пятница, 28 июня 2013 г.

გივი - ჩემი საყვარელი მეგობარი

ბატონი  გივი  ბერიკაშვილი ვის არ უყვარს, მაგრამ მე მგონია (ალბათ, სხვასაც), რომ უფრო გამორჩეული მეგობრობა გვაქვს. ბერიკა 40 წლის  წინ  მამამ  გამაცნო, სკოლის მოსწავლე გახლდით  და  მერე კი პროფესიებმაც  ძალიან  დაგვაახლოვა.
მთელი  გულით  მიყვარს, ჩვენი  შეხვედრები მუდამ დიდი სიხარულის მომგვრელია. აი, ჩემს მეუღლეს - ბესოს კი "ფინთ" ნათესავს ეძახის, ხუმრობით, რასაკვირველია.
მთელი  მისი  ცხოვრებაა  დასაწერი, მაგრამ  ამჯერად, რამდენიმე  ეპიზოდზე  შევჩრდები. ზოგს  მე  გიამბობთ, ზოგს - ბატონი  გივი.
  
                                           
ბერიკა   " საშინელებათა  ფილმში"

ეს  ამბავი  რამედენიმე  წლის  წინ  შეემთხვა  გივი ბერიკაშვილს. სევდიან - კრიმინალურს უფრო  დავარქმევდი.
31 აგვისტოს  დილა  გათენდა  და  დილის  9 საათზე  გადაწყვიტა  თბილისში  საქმეებზე დაბრუნება. მიუჯდა  საჭეს  სოფელ  წვერში, სადაც  მისი  აგარაკია და არხეინად გამოემგზავრა  დედაქალაქისკენ, მაგრამ...
სოფელ  პანტიანთან   ოთხი  შეიარაღებული  ნიღბოსანი  გადაუდგა. გივის  მეზობლებიც მოჰყავდა  თბილისში. მისი  მანქანის  გარდა,  ათამდე მანქანას  იგივე   დამართეს  და მანქანაში  მსხდომნი  "აიყვანეს". შემდეგ  კი  ისეთ  მოფარებულ  ადგილას დასხეს, რომ კაციშვილი  ვერ  მოკრავდა  თვალს.
იმ ოხერტიალებმა  მანქანებიდან   ბენზინი  ამოიღეს,  საბურავები  დაუხვრიტეს, მთავარი სადენები  ამოაცალეს...
აგარაკიდან  დაბრუნებულ  ხალხს, რაც  ჰქონდა,  ყველაფერი  წაართვეს,  ვისაც  რა ებადა.
გივის  მხოლოდ   მობილური  ჩამოართვეს  და მხოლოდ  მის  მანქანას  არ  დაუხვრიტეს საბურავები. ერთი 75 წლის კაცი  დაჭრეს  კიდეც.
დატუსაღებულებს არაფერი  ებადათ  დაჭრილისთვის, წამალი  მათ არ  ჰქონდათ  და  ექიმს ვინ გამოაძახებინებდა? თამბაქო  დააყარეს  ჭრილობაზე, ვიღაცას  ბინტი აღმოაჩნდა და შეუხვიეს კიდეც...
ყველა  რომ  გაკოჭეს  იმ  უღმერთოებმა,  არ  მიადგნენ ბატონ  გივის? გივიმ  უთხრა:
- ეჰ,  შვილებო, არტისტები  ყაჩაღებსაც  უყვართო...
- ჩვენც  ძალიან  გვიყვარხარ,  მაგრამ  რა  ვქნათ, ჩვენი  პროფესია  ეს არის  და  არ  გეწყინოთ, მსუბუქად შეგიკრავთ  ხელებს,  სხვა  გზა არ გვაქვსო -  უპასუხეს  თავდამსხმელებმა.
თან  მთელი  ათი  საათის  განმავლობაში  გამუდმებით  ეხუმრებოდნენ  თურმე "ღვინის ქურდო", "ჩემს  სიმამრს  ძალიან  უყვარხრთო", "დათა  თუთაშხია რომ იყოს აქ,  ხომ დაგიხსნიდათო" - ხანაც  ტიგრანას ეძახდნენ...
იმავე  ღამეს, გვიან ვსაუბრე ბერიკას  და  მითხრა:
- გაოცებული  ვიყავი  მათი  შემხედვარე, კიდევ  კარგი  ტელევიზორს  მაინც რომ უყურებენ ყაჩაღები,   კინო -  თეატრს  ვინ  ჩივისო...
გული იმაზე  მწყდება  და  ის  მასევდიანებს, ოთხივე  ქართველი რომ იყო.
ერთს  ზემო იმერული აქცენტი  ჰქონდა, მეორეს კი ძალიან  ლამაზი  ცისფერი  თვალები, მესამეს... ეეჰო,  ხელი ჩაიქნია...
არადა, ბატონ  გივის ინფარქტიც  აქვს  გადატანილი,  მაგრამ ღმერთის  წყალობით  გადარჩა. სხვა  დატუსაღებულებიც   გადარჩნენ. ყაჩაღებმა  თავისი  მზაკვრული  გეგმა განახორციელეს  თუ  არა, მოაგროვეს  ნაყაჩაღარი  და  მერე  უმისამართოდ  "გაქრნენ".
ის  დაჭრილი, ბერიკამ  საავადმყოფოში  გააქნა (მისი  მანქანის  საბურავები  ხომ  არ იყო დახვრეტილი), ოპერაცია  გაუკეთეს და  გადაარჩინეს  ექიმებმა.
ძნელია, დაივიწყო ასეთი  საშინელება, უფრო სწორედ  "საშინელებათა  ფილმი", სადაც ერთ-ერთი  როლი  საკუთარი   ნება - სურვილის  გარეშე "ათამაშეს"  სახალხო არტისტს - გივი ბერიკაშვილს...
მოგვიანებით  ისიც გავიგე,  სწორედ  იმ  პერიოდში, ძლივს  რომ  დაანება  სიგარეტს  თავი და  აღარ  ეწეოდა, ამ  შემთხვევის მერე ისევ დაიწყო მოწევა...
  
                                                          ვირისთავები

გივი  საბურთალოზე ცხოვრობს.  რამოდენიმე   კორპუსს  შუა  უზარმაზარი  ეზოა. ჰოდა, საკუთარი  კორპუსის  წინ კარგა  ხანს  ედგა  ავტომაქანა  "07".  თითქმის  ფუტლიარი  იყო და მაინც მოჰპარეს:
- ვაჰ, კაცოო,  არც  "ტრამლიორი"  ჰქონდა, არც  - სტარტერი  და  აკუმლატორი და რა ჯანდაბად  უნდოდათო,- ხელებს  შლიდა  გაოცებისგან  ბატონი  გივი.
გავიდა  ხანი  და  ვკითხე, ხომ არაფერი  ამბავი გაგიგიათ  თქვენი მანქანის - მეთქი?
- ალბათ,  ტომარაში  ჩადეს და ზურგზე მაიკიდეს, თორემ  სხვანაირად  როგოr  წაიღეს  მაგ ვირისთავებმაო...
ვუთხარი: მე ისიც მაოცებს, იმოდენა  ეზოში ისე  როგორ  მოიპარეს, რომ  არავინ  არაფერი დაინახა - მეთქი?
- რა ვიციო... მხრები აიჩეჩა. 
მეც  ჩემებურად  და  ჩემი ჭკუით  ვეცადე დამემშვიდებინა ბერიკა (მისგან მაქვს ნება მიღებული ასე მივმართო):
- ალბათ, არ იცოდენენ  თქვენი  რომ  იყო და იმიტომ  წაიღეს - მეთქი.
- ეტყობა, ძაან უჭირდათ. ეგრე თუ  იყო  საქმე, მოსულიყვნენ და  ვაჩუქებდიო...
გულიც,  პროფესიასავით  გამორჩეული აქვს  ბერიკას...

                                              გურამ   ჯაშის  "შტუკები"

ეს ჩემი საყვარელი და  უფროსი  მეგობარი გივი  ბერიკაშვილი  ხაშურში  დაპატიჟეს, მის პატივსაცემად    საღამო  უნდა  გაემართათ.  გივი  დათნხმდა  მასპინძლებს  და  რამდენიმე მსახიობის  წაყვანა გადწყვიტა.
კარგ  ადგილას  წაგიყვანთო. უთხრა  თუ  არა,  უარს როგორ  ეტყოდნენ  ახლაგზარდები?
ერთ- ერთი  მათგანი  გურამ  ჯაში   იყო. მეტი  რა  უნდოდათ  ბიჭებს და დათქმულ  დღეს ორ მანქანაში  განაწილდნენ  და  დაიძრნენ  თბილისიდან, მაგრამ  მანამდე   გივის დაურეკეს:
- რომელი ხართ?- იკითხა  გივიმ.
- ხაშურიდან  ვრეკავთ, -  გაისმა  ყურმილში  და  კავშირი  გაწყდა.
 ცოტა  ხნით  კი  შეყოვნდა  გივი,  მაგრამ  ზარი  აღარ  განმეორებულა. 
- ალბათ, ჩვენი  გასვლა  აინტერესებდათო, გივიმ. არაუშავრა, კიდე  დარეკამენო. აბა, დავიქოქენით, ბიჭებოო  და  დაადგნენ გზას.
გივის  მანქანა  ახლაგზარდებს  წინ  მიუძღვის. მეორე  მანქანაშია  გურამ  ჯაში და უკან მიჰყვებიან  გივის  მანქანას. უცებ  ბიჭებს  უთხრა  ჯაშმა:
- ცოტა  გავერთოთო,  - ის  შეწყვეტილი  ზარი  გაახსენდა.
"გადაფარულად "  აკრიბა  გივის  ნომერი,  ხმა  შეიცვალა,  თითქოს ცხრა  მთის იქიდან  რეკავს  და ხმაც  იმიტომ წყდება:
- ალო, გივი,  ხაშ... - და გათიშა ტელეფონი.
- გივი  ვარ,  გივი! - ჩაჰყვირის   ტელეფონში  გივი. ისევ გაითიშა.
ამასობაში  გორის  გადასახვევს მიადგნენ და ისევ  ურეკავს  ჯაში:
- ალო, გივი...
- გივი  ვარ,  გივი!..
წინა  მანქანაში აწრიალდა  ხალხი, ესენი  კიდე  სიცილით  იხოცებიან.
ცოტა  ხანში  ბოლო  ზარი  გაუშვა გურამ  ჯაშმა: 
- ალ, გივი...ხაშუ...გადა... გადა...
ბერიკას  მანქანა  სავალი  გზიდან გადავიდა,  გაჩერდა  და  ამათაც  ანიშნეს, მანქანა გააჩერეთო.
გაიგონეს კიდეც  გივის ყვირილი:
-  ეხლა  მეუბნებით, ამასო?!
გადავიდა  გურამი  მანქანიდან, ძლივს იკავებს სიცილს და  სერიოზული სახის მიღებას
ცდილობს.
- რა მოხდა,  ზახარიჩ? - ეკითხება გივის  გურამი.
- ბიჯოო,  ლამის  ჩავედი  და ეხლა  მეუბნებიან  გადაიდოო!  წავედით უკანო...
- ბარემ  მოსულები  ვართ, რაღა  დარჩა და  მივიდეთ  კაცურად  და გავიგოთ,  რა მოხდაო - ჯაში ეუბნება. ბიჭები სიცილისაგნ  მანქანაში  ჩაწვნენ.
ძლივს  დაითანხმეს გივი და   მიაღწიეს ხაშურამდე. 
რას  ხედავს  გივი, გამოფენილა  მთელი  ხაშური  გარეთ  და  ელოდებიან  თაიგულებით, ტაშით  და  შეძახილებით. სულ  შენი  ჭირიმე ,  შენ  გენაცვალეს  ძახილით  დახვდენენ.
გაოგნებული  ბერიკა  ეკითხება  დამპატიჟებელს:
- კაცო, აკი  გადაიდოო?
- რა გადაიდო ბატონო  გივი, მთელი ხაშური  ფეხზე დგას, ხომ  მშვიდობით  იმგზავრეთო?
აი, აქ  კი მიხვდა,  რაშიც  იყო  საქმე და  გაბრაზებულმა  დასჭექა:
- სად  არის  ჯაშიო?
გურამი და დანარჩენები, ