ არა, გულზე ოქროსფრად დაეფინა და მაშინვე გულში ჩაკვრის სურვილით აენთო, მაგრამ მოსურვილებამდე ჯერ შეხვდრები იყო, ყველა პაემანი ერთმანეთზე თბილი და მზიანი. არადა, გულში ჩასაკრავი გოგო ძალიან მორცხვობდა, შეყვარებულ ბიჭს კი ვერა გაეგო რა (შეყვარებული იყო და აბა, რას გაიგებდა?!).
ამასობაში, ზამთარმა ნელ-ნელა თვალი მილულა, ბიჭმაც სიყვარულის ხიდი გაბედულად გადაიარა ქალქგულში, გაზაფხულისფერ გოგოსთან მივიდა და უთხრა: 
- მე და შენ და შენ და მეო!
- მე შენი და შენ ჩემიო!
- მოდი, ერთად ვიყოთო!
- ვიყოთ თუ არ ვიყოთო?!
გოგომ ისევ დაირიდა და ცაცხვის ახალგაშლილი ყვავილივით უკოცნელი გაიქცა. არ იცოდა მარცხნივ წასულიყო თუ მარჯვნივ, პირდაპირ გაჭრილიყო საგაზფხულე მერცხალივით თუ დარჩენილიყო და შემოდგომისთვის ეთქვა მთრთოლვარე - ჰო! 
ოქროსფერი ბიჭიც რაღას იზამდა? სევდამორეულმა ისევ გულში ჩაიმწყვდია გოგოს ნატვრა- მოლოდინი და ჭრელ წუთისოფელს შეერია.
მერე, როცა ფიქრიანმა ზაფხულმაც გადაიზაფხულა, შემოდგომამ ისევ მოიწყინა, უბიდან ისევ ამოალაგა ნატვრა- მოლოდინი, გოგოს გზად დაუხვდა და ჩასჩურჩულა:
- მართლა დაგავიწყდიო?
შეკრთა გოგო, შვლისფერი თვალები დაენამა. 
- არ მინდოდა შენი გულის ტკენაო - უთხრა შემოდგომას.
- გულის გულად დაგეღვრებიო - ბიჭმა.
- მართლაო? - გოგომ.
- მართლაო - ბიჭმა.
- ღმერთო, რა ვქნაო?- გოგომ.
- შემოდგომის კაბას ჩაგაცმევო - ბიჭმა.
შემოდგომაც შეებრალა გოგოს და გაზაფხულიც, მაგრამ გამოუცდელი ფიქრები ისევ დაებნა და გულის ბაღებს მიაწყდა სულის მოსათქმელად. 
მერე ქუჩაში გაიჭრა. ბევრი იარა ფიქრით თავწაკრულმა, ბევრი, საღამო ხანს კი დაბარებულივით ამოვარდა ქარი. ასეთი, პირისახეზე გადაწნული ფარვანა ქარი არასოდეს ენახა, ქალაქგული სიყვარულისფერმა ფოთლებმა სადედოფლოდ ააშრიალა. 
შრრ... შრრრ...შარიშურობდა გოგოს ფიქრები და ეხეთქებოდა ფორიაქით მთელ სხეულზე. ფიქრიც რომ გაებუტა, მიხვდა, სწორედ ოქროსფერი შემოდგომა იყო მისი ცხადიც და სიზმარიც, მისი ორი ცა.
აი, მაშინ კი აფერადდა და აშრიალდა გაზაფხულივით და ნაფიქრიც ერთბაშად დაულაგდა:
- ეს ხომ ჩვენი სიყვარულის შემოდგომააო?-გოგომ.
- არა, შემოდგომის გაზაფხულიო!- ბიჭმა.
შრრრ ... უკვე სიამოვნებისგან ტკაცუნობდა ქარი. ბედნიერ გოგოს თვალებში გული აენთო (თუ გულში თვალები?), ცაცხვის ყვავილის თაფლივით ტკბილი იყო მისი მზერა. 
ფარვანა ქარმაც გადაიქარა, ერთხელ კიდევ მოეფერა გოგოს და გაღიმებული გაეცალა. 
იმ საღამოდან ორი შემოდგომა და ორი გაზაფხული დაიწყო, ორთა წუთისოფლის ამინდი, ზოგჯერ დარიანი, ზოგჯერ - ქარიანი, მაგრამ - მადლიანი...
ის საღამო დიდი სიყვარულის გენერალური რეპეტიცია იყო, ღამე კი ერთგულების ბეჭდების მეჯლისი! 
შრრ...შრრრ... შრიალებდა ბედნიერებისაგან ღამე და განცხრომად მიაცილებდა ორივეს.
* * *
ცა უკვე იმდენჯერ გადაიფურცლა ორივეს თავზე, აღარც კი ითვლიან შემოდგომას და გაზაფხულს.
ნეტავ დაგანახათ, როგორ დასეირნობენ, განსაკუთრებით თბილ ამინდში დაცუხცუხებენ საყვარლად, ჩასჭიდებენ ერთმანეთს ხელს, რაღაც დიდი რომ უხარიათ, ისე, ჩამოჯდებიან ხოლმე ქალაქგულის ერთ პატარა სკვერში და ისევ სიყვარულისფერი ფოთლების ცქერით ტკბებიან. 
საიდან ვიცი ეს ამბავი? 
თვითონ მიამბეს, შემოდგომა იყო თუ გაზაფხული, არ მახსოვს.
რა მნიშვნელობა აქვს?!
მთავარია, ისინი რომ ორნი არიან, ორნი! 
ორნი - ქალაქში!!!

თბილისური სიჩუმე 


პლეხანოვზე გავატარე ყმაწვილქალობა, კიევის ქუჩაზე კი სკოლა დავამთავრე.ძალიან მიყვარდა კინოთეატრი "ოქტომბერი" და "კომკავშირელი" ("კომკავშირელში" დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრი - ბაო-ბაბია,"ოქტომბერი"კი საცოდავად მონგრეული გვიყურებს...), ცოდვა გამხელილი ჯობს და ყველა შატალოს იქ ვატარებდით. მაგრამ სწავლით მაინც კარგად ვსწავლობდით, დედაჩემი ახლაც ამაყობს, ბედნიერი მშობელი ვიყავიო...
პლეხანოვი მეგობრობის დიდი ცენტრი იყო, სიყვარულის, თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების სავანე. პლეხანოვზე ულამაზესი ქართველები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
ისეთი გამორჩეული სიარული იცოდა ირაკლი უჩანეიშვილმა, ყველა მას უყურებდა, იაკობ ტრიპოლსკის ხომ უკან დავდევდით, ფილმი "მანანა"ზეპირად ვიცოდით, ვახტანგ ნინუასაც მივყვებოდით ხოლმე, მაგრამ ძალიან მაღალი იყო, ჩვენთვის, ბავშვებისთვის და ვერ ვუბედავდით გვეთქვა: "ლა უკო, ლააა..." (ფილმი "უდიპლომო სასიძო"), როგორც კი "მივაცილებდით" მარჯანიშვილის თეატრამდე, მერე ვიწყებდით ხორხოცს - ლა უკო, ლააა...
ბატონი გურამ საღარაძე ცოტა იქით ცხოვრობდა ანუ შუას იქით, მაგრამ რუსთავლის თეატრამდე მოედნისკენ გამოივლიდა ხოლმე, ყველას გვიღიმოდა, მზესუმზირას გვიყიდდა და ჩვენც ისე გვიხაროდა ამდენი ხურდა ფული რომ ჰქონდა...მერე კი, ჩემი პროფესიის წყალობით, რამდენჯერმე აღმოვჩნდი მის სამფლობელოში. ერთხელ, გავბედე და მზესუმზირის ამბავიც გავახსენე, ბევრი ვიცინეთ...
კიკაზე ხომ უზომოდ ვიყავი შეყვარებული, იმასაც ვუყვარდი, კამფეტებს ვჩუქნიდი, თბილისურ "ბულკებს", ძალიან ლამაზი სიცილი იცოდა კიკამ, ერთხელ ყვავილებიც მომიტანა. 
- მოიპარე - მეთქი?
გაბრაზდა და გამებუტა და მერე გლიასე სანამ არ დავალევინე, ვერ შემოვირიგე. კარგი გლიასე იყიდებოდა პირველი მაისის რაიონის მილიციის პირდაპირ მდებარე გასტრონომში.
პლეხანოვი საოცარი იყო დილიდან გვიან ღამემდე თავისი დაუსრულებელი მისალმებით, ყოველ ცისმარე დღეს გვესალმებოდა და ვიყავით ასე ერთმანეთის ღიმილიან მოკითხვაში.
არტოს ბაღი კი ყველაზე მეტად მიყვარდა, ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლი იყო იქ. ასე მგონია, ხეებზე ფოთლებიც კი დათვლილი მქონდა...ლამაზი ბაღი იყო, სკამებიც იდგა და რასაც ჩვენ ვმაიმუნობდით... იმ ბავშვთა ცენტრში თეატრი იყო, რომელსაც ბატონი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა, სწორედ მასთან გავატარე ჩემი ბავშვობის საუკეთესო 5 წელი (იმდენი რამ მასწავლა, ახლა კი "ბერიკებში" ზრდის თაობებს). ბატონი გოგი ის პედაგოგია, რომელიც მუდამ გახსოვს. უკვე ბებია ვარ, დღესაც ვმეგობრობ მასთან და ეს ისეთი ლამაზი წუთებია... ვეტყვი ხოლმე:
- ბატონო გოგი, მომეცით პირობა, რომ დიდხანს იცოცხლებ,იმიტომ, რომ მე ყოველთვის პატარა გოგოდ ვიგრძნო -თავი - მეთქი. იცინის და მთანხმდება. მეც ბავშვივით მიხარია...
მაგრამ ტკივილიც დიდი განვიცადე, რამდენიმე ბავშვობის მეგობრის წასვლით: ედიშერ გარაყანიძე, მაია ანთაძე, მამუკა კიკალეიშვილი... იმ თბილისის საუკეთესო ბავშვები...ეეეჰჰჰ...
ერთი სიტყვით სპექტაკლი დავდგით "იყალთოელი ბიჭები", ავტორი, ბატონი ლადო მრელაშვილიც გვეწვია, ბედნიერები ვიყავით, სიგელები მოგვცეს, მერე კი იყალთოში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე, თან სპექტაკლი ვითამაშეთ რეალურ ადგილას, თან დავისვენეთ, ხარი გამომეკიდა იყალთოს აკადემიის მახლობლად...
საექსკურსიო შეკრებაზე დილის 7 საათზე დაგვიბარეს არტოს ბაღში. ასე ადრე არასოდეს ავმდგარვარ, მაგრამ ღირდა ამად, იმიტომ, რომ ადრიანი პლეხანოვი არასოდეს მენახა. კვირა დღე იყო, მე კი არ დამაგვიანდეს- მეთქი და შვიდის ნახვარზე იქ ვიყავი.
ძალიან ლამაზი იყო იმ დილას თბილისი, სასიამოვნო, გრილი სიო ლოყებზე მიღიტინებდა და მაცინებდა, მაგრამ ყველზე მეტად სიჩუმემ მომხიბლა. პლეხანოვი ხომ სულ თუხთუხებდა და მეც ამ თუხთუხში ვიზრდებოდი. იმ დილას კი სწორედ დილის სიჩუმემ გამაოგნა. ეს იყო საოცრება, მივაბიჯებდი მარტო, 15 წლის გოგო და ვიყავით ერთად მხოლოდ მე და თბილისი, მე და ჩემი პლეხანოვი....რაღაცნაირ, ტკბილ ძილს გავდა ჩემი ნაბიჯები და გამოღვიძება არ მინდოდა...
... თბილისში გვიან საღამოს დავბრუნდით, დაღლილები, ბედნიერები და როგორც კი ჩამოვედი ავტობუსიდან, ის დილის განცდა დამეუფლა, ისევ უცნაური სიჩუმე ვიგრძენი. ვერ ვხვდებოდი, ეს რაღა იყო, ამ დროს ხომ დუღს -მეთქი პლეხანოვი?
ეს იყო 1973 წლის 9 მაისი! ისტორიამ ხელმეორედ ჩაიწერა ახალი, სულ სხვა 9 მაისი. ჰო, "პარადის " დღეს გაჩნდა ხანძარი და რუსთაველზე დაიწვა ოპერისა და ბალეტის თეატრი... ვიგრძენი, პლეხანოვიც როგორ დარდობდა ამას თავისი სიჩუმით. ადამიანები ჩუმად, ფეხაკრებით დადიოდნენ და მივხვდი, ეს იყო მთელი თბილისის ტკვილი და განცდა...
რამდენიმე ბავშვი რუსთაველზე გავიქეცით, უკვე საღამოს 9 საათი სრულდებოდა, არ შეგვეძლო არ გვენახა ჩვენი საამაყო თეატრი და იმიტომ...
რუსთაველზეც საოცარი სიჩუმე დაგვხვდა, არაფერი მოძრაობდა ადამიანებისა და ფოთლების გარდა და მე ეს სიჩუმე არასოდეს დამვიწყნია...
*
მრავალი წლის მერე ოპერაში გაჩენილი ხანძარი ძირფესვიანად შევისწავლე და უფრო მეტიც, სასამართლოს მასალებსაც გავეცანი. ვერა, ვერ მოვისვენე, მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და ჩემს მიერ მოძიებული ყველა ფაქტი, არგუმენტი თუ ინტერვიუ "ასავალ - დასავლში" დავბეჭდე.


შაბათის მგზავრები


დიდი ხნის  ამბავია, დიდი ხნის, მაგრამ რომ არ მავიწყდება ის შვიდფერი დღე? 
მხოლოდ მე ვიცი, რატომაც  არ მავიწყდება...
 **
მაისის შაბათი იყო თუ შაბათის მაისი, მზე მზრუნველად დაფოფინებდა თბილისს, თბილისელებს, სტუმრებს, ჭადრებს, მგზავრებს, დიდსა და პატარას. ახალგაზრდები  იქით - აქეთ მივიჩქაროდით, ვინ გამოტოვებდა შაბათს, შაბათ-კვირის  მოლოდინში ვიყავით , რადგან ეს  ორი  დღე ყველა უბანში მნიშვნელოვანი იყო საბიჭებოდ და საგოგოებოდ, საჭორაოდ  და  სამეგობროდ, საქეიფოდ და საქორწილოდ, ახლა კინო და თეატრი? მკერავი და  პრიმერკა? აქეთ  მუშტაეთი, იქით - ვერა და ვაკის პარკი, ფუნიკულიორი და მთაწმინდა, სასტუმრო "ივერიის" კაფეში ბლინჩიკები, პლეხანოვზე არტოს ბაღი და პონჩიკები...
ისეთი თბილი იყო თბილისი, ისეთ თბილისში ვიზრდებოდით, ზამთრის დიდთოვლობაშიც და სუბსარქისის  ქარებშიც  კი  ერთმანეთის  სიყვარულით  გვცხელოდა.
იმ  მაისის  შაბათს, რუსთაველზე საგანგებოდ  შევედი კაფე "ნარგიზში", იქ უგემრიელესი და ბუთქუნა "შუ" 22 კაპიკი ღირდა, ძალიან მიყვარდა, ვიყიდე ათი ცალი და მერე, პირდაპირ  პროსპექტზე უსინდისოდ გადავჭერი გზა თეატრალური ინსტიტუტის მოპირდაპირედ ( როგორ  გვეზარებოდა ოპერის წინ მიწისქვეშა გადასავლელით  სარგებლობა და გადი-გამოდი, სამგიეროდ, მანქანებს შორის გაძრომის ფეხმარჯვე ოსტატი ნამდვილად გახლდით. ახლა რაღა დროს  სირცხვილია, თორემ...) და, რადგან " მარშრუტკა " მაშინ თვალით არ მენახა, შევასკუპდი  თბილისელების საყვარელ ტრანსპორტს - ტროლეიბუსს.
მეგობართან მივდიოდი, უკვე  ნაშუადღევი იყო და ფანჯარასთან  კოხტად  მოვკალათდი  თუ  არა , ვიგრძენი, მაისის მზის სხივები შუ ნამცხვარივით  როგორ  მეტკბილებოდნენ  ფანჯრის იქიდან.
დავიძარით. სანახევროდ  შევსებული ტროლეიბუსი მეორედ რომ გაჩერდა, წინკარიდან ხანდაზმული, ასე 70 -75 წლის წარმოსადეგი  მამაკაცი  ამოვიდა, მერე  მხრებაზვირთებული  უჩვეულოდ  სხარტად შეტრიალდა ამოსასვლელისაკენ ( ნეტავ, წარსულში მოცეკვავე ხომ არ იყო-მეთქი, გავიფიქრე), ხელი გაუწოდა  მის ტოლ -სწორ  ქალბატონს  ისე, თითქო  ხელიდან  გაშვება არ  უნდაო,  ციმციმ  შემოიყვანა და იქვე, ჩემს შორიახლო, ორსკამიანზე  ჩამოსხდნენ  ხელჩაკიდებულები და მხარიმხარ  მიბჯენილები. მივხვდი, ცოლ-ქმარი იყვნენ, მრავალწელგამოვლილები, ჭაღარები, ბრძენები, სანდომიანები...ისე კოპწიად იყვნენ ჩაცმული, თვალი ვერ მოვაშორე. მაშინ მაკენტოჟს ეძახდენენ, აი, ისეთი ეცვა კაცს, ყელს სრიალა თხელი კაშნე უმშვენებდა, ქალს კი გულზე ბაფთიანი, გვირილებით დაჩითული  კაბა -კოსტუმი ემოსა, თეთრი  რედიკული  მუხლებზე  ედო,  ერთმანეთს  მიყრდნობილებს  მზის  სხივი დასთამაშებდათ.
რატომ  დამამახსოვრდნენ ეს მოხუცები?! იმიტომ, რომ  ემჩნეოდათ  უერთმანეთობა არ შეეძლოთ, იმიტომ, რომ  შუქიანი  თვალებით  უმზერდნენ  ერთმანეთს, იმიტომ , რომ ისევ მზად იყვნენ თავგასაწირად, იმიტომ, რომ ძალიან  ლამაზები იყვნენ, ძალიან. იმიტომ, რომ ერთგულება და მოწიწება  იგრძნობოდა ორივეში, იმიტომ, რომ უყვარდათ ერთმანეთი და შეუძლებელი იყო  ეს გასაოცარი სიყვარული არ დაგენახა.
მათი  შემხედვარე, უეცრად  დავბერდი, ფიქრებში...
ჩემი  მეგობრის სახლს  მივუახლოვდი, გაჩერდა ტროლეიბუსი და წამოვდექი ჩასასვლელად. დავინახე, მოხუცებიც წამოიშალნენ, ჯერ ბაბუ ჩავიდა, ხელი კვლავ დიდი მზრუნველობით გაუწოდა ცოლს, მშვიდობით ჩაიყვანა იმ ორიოდე საფეხურზე და მეც გავედევნე უკან შაბათის  მგზავრებს. ხელჩაკიდებულები გზის ნაპირს გაუყვნენ ტაატით, ნელა. არ ვიცი, რატომ, მეც  ფეხაკრებით გავყევი. ღმერთო, რა საყვარლები და რა ლამაზები იყვნენ...მთელმა ჩემმა  მომავალმა ცხოვრებამ  თვალწინ ჩამიქროლა და მაიას (ჩემს თავს) ვკითხე :
- შენც ასე გინდა დაბერება - მეთქი?
...მაიამ თავი დამიქნია...
მეგობრის  სახლამდე ათიოდე  ნაბიჯიღა რჩებოდა, წარმოდგენა  არ მქონდა  მოხუცები  საით მიეშურებოდნენ. უეცრად, შეჩერდნენ, ალბათ - გულმოსათქმელად. ინსტიქტურად  მეც  შევჩერდი, ერთ  წამში  მივიღე  გადაწყვეტილება და  მივეახლე. 
არ  მახსოვს რა ჩავიბურტყუნე, მაშინ, იმ  ჩემს  თბილისში, ზედმეტს უფროსს როგორ გაუბედავდი
და არც  უფროსი გაკადრებდა. ბოლო სიტყვები კი სამუდამოდ  დამამახსოვრდა, მოხუცებს  ვუთხარი:
- ჯერ 19 წლის  ვარ, სტუდენტი, მაგრამ სიყვარულით შექმნილი ოჯახი მინდა და თქვენსავით ლამაზი სიბერე - მეთქი!
არ ვიცი,  როგორ გავბედე ამდენის თქმა, ისე  შემრცხვა... თავი  დავუკარი, ბაბუმ თმაზე  ხელი გადამისვა, თითქოს მლოცავდა. ხმის ამოღება არ ვაცალე დაბნეულმა (სად მქონდა მაშინ ამდენი გამბედაობა?), მეტი  რომ ვერაფერი მოვახერხე, ნამცხვრის ყუთი "გვირილებიან" ბებოს მივაწოდე. წამიერად ისევ შევავლე თვალი  ორივეს, განუმეორებელი, თეთრი ღიმილით მიმზერდნენ, მე კი სულმოუთქმელად გავიქეცი მეგობრის სადარბაზოს  მიმართულებით. აღარ მივიხედე  უკან, არ მინდოდა გამქრალიყვნენ და იმიტომ...
***
ხშირად, ძალიან  ხშირად  ვფიქრობ  იმ თბილისზე, იმ  მოხუცებზე და დღევანდელ  მზეზე, რომელიც მაშინდელივით აღარ ათბობს.

მაშინ  სხვა მზე  იყო, თბილისს  ძალიან  უყვარდა  მზე, მზეს - თბილისი.
ადამიანებს კი - ერთმანეთი...

კახეთისფერი




...ჩემ  საყვარელ  კახეთს დავესტუმრე. ბოდბეში, წმინდა ნინოს საფლავთანაც ჩავიმუხლე, დიდხანს ვეფერე და ვეჩურჩულე... მერე "ნინოს წყაროსკენ" დავეშვი ციცაბოთი და დაღმართებით. თეთრი ფერის კვართი ვიყიდე, დიდი მღელვარებით ჩავიცვი და ისეთ ცივ წყალში შევედი...
ეს  განუმეორებელი გრძნობაა, რომელიც არ მტოვებს. იმ პატარა, მაგრამ ყინულივით ცივ წყალში ძალზე რთულია შესვლა, მაგრამ  ასე მეგონა მეორე ნაპირიდან სწორედ ნინო შემომცქეროდა და გავუძელი. ამოვედი  წყაროს  წყლიდან აკანკალებული, მაგრამ რაღაცნაირად მშვიდი და ბედნიერი.
დიდი მოწიწებით  დავკეცე კვართი და გულში კვართჩაკრული ისევ უკან ამოვბრუნდი, ახლა უკვე აღმართებით...
ბევრი ვიარე ქვით მოკირწყლულ  შუკებში. მერე გალავანს მივადექი, შევისვენებ – მეთქი და...
ალაზნის ველმა დასვენება სულ დამავიწყა.  ულამაზესი ალაზნის ველი გადამეშალა თავლწინ, მთებს ცოტა ბუნდოვნად ვხედავდი ნისლის გამო. ხან გაიფანტებოდა, ხან ისევ იმალებოდა პეიზაჟი, თითქოს მეთამაშებოდა. მეც ავყევი ამ თამაშში ბუნებას, გალავანს გავყევი და გამოვყევი, ვუღიმოდით  ერთმანეთს  მე,  ალაზნის  ველი, მთები  და  ნისლი... სამოთხეში მეგონა  თავი, უფრო  სწორედ, ალბათ,  ასეთი სილამაზის  წარმოვიდგინე სამოთხე...
გოდერძი ჩოხელის  სიტყვები გამახსენდა, რომლიც  პირადად  მითხრა:
–– რაც უფრო მაღლა მივიწევ  მთაში, ღმერთი  ხელის გაწვდენაზეაო...
ასე მგონია, გოდერძი უფალს შეხვდა კიდეც...
ინსტიქტურად ხელი მეც გავიშვირე და  მაიას  (საკუთარ თავს) ვუთხარი:
– ამაყი ვარ, რომ კახელი ვარ! კახეთი მეორე არ არის, არც პირველი,  კახეთი  ერთადერთია და მე ის უზომოდ მიყვარს – მეთქი!
გავხედე ისევ ალაზნის ველს, ნისლი გაფანტულიყო და გავძახე:
–– მიყვარხაარრრრრრრრრ!
რა  ვქნა, თუკი  ჩემთვის  სამშობლო კახეთისფერია?
–– "მაცალეთ – მეთქი  სიყვარულით  თრობა  და  ფიქრი და ნისლისფერი  წამისწამი  ამგვარ კახეთში..."
ნისლის მერე მთებიც ისე შემომეგებნენ, რომ ჩემთვის  ყველაზე  მთავარს სწორედ იქ, გალავნათან მდგომი მივხვდი:
–– ღმერთო  ჩემო, სწორედ   ეს მთებია  ჩემი  დიდი პაპები და იმათი  პაპის  პაპები. ამაყები, ძლიერები, საკუთარი  მხრებით  რომ  ზიდეს  ცხოვრება  და  დღემდე  მოგვიყვანეს. ყველას ჩვენი  პაპები  გვყავს  საქართველოს  მთებისა  და მთაგრეხილების  სახით, რომლებიც ზემოდან დაგვყურებენ და ფიქრობენ:
––აბა,  ჩვენი  გოგო– ბიჭები  როგორ  არიან, რას  აშავებენ, რას აკეთებენო?!
აი, ნისლი კი ბებო მგონია, ზოგჯერ რომ წაიცრემლებს შვილიშვილების და იმათი შვილების გამო...როცა  ბალღები კარგად  არიან, დაცურავს  ცისფერ – თეთრ ქულებად და უხარია.
ამინდი კი უპირველესად  სწორედ  მთებს ეტყობა. ვინც საშინელებას ჩადის,  ჭექა – ქუხილიც იმიტომ გვატყდება ხოლმე  თავს, თუ  ნათელი ამინდია, ესე იგი არაგვიშავს, გვეფერებიან ჩენი წინაპრები, პაპები, ბებოები....
ერთი მთა ისე მიმზერდა, მივხვდი , ჩემი  საყვარელი,  მწვანეთვალება, მონატრებული, კეთილი სანდრო პაპა იყო, მარიამ ბებო კი მის ზურგს ეფარებოდა, ალბათ საქმობდა, როგორც ყოველთვის...მეორე მთაში კი  ჩემი მოსიყვარულე  გოგია პაპა  ამოვიცანი, სიყრმის შვილიშვილს "ზემოდანაც"  რომ  ჩამეხუტა – გენაცვალოს  შენი  პაპაო...მეორე მარიამ ბებომ კი (ორივეს მარიამი ერქვა), წამო, ლეღვი დავკრიფოთო – გადმომძახა...
ავტირდი, მათი მონატრებით, როგორ  ავტირდიი...
მერე ამაყად ავწიე თავი და  ისევ  გავხედე ალაზნის ველს, მთებს, მის ფერდობებს...
გაგიმარჯოთ, საქართველოს მთებო! პაპებო, პაპის პაპებო,  პაპის პაპის პაპის პაპებო...
იცურავეთ  ნისლებო,  ბებოს ბებოებო, ბებოს ბებოს ბებოს ბებოებო...
მიყვარხაარრრრრრრთთთთთთ!
ჰო, სამოთხესავით  ლამაზებო, მიყვარხართ  ძალიანაო...

1 აგვისტო.2013 წწ. თბილისი – კახეთი.
მეე – მაიკო კახიძე.


წამო, მიყვარხარ!


რა არის წამიო?- შვილიშვილმა მკითხა და დავფიქრდი: რა თუ ვინ? ნეტავი, გოგოა თუ ბიჭი...სახელის დარქმევა მინდა და ვერ ვბედავ. ღმერთო ჩემო, ბიჭია თუ გოგო?!
ოოო, წამი ისეთი მშვენიერია, ისეთი სათუთი, ოღონდ, როდესაც ჩვენ ვართ კარგები. არ უყვარს გაბრაზება, ღალატი, ტყუილი... წამი ხომ მფარველი ანგელოზია და განაწყენებული და გულნატკენი ისე საბრალოდ ტირის ხოლმე, მაგრამ როცა უხარია - ულამაზესია.
რა თქმა უნდა, ბევრი ცრემლი დაგვდენია, არც შიში და გულისტკენა დაგვკლებია, მაგრამ რამდენჯერ დაგვხმარებია, სიხარულიც რამდენი უჩუქნია?!
ესააა სწორედ წამის სიდიადე, საჭირო დროს ყოველთვის გვერდით რომ არის!.. მეტი რა გააკეთოს ერთმა პაწია წამმა? სხვა დანარჩენი კი საკუთარი შეცდომების ბრალია.
თუ დააკვირდები, აუცილებლად დაინახავ ატირებულსაც და გაღიმებულსაც, სევდიანს და ბედნიერს, აცეკვებულს და ამღერებულს, აფორიაქებულს და დარდიანს ...
ცხოვრებაა ეს და იმიტომ, ცხოვრება წამიდან იწყება და იმიტომ, წამი ცხოვრების ანგელოზია და იმიტომ, წამი ყველაფერს გრძნობს, ხედავს და იმიტომ.
წ - ა - მ - ი, წ - ა - მ - ი, წ - ა - მ - ი... დრო, დრო, დრო...
წამი დიდი ძალაა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. დრო არასოდეს ბრუნდება, ადამიანებს ჩვენ ჩვენი წამი გვაქვს დროში განკუთვნილი. დრო - დროში გადის, წამი - წამში, წამები - წამებში, ყველაფერი კი ჩვენში...
დრო ისეთი რამეა... აქედან - ცამდე, ციდან -აქამდე და იქ, შიგნით, დედამიწაში... რადგან დრო არასოდეს ბრუნდება, წამია სწორედ ყველაფერი: წ -არსული, ა -- წმყო, მ- ომავალი, ი -- მედი.
ქართველებს მთელი არსებით გვიყვარს ჩვენი წარსული, აწმყოში ვწვალობთ მომავლისთვის და მომავალს კი იმედით ველით.
ნუ მოგვიშალოს ღმერთმა წარსული, აწმყო , მომავალი და იმედი.
წამი, წამის წამი... წამი, წამის წამი... წამი, წამის წამი...
წამი ჩემი მეგობარია, ჩემი ჭკვიანი და ერთგული მეგობარი, ჩემი მფარველი ანგელოზი, რომელმაც ბევრი მატირა და ბევრიც მაცინა, მეც გავაბრაზე და იმანაც გამაბრაზა, მეც მოვეფერე და ისიც მომეფარა... და, ამიტომ მთელი გულით მიყვარს, გულის გულით და გულის გულში.
წამო, შენ რომ დაგკარგო, მითხარი აბა, რა მეშველება?!
მინდა წამისა ამოვხსნათ წამი - მეთქი, ესეც ხომ ვთქვი?
ბედნიერი ვარ, მე ამოვხსენი წამო წამები და გზად ფეხშიშველი ვივლი შენამდე,
რადგან მიყვარხარ.
წამო, მიყვარხარ!
მიყვარხარ, წამო!
წამოოოოოოოოოოოოოო...

იცი, რატომ არ ვცხოვრობთ სამოთხეში?


...გუშინ საღამოს  დაიწყო და დაიწყო  თუ  დამეწყო, უმიზეზოდ  არა, რასაკვირველია  და    დილითაც  გაგრძელდა. აი, მოსაღამოვდა და მაინც...
– რა?
– რა  და, გამუდმებით  ვიხსენებ და  ვიმეორებ  მრავალი  წლის  წინ  განცდილს,      განვლილს...
– რას?
– იმას, რომ  არცერთი სიტყვა არ  მითქვამს  შენთვის  სიყვარულზე, მაგრამ  არცერთი მითქვამს უსიყვარულოდ. გაიგე? ვერაფერიც  ვერ გაიგე. ამასობაში  კი გადაიარა  გულზე ცხოვრებამ...
შეგიძლია  მიპასუხო, სიყვარული  უფრო  გრძელია  თუ  ცხოვრება?
–  არ ვიცი.
– მითხარი, ისევ  რატომ მიპოვე?
– "ლაივში" გეტყვი  რატომ გიპოვე, არ მიყვარს ეს თანამედროვე სიტყვები.
– შენც  ნუ  ამბობ.
– კარგი.
– იცი,  რატომ  არ  ვცხოვრობთ  სამოთხეში?
– რატომ?
– ყველას  რომ  შეეძლოს  სიყვარული, აი, მაშინ  იქნებოდა  სამოთხე.
– მართალი ხარ.
– ვიცი,  რომ  მართალი  ვარ.
– კიდევ, ერთგულებაა  მთავარი, მგონია, რომ  სამოთხემდე   ერთგულება  მიგვიყვანს. მე  ასე ვფიქრობ. შენ  ასე არ  ფიქრობ?
– რა  ვქნა, ვერ გიერთგულე, ასე მოხდა.
– იმიტომაც  გაგეცალე...
– ვერ  გავიგე, რატომ  მიპოვე  ისევ. აა, ხო, "ლაივში " მეტყვი...
– აუცილებლად  გეტყვი.
–შენი  ერთი  განუყრელი  თვისება  არასოდეს  მომწონდა: გამოჩნდები  ქრები,  გამოჩნდები,    ქრები....  დღესაც  ისევ  ისე  იქცევი. ლოდინი კი  ძნელია, ძნელი  და  სასტიკი. თუმცა  მესმის, ეს  შენი  ცხოვრებაა, ისევე  როგორც  ჩემი  ჩემია  და  ამ  ჩვენს  ცხოვრებაში  ხან  არის  დრო, ხან – არა.
 მაგრამ  მაინც  გულდასწყვეტია, რომ  ქრები...
– რა?
– რა და გაქრობა.
– რის გაქრობა?
– მწვანე  პატარა შუქის.
– სად, ვერ ვხვდები.
– შენს  ფბ–ზე.  მე კი მზე მინდა, გესმის?  ნამდვილი მზე !
– მართლა?
– რა თქმა  უნდა, მართლა. ეეჰ, მუდამ  მზესავით  ეშვები  წყალში, მუდამ...
– ახედე ცას?
– ავხედე. დღეს მზე არ ანათებს. წავედი, მზეს ვერ ვხედავ
– დაიცა, სად წახვედი...
– მზესთან, იქნებ  შევებრალო  და  ჩემთვის  ცოტა  გამოანათოს.
– მართლა  გინდა  მზე?
– კი, ძალიან. გულში  მინდა.
– სად?
– გულში – მეთქი.
– რატომ?
– ეეჰ, კარგი, რა... მზეო ამოდი, ამოდი, ნუ  ეფერები... არა, ნუ ეფარები...
   ვერა, ვერაფრით  გავიგე,  სიყვარული  უფრო  გრძელია  თუ  ცხოვრება?
– ამ  ცხოვრებისას  რას  გაიგებ? თუ – რას გაიგებ ამ  ცხოვრებისას?!
– არა, რას გაუგებ...


განა რა მინდა, მყავდე და გყავდე


... არც  არასოდეს  დამავიწყდება  ის  ცხელი, ტყვიისფერი  და  ცრემლისფერი  ზაფხული, რომელიც 2008  წლის  7 აგვისტოს  ღამეს დაიწყო.
მომდევნო  ღამეებიც, დღეებიც, ყველაფერი  ერთმანეთში  რომ  ამერია... ამერია  თუ  აირია? ალბათ, ორივე  ერთად.
... ნაშუაღამევს,  ზუსტად  03 სთ.და 10 წუთზე  ზარი  გაისმა. შეშოთებით   წამომაგდო გვიანმა ზარმა.  სამხედრო  კომისარიატიდან  რეკავდნენ, თქვენი  შვილი დაუყოვნებლივ მოვიდეს გამგეობის  შენობასთანო. ვკითხე, რაშია  საქმე – მეთქი,  მაგრამ  მრეკავმა  პასუხი არ  გამცა.
ჩემი  შვილი  ორჯერ  იყო   ნამყოფი  ე.წ. რეზერვში  და  ვიფიქრე, ალბათ, რამე  საგანგებო   წვრთნა  აქვთ – თქო.
სასწრაფოდ  ჩავიცვით  და  დილის  4 საათზე  უკვე  გამგეობასთან  ვიყავით.
დაგვხვდა  უამრავი  ახალგაზრდა, ავტობუსები, ფორმიანები, ფაციფუცი, , ჟრიამული  და სრული  გაურკვევლობა, არავინ  იცოდა  რა  ხდებოდა.
ამ  დროს  დამირეკა  ერთმა  კოლეგამ  და... ენა  ჩამივარდა...ხმას  ვერ  ვიღებ... როგორ, ომი?! ლამის მიწა გამომეცალა ფეხქვეშ.
ჩემი  დედისერთა  შვილი  ლევანი  ვაჟკაცი  ბიჭია, გვერძე  გავიყვანე  და კანკალით ამოვღერღე სათქმელი:
– ომი  დაიწყო  და ეს  ომში  წასვლაა– მეთქი!
– ხომ  იცი, მაინც  ვერ  შემაჩერებ  და   გთხოვ , არ  იტიროო – მიპასუხა. მის  თავს  ვფიცავ, ასე მითხრა.
მაშინვე  გავიქეცი. კარგა ხანს ვირბინე  ფეხით  და სადღეღამისო  მარკეტს  მივაგენი, სიგარეტები ვუყიდე  და  მინერალური წყალი, მეტი  ვერაფერი მოვიფიქრე  და  უკან გამოვქანდი. მერე, რაც  ფული მქონდა   ჩემს  დედისერთას  ჩავუბღუჯე  სიგარეტის  ფულად.
–  იქ  სად ვიყიდი სიგარეტსო, სიცილი დაიწყო.
ამ  დროს  ყველას  ავტობუსისკენ  მოუხმეს,  გადავეხვიე  ჩემს  შვილს, რომელიც  სასწრაფოდ დამემშვიდობა  ჩემი  ცრემლები  რომ  არ  დაენახა  და  ავტობუსში  ავიდა.
აი, მაშინ  კი  წამსკდა  ცრემლები...
თითქმის  გათენებულიყო, ერთმა  ქალბატონმა  მითხრა:
– რატომ  ტირით, აქამდეც  ხომ  იყვნენ  რეზერვში, ერთ  კვირაში  სახლში   გვეყოლებიანო.
ვერ  ვუთხარი  სიმართლე,  ისედაც   მალე  გაიგებდა  და  რაღა  მე მეთქვა  ომის  დაწყება?
ჯერ კიდევ გაშეშებული ვიდექი  გამგეობასთან  და არ  ვიცოდი  სად  გავუშვი  ჩემი დედისერთა...
წავლასლასდი  სახლში, ჩავრთე  ტელევიზორი  და...
საერთოდ არ  დამიძინია  მომდევნო  დღეებში  და არც  არაფერი  მიჭამია. მხოლოდ  წყალს ვსვამდი, პირი  მიშრებოდა  გამუდმებით.
ფეხმორთხმული  ვიჯექი    ტელევიზორთან. აქეთ  მობილური, იქით  სახლის  ტელეფონი, ზარები, ზარები... მომსვლელი, წამსვლელი...
აი, მაშინ  შემძულდა  სწორედ  სიგარეტი, მხოლოდ  წყალი  და სიგარეტი  მასულდგმულებდა.
მერე, უთენია   საავიაციო  ქარხნის ეზოში  ჩამოგდეს  ბომბი, ყველაფერი  ზრიალებდა...
4  დღე  და  ღამე  არაფერი ვიცოდი  ჩემი  ლევანის შესახებ  და ეს იყო ყველაზე  გრძელი 4 დღე ჩემს  ცხოვრებაში... გაიგდეს  ცხვრებივით  ახალგზარდები  გაურკვევლი მისამართით, გაურკვეველი  მისიით  გაურკვევლ  ომში...
არადა,  განა  რა  უნდა  დედას?  დედას  უნდა  შვილი  ყავდეს  და  შვილს   ყავდეს  დედა. ჰო, განა  ბევრი  მინდა? მინდა  მყავდეს  და  ვყავდე!
თან  რძალ –  შვილიშვილების  დამშვიდებაც  დედებს გვერგო წილად. ეს  ძალზე რთული გასაკეთებელია, ახლაგზრდა  გოგონა, რძალი, იგივე  შენი  შვილი ამშვიდო  და საჭირო სიტყვები   მოძებნო.  შვილიშვილს  კი აუხსნა  მისივე  ენით,  რატომ  და ვინ  დაიწყო  ომი!
მე  იმ  5  დღეს  ვერასოდეს, არასოდეს  დავივიწყებ. მე  იმ ხუთ  დღეში  სრულიად გამითეთრდა თმა, იმ  5 დღეში  სიკვდილს  ჩავხედე  თვალებში  ყველას  შვილების სიყვარულით,  შიშით,  ძრწოლით, უიმედოდ, იმედით...
ამიტომაც, არასოდეს  ვაპატიებ  ამ ომს  არავის, უპირველესად  საქართველოს მთავრსარდალს!   არავის  ვაპატიებ  ტერიტორიების  დაკარგვას,  ამდენ ლტოლვილს, გახლეჩილ  ოჯახებს, ამოდენა ულამაზესი სოფლების  მიწისგან  პირისა  აღგვას, შაოსან დედებს, ახალ  სასაფალოს...
მძულს  ომი!  მძულს  ომის  მოსურნენი! მძულს  არანორმალური ხელისუფლება!
მართლა  საჭირო  ომში, თავადაც წავიდოდი, ქართველი  ქალი  მამაცია, შვილს   და სამშობლოს  დაუფიქრებლად  რომ  შესწირავს  თავს,  მაგრამ  აგვისტოს  ომი  სულ  სხვა  რამ იყო,  რომელსაც  არ  თუ  ვერ  დაარქვეს  "სახელი".
ჩემი  შვილის   ნაამბობის  გამხელას  კი  არ  ვაპირებ,  არ  მომიწონებს  იმის  გათქმას, რაც დედას გამანდო, ისედაც  უამრავი  დედა  გაამწარა  აგვისტოს  ომმა!
ნათელში  იყვნენ  ყველა! ვაიმე , შვილებო!
უფალო, გთხოვ,  არცერთი  დედა   არ  მოასწრო  შვილის  სიკვდილს. შენ  ხომ  ყველაზე უკეთ იცი  ამაზე  მეტი   სასჯელი  რომ  არ  არსებობს  დედისთვის?!
ღმერთო  მაღალო, გევედრები,  დაიფარე  ჩვენი  შვილები!
საქართველოს  მთავრობას  კი მინდა  ვუთხრა:
–  ხვალ   ყოველთვის  ახალი  დღეა,  რომელშიც  ჯერ კიდევ  არაა შეცდომა. ჰოდა,  ნუღარ დაუშვებთ, დაიღალა  ჩვენი  სამშობლო,  დაიღალნენ  დედები, გულამოსკვნილი  ტირის  და  გმინავს  დაქანცული  ქართული  მიწა!
... ნეტავ   სადმე  ტვინი  იყიდებოდეს,  სიამოვნებით  მივართმევდი  საქართველოს  გიჟებს!!!


ციცინო და გიორგი

(ნამდვილი ამბავი)




ჩემ საყვარელ მამიდას ციცინო ჰქვია, უზომოდ მიყვარს. მე რომ დავიბადე, სკოლის მოსწავლე იყო, პირველი ძმისშვილი ვარ მისი და კაი გვარიანი ამაგიც აქვს ჩემზე.
რომ შემომძახებს:
– გენაცვალოს, მამიდამოო...
ისე დღე ბედნიერად მიღამდება. ზოგჯერ, გული უგრძნობს, ალბათ, თუ ცუდი რამ ხდება ჩემს თავს, მირეკავს მუდამ და ისე მომესიყვარულება, ყველაფერს მავიწყებს. განსაკუთრებით, მამაკაცს როგორ არ უნდა დააჩაგვრინოს ქალმა თავი., ამას შემომძახებს ხოლმე. მე კი ვხვდები, ამით რას მეუბნება ჩემი ციცუნია ანუ ძლიერი იყავი მუდამო... ვიცი მისი ენა...
ხო, მთავარი არ მითქვამს, მამიდა გურჯაანში ცხოვრობს, კახეთის შუაგულში და არც მეტი, არც – ნეკლები, გიორგი მახარაშვილის მეზობელია. იქვე, 30 მეტრის მოშორებითაა მისი კოპწია ეზო – კარი. 
ო, როგორ მიყავრს ხოლმე მამიდასთან სტუმრობა, ძალიან კოხტა აივანზე დედოფალივით ვზივარ, ამ აივანს ირგვლივ შავი ყურძენი ამშვენებს, ზურგს უკან, უგემრიელესი კარალიოკი, გადაწვდი და მიირთვი, ცოტა თუ წამოდექი, ქარვისფერი ლეღვითაც ჩაიტკბარუნებ პირს შემოდგომაზე.
არადა, იმ დალოცვილ კახურ მიწაზე კივის ხეებიც დარგო და ისიც გაახარა. მაგრამ მამიდას კრუხ –წიწილა კი ცოტა მაბრაზებენ, გამოძინებას არ მაცდიან მამიდას მამლები და სულ ვემუქრები, დაგიკლავ – მეთქი. მამლებს ვერ ელევა და დედლის ჩახოხბილს კი არ მაკლებს, როცა ვესტუმრები ხოლმე, რასაკვირევლია.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრის თქმა შემიძლია კახეთზე და მამიდაზე, მაგრამ დღეს რატომ გამახსენდა მაინცდამინც?
იმიტომ, რომ დღეს დამირეკა. უფრო სწორედ, ზარი გამომიშვა. გაეშმაკდა ეს ქალი სულ. მაშინვე გადავურეკე, რა თქმა უნდა:
– ხომ მშვიდობაა, მამიდა?
– გენაცვალოს , მამიდა, შენ ხმას რომ გავიგებ, მშვიდობაა, მა რაა...
– სხვა , როგორ ხარ, წნევის წამლებს ხომ იღებ, მამიდა? კიდევ ხომ არაფერი გაწუხებს – მეთქი?
– იი, როგო, არა, მაწუხებს, მა რაა.
– მეხუმრები?
– რაი გეხუმრები, ეგე, ძაან რო ცხელა ფანჯრები სუ ღია მაქვს და ძაან შემაწუხა გიორგის ხვრინვამო.
ამიტყდა სიცილი. მამიდაჩემი მრავლი წლის წინ დაქვრივდა და იმიტომ.
– ჰჰააა, ვინ გიორგი გყავს მანდ ? – ვითომ გავბრაზდი.
– ვინა და , ეგე, გიორგი მახარაშვილი.
კარგა ხანს ხმა ვერ გავეცი სიცილისაგან. ვეფერე და მეფერა ჩემი საყვარელი მამიდა, ჩემი ციცუნია. ნეტავ იქ ვყოფილიყავი, კახეთის შუა გულში... და მამიდას გულში ჩახუტებული...
*
არადა, ადრე ტელესერიალის გმირი " ბუდულაი" უყვარდა. სინამდვილეში კი, გამომიტყდა – თემურ წიკლაური მიყვარსო... გენიოსი მამიდა მყავს, პატარა კახელი...
გენაცვალე, ჩემო ციცუნია, დიდხანს უნდა იცოცხლო, იმიტომ, რომ სანამ შენ ცოცხალი ხარ, მე სულ შენი პატარა და "გენაცვალოს მამიდაა" – ვიქნები...


                                  აბა, უფლისწულიო?


(ნამდვილი ამბავი)



...ერთი  ძალიან  ლამაზი  გოგონა  ხშირად  გაჰყურებდა  გზას, თეთრ  რაშზე  ამხედრებულ უფლისწულს  ელოდა  ზამთარში, ზაფხულში, გაზაფხულზე...
შემოდგომა  გამორჩეულად  უყვარდა. მოკრეფდა  შემოდგომის  წითელ – ყვითელ  ფოთლებს, ჩაიწნავდა  თმაში,  იქვე, სახლთან   მზის  გულს  მიეფიცხებოდა  და ჯიუტად  ელოდა  ბედს, უფრო  სწორედ, საბედოს, მაგრამ  არა  და  არ  ჩამოიარა  გოგოს  ქუჩაზე უფლისწულმა.
მერე  კი  ფოთოლ-ფოთოლ  გაეძარცვა  ნატვრა ... 
ყოველ  წელს  ეთხოვებოდა  ხან  ზაფხულს, ხან  გაზაფხულს... 
ზამთარში,  თოვლის ბარდნასთან ერთად  ღამეც  ელოდა  გადათეთრებულ  შარაზე  თეთრი რაშის  ფლოქვების  ხმას, თუმცა, ვერა,  ვერ  მივიდა  საკურთხეველთან... მარტო...სევდიანი...
ბედი  გამოენასკვა ამნაირი და  რაღას  იზამდა  მისი თვალები  ნაღველით  სავსე?
ელოდა, ელოდა, ელოდა...
ოო,  რამდენხანს  ელოდა  თქარათქურს...
... დილით, ადრიანად  მოემზადა. შინიდან  გასვლის  წინ, ჩვეულებისამებრ  ჩაიხედა  სარკეში და რამდენჯერმე  ჩაილაპარაკა:
– ბედისწრავ – მექორწილევ  ჩემო, ბედისწერავ – მექორწილევ  ჩემო... 
გამოიხურა  კარი. პატარა, გაცრეცილი  საფულე  მაგრად  ჩაბღუჯა  ორივე  ხელით  და პენსიის ასაღებად   წავიდა  ბანკში...
*
– მომატებული  პენსიის?
– უი, არ  ვიცი. დღეს  კვირაა, ხვალ  გავიგებ  და  გეტყვი.
– ბანკში  კაცი  პენსიონერებიც  ხომ  დადიან?
– იტყვი  ხოლმე  შენც...
– აბა, უფლისწულიო?
– ნახე  რა  ნამჯისფერი  ღამეა, შემოდგომის  პირველი  ღამე, პირველი  სექტემბერი, უქმე. დაიძინე...
– საწყალი, შემებრალა. 
– დაიძინე, ვერ  ხედავ  ანგელოზები  მოგვიბრძანდნენ?
– აბა, აბა, სად  არიან?
– დაიძინე...
– კარგი, დავიძინოთ. მართლა შემე...ც...ო...დ...ა...
*
 ანგელოზები  სასთუმალზე  მიყუჩდნენ. შუაღამისას  ყმუოდა  ძაღლი...


დარია-მარია-ნათია

( ნამდვილი ამბავი) 

5–6 კვირის წინ  სხვა ბინაში გადავედი, მესამე სართულზე ვცხოვრობ. მეორე დღეს, დაქანცული ჩავეშვი სავარძელში, ცოტა ხნით სულს მოვითქვამ –მეთქი და უცებ, ფანჯარა ლამის თავზე დამაზრიალდა. 
შეშინებული  წამოვვარდი. ბავშვებმა,  ალბათ ქვა  ესროლეს – მეთქი  და გადავიხედე, დაცაცხანება  მინდოდა. ვაჰ, ბავშვის ჭაჭანება  არაა, გვერდითა სადრბაზოს  მომიჯნავე აივნიდან  კი  ასე 70  წლის ქალბატონი  მამაპაპური  "პოლის" ჯოხით გადმომდგარი  მიქნევს ჯოხს. ერთხელ  კიდევ  მიარტყა  ჩემს  ფანჯარას:
– ქალბატონო, რას ერჩით  ჩემს  ფანჯარას? – გავცეცხლდი  მართლა.
– დენი გააქ, გააქ? გაზიი? – ვერ მივხვდი ჯერ, რა უნდა. 
– რა გქვია?
– მაია–მეთქი. მაინც  უფროსი  ქალბატონია  და  თავი  შევიკავე.
– მარიაა?
– არა, მაია!
– მე  დარია  მქვია.
აქცენტზე  შევატყე, დასავლეთ  საქართველოდან  უნდა  ყოფილიყო. ჩემი  მეუღლე დამეხმარა, საჩხერულ – ჭიათურული  კილო  აქვსო – მითხრა (ბიძაშვილები ყავს იქ და იცის) და ამანაც  თავი  გაყო ფანჯარაში.
დარიამ  დაინახა  თუ  არა  მამაკაცი, მაშინვე  გაიბადრა. ახლა  ჩემს  ქმარს  გამოკითხა სახელი, პროფესია... ვთხოვეთ, მეორედ  აღარ  შევეშინებინე  და  არ  დაემტვრია  ფანჯრები.   – კარგი –  ნათიაო.
ვიფიქრე, მოხუცია და შეეშალა, მერე რა მოხდა– მეთქი. არადა, გამაჟრიალა, პირჯვარი გადავიწერე  და  მაშინვე ჩავილაპარაკე:
– ღმერთო, ოღონდაც  გონება  შემინარჩუნე  როგორი  მოხუციც  არ  უნდა  ვიყო – მეთქი.
ნაშუაღამევს  კი (გაგანია ზაფხულია და ფანჯრები ღია მაქვს) მესმის:
– ნათიაა, ნათიააა... უმატებს ძახილს. 
ვააჰ, ისევ ის ხმაა, გვერდითა სადარბაზოს კედლის მეზობლის. რომ  არ  გაჩერდა, გავიხედე.
– ნათიაა (რატომ შემიცვალა სახელი, არ ვიცი), ბესიკი  სკოლაში  გეიცანიი?
–ქალბატონო  დარია, ახლა  ღამის  ორი  საათია, ხვალ მკითხეთ  რაც  გაინტერესებთ –თქო, მაგრამ, აბაა, არ  მეშვება.
– სკოლაში  შეგიყვარდაა? – ესმით  მეზობლებს,  ვგრძნობ.
– რა  იყო, რას მალავ  მა  ბესიკის, ვის  რად  უნდა  მაი  ბებერი! – ახლა  ჩემი  ქმარი  მოვიდა ფანჯარასთან, მივხვდი, "ბებერზე"  გაბრაზდა. 
ვერ  გაგვიგია,  რას  გვერჩის  ეს  ქალი.
დაინახა  თუ  არა  ბესო, ახლა  მუსიკალური  რეპერტუარი  ჩართო  და "ნათიაო, ნათიაო, გოგო რა დაგმართნიაო..." წაგვიმღერა.
როგორც  იქნა  დაგვანება  თავი  და  დაღლილმა  ძლივს  ჩავიძინე.
ზუსტად  დილის  7  საათზე  კი  ისევ  მისი  საყვარელი "ნათიაო"  ჩამესმა  და   რა სისწრაფით წამოვფრინდი, არ  ვიცი. ლამის ფანჯრიდან  გადავხტი  მის  აივანზე  და  ძალიან გაბრაზებულმა  ვუსაყვედურე.  ერთხელ  კიდევ  ვეცი  პატივი  მის  ასაკს.
მაინც  არ  მანებებს  თავს, დილა–საღამო  სერენადებს  მიმღერის   და სარეცხს  ჩემს  მხარეს ფენს, რომ  სულ  მიჭვრიტინოს.
ბესოს  ვუთხარი:
– მგონი  შენ  შეუყვარდი  და  იმიტომ  ამითვალწუნა – მეთქი. ვიცინეთ.
ორიოდე  დღის  წინ  ეზოში  ნახა  ბესომ  დარია. მანქანას  გაგირეცხავო, უთქვამს, შენ  კი სანაცვლოდ  ჭიათურაში  წამიყვანეო.
აი, აქ  კი  მივხვდით,  რომ  საბრალო  დარია  ავადაა. თან  მარტო  ცხოვრობს  და  გუშინ გავიკითხე  სწორედ  მისი  ამბავი. 
ძალიან  კარგი  ქალბატონი  ყოფილა, სახლიც  სულ  მიწკრიალებული  აქვსო, მითხრეს, ქალიშვილი  აკითხავს, უპატრონო  არ  არის, ეს  რაც  ჭირს, დიდი ელდისგან დაემართა , შინ დაბრუნებულმა  საკუთარი  ბიჭი  ჩამომხრჩვალი  ნახა  და იმის  მერე  ვეღარაა  კარგადო.
ძალიან შემებრალა...
მივხვდი, არავინ  რომ  არ  ელაპარაკება, თვითონ  ცდილობს  ადამიანებთან  კონტაქტს, როგორადაც  შეუძლია, რასაკვირველია.
ნათია  ვის   აგონებს   არ  ვიცი, მაგრამ  ისეთი  მონდომებით  მიმღერის... 
მებრალება  დარია  თავისი  სიყვარულისთვის.  ავად  კი  არის, მაგრამ  მე მგონი, შვილი  რომ ენატრება, იმიტომ  უფროა  ავად...  

და  ერთი  თავისებურება  შევამჩნიე. უზარმაზარ  აივანზე  ძალიან  ბევრი  თოკი  აქვს გაბმული. ესეც  შვილს  აგონებს, ალბათ...


და მივეცი ცრემლები... 




ერთხელ  პატარა  ბიჭმა  დედას  ჰკითხა:
– დედი, რატომ  ტირი?
– იმიტომ, რომ  ქალი  ვარ – უპასუხა  დედამ.  მაინც  ვერ  გავიგეო,  ჩაიჩურჩულა  შვილმა  და  ახლა  მამას  ჰკითხა:
– მამი, ზოგჯერ  თავისთვის  ტირის  დედა  და  მეცოდება. რატომ ტირის  და  რა  ატირებს?
– ყველა  ქალი  ტირის ხოლმე, ისე, უბრალოდ... მეტი  ვერაფერი  უპასუხა ჩაფიქრებულმა  მამამ. გავიდა  დრო  და  ბიჭი  გაიზარდა. ერთ  მშვენიერ  დღესაც უფალს  ჰკითხა:
– უფალო, მინდა  ვიცოდე  რატომ  ტირიან  ქალები  ხშირად, მართლა უბრალოდ  ისე  თუ?.. 
უფალმა  უპასუხა:
– მე  ქალი  განსაკუთრებული  და  გამოჩეული  შევქმენი. მივეცი  მას ისეთი  ძლიერი ხელები,  მთელი  ქვეყანა  რომ  ხელებში  დაიკავოს. მივეცი  ნაზი  ხელებიც, საკუთარი პირმშოს  პაწია  თავი  ხელებში რომ  დაიტიოს. მივეცი  მოთმინება, რათა მშობიარობის ტკივილს  გაუძლოს.  მივეცი  რწმენა, რომ მხოლოდ   წინ  იაროს. მივეცი  შვილის უსაზღვრო  სიყვარული... მე  შევქმენი  ქალი  მამაკაცის  ნეკნიდან, რათა  დაიცვას მამაკაცის გული  და  შევქმენი  გულის  უკან  მდებარე  ნეკნიდან იმისთვის, რომ  ქალი მუდამ  საყვარელი  ადამინის  გვერდით  ყოფილიყო. მივეცი სიბრძნე, რათა  გაიგოს  ის, რომ  კარგი  ქმარი   შეგნებულად  არასოდეს  მიაყენებს ცოლს  ტკივილს. ქალი  ფეხიდან სწორედ  იმიტომ  არ  შევქმენი, რომ  არავითარ შემთხვევაში  არ  დაამციროს  არავინ. დიდი  სიფრთხილე  მართებს  მამაკაცს  ქალი რომ  არ  აატიროს, მე  ხომ  ვითვლი  მის ცრემლებს? ჰო, და  ქალს  მივეცი ცრემლები ისევე, როგორც  სიხარული ან ღიმილი... მივეცი  ცრემლი, რათა  დაღვაროს  სადაც სურს და როგორც  სურს,  მივეცი  ღიმილი, რათა იღიმებოდეს  რამდენიც  სურს... ქალისთვის  ყველაზე  საუკეთესო  ადამიანები  ისინი არიან, ვის  გამოც  და ვისთვისაც  ის  იღიმის. ქალის  სილამაზე  კი  არც  ტანსაცმლით იზომება, არც სამკაულით და არც  ვარცხნილობით.  ქალის  სილამაზე  მის  თვალებშია, რომელიც აღებს  ქალის  გულის  კარს, სადაც  მხოლოდ  სიყვარული ბინადრობს...
– გმადლობ, უფალო!
– არასოდეს  ატირო  და  მოატყუო  ის  ქალი, რომლის  თვალებშიც  შენს  ცხოვრებას  ხედავ!
– უფალო, შემიწყალე...

გარეთ ღამე დაწანწალებს



...12საათი 30წუთი. შუაღამე. დღეს + ღამის შუა. დიდხანს ყეფდა დიდი ძაღლი, დიდხანს წკავწკვებდა პატარაც...
რას ერჩოდა დიდი? პატარის ხმა აღარ მესმის. ხომ არ გაიბუტნენ, ნეტავ?
ალბათ, მიეგდო სადმე საცოდავად.
ცივა, ხო იცი...
აი, ციცქნა პეპელამაც თვალწინ ჩამიქროლა. გულწრფელად მიხარია, მარტო არ ვარ ოთახში...
დიდი ძაღლი ძლივს დადუმდა და მე და პეპელამ შვებით ამოვისუნთქეთ.
საყვარელი პეპელა. ვიცი, ძაღლი ისევ გააგრძელებს ყეფას, ეს კი...
– რა მოკლე წუთისოფელი გაქვს, გოგო, გულწრფელად მებრალები. არადა, ყველა პეპელა გოგო მგონია. რავიცი...
კი ვიცი, მაგრამ სხვადროს იყოს.
შუაღამეა. 12საათი და 40წუთი.
რა არის ღამე? ალბათ, დღის არსებობის დამამტკიცებელია. ამტკიცე და იყავი. შავი ძაღლივით წკმუტუნებს ღამე...
არადა, ვერც გადაწერ. ღამეა რა...სცენარი ხომ არა.
ნეტავ არ აყეფდეს ის დიდი ძაღლი.
12 საათი და 45წუთი.
ორივე, მე და საათი თვალი თვალში გაყრილი შევცქერით ერთმანეთს.
რა ჯიუტია, არ მაშორებს მზერას.
–რა გაინტერსებს? – ვეკითხები.
დუმს.
– ჩემი ფიქრები? – ისევდუმს. ვაა, როგორ მინდა ვიცოდე, რა უნდა, რა სურს, რაზე ფიქრობს, რას ფიქრობს, ვისზე ფიქრობს...
ვგრძნობ, რომ სულ მაკვირდება, თვალს არ მაშორებს. ამიტომაც, საათი ბიჭი მგონია. შეათამაშებს ხოლმე ორივე ისარს ქედმაღლურად და აგრძელებს თავის გზას. გზას, რომელიც მხოლოდ თვითონ იცის...
12 საათი და 50წუთი.
ეეეჰჰჰ... იმიტომაა ჩუმად, რომ კი არ მოდის, მიდის...მიდის დრო...
ჰოდა, არ უნდა გული გაგვიხეთქოს ადამიანებს.
პაწია პეპელამ ისევ ჩამიფრინა. მეპრანჭება, თითქოს. მიხარია, მარტო რომ არ ვარ, არა ვარ მარტო...
შუაღამეა. დღეს + ღამისშუა.
რა საოცარი და იდუმალია ღამე... მხოლოდ ის ვიცი მასზე, რომ შავია (ჩემსავით შავგვრემანი), გავცქერი დაჟინებით და მაინც ვერ ვხედავ.
აღარ მინდა ძაღლების ყეფა.. .უუჰ... ზოგჯერ ვფიქრობ, ავი ადამიანები ხომ არ არიან ძაღლის ტყავში გადაცმული-მეთქი? აბა, ასე გამყინავი ხმით რა აყეფებთ?!
1 საათი და 00 წუთი.
გარეთ ღამე დაწანწალებს, ოთახში – პეპელა. არა ვარ მარტო...


სიყვარულის ოთხი დრო



ყველა ხომ თავისებურად ხსნის რა არის სიყვარული? მე ჩემი ახსნა მაქვს...

რა არის სიყვარული და... სიყვარულია ის, როცა წელიწადის ოთხი დრო სწორედ მასთან გინდა იყო. და ასე ყოველ წელს... მთელი სიცოცხლე...
რა სიხარულია, გაზაფხულზე იასამნის ტოტებს ჯერ კიდევ მძინარეს გვერდით რომ დაგიწყობს და გაზაფხულივით გაგაბრუებს ისამინისფერ სურნელში...
ანდა, ყოჩივრდებს რომ აღმოაჩენ სარკესთან... წვიმაში კი სირბილ-სირბილით თბილ კაფეში რომ შევარდები მასთან ერთად ცხელი ჩაის დასალევად...
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? არავითარი...
ზაფხულში რა სჯობს ზღვაში ან მდინარეში ერთად ჭყუმპალაობას? მოხარშულ სიმინდს, მზის გულზე და გულის გულში ყოფნას... მზეს ეთამაშები თითქოს და ამ დროს ერთმანეთთან თამაშს უფრო ჰგავს ყოველი წამი... ან, მთაში, საცალფეხო ბილიკზე ერთმანეთის საიმედოდ ხელიხელჩაწნულ ასკინკილა სიარულს?!
მთვარიან ღამეში კი...
მთავრიან ღამეს ერთი ისეთი "საიდუმლო" აქვს, სანამ ამოისუნთქებ, ისე ჩაგახუტეებს, ვერც გაიგებ როდის გამოგიწოდა ხელი...
შემოდგომა კი ფერადი ასტრების, ტკბილი რქაწითელის, გაოქროსფერებული ფოთლების შარიშურში სკვერში გასეირნებაა, თეატრის სტუმრობაა, კიდევ – მურაბები... ჰო, სურნელოვანი მურაბების მომზადების სახალისო რიტუალი, როცა ამ ტკბილ საქმეს მასთან ერთად  აკეთებ. 
ზამთარში კი მთელი გულით და დიდი სიყვარულით რომ უვლი სურდოს დროს და იმ მურაბით ლიმნიან ჩაის ასმევ. სავარძელში მოკლათებულს ისიც რომ ჩამოგიდგამს ხოლმე ლამბაქით დარჩეულ ხილს ან თხილს... და გაგიღიმებს...
ჰო, ორი გამორჩეული დღეც არის გაბნეული ამ ოთხ დროში, შენი და მისი გაჩენის დღე. აი, ისეთი დაბადების დღეები, ყველასგან გაპარვა რომ ბედნიერებას  განიჭებს. ცოტა ანცობ, ცოტა ღიღინებ, ცოტაც ლექსობ და თან ათი ხინკალი და ლიმონათი რომ გიხარია. გიხარია ის დღე და ერთმანეთი... რაღაც სხვა დღეა ხოლმე, სხვა ფერები, სხვა მოფერება და ვარდები, დიდი, წითელი ვარდები...
აი, მერე  კი... 
მერე ისევ ბრუნავს დრო, სიყვარულის დრო. თუ, რა თქმა უნდა, მართლა სიყვარულია...
ხოოდა... ხომ ვთქვი, ჩემთვის სიყვარული წელიწადის ოთხი დროა-მეთქი? სიყვარულის ოთხი დრო: ცივი, თბილი, ქარიანი, დარიანი, მხიარული, მოკისკისე, მტირალი და დარდიანი, ჩემნაირი, შენნაირი... იცი, როგორი? აი, სიყვარულისნაირი...
წლებს კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არავითარი.
აი, რა  არის  სიყვარული! 
სიყვარულის  ოთხი  დრო!
და მე ოთხივე დრო მიყვარს თავისი თავგადასავლებით...

18 ნოემბერი. 2013 წწ.



.

Комментариев нет:

Отправить комментарий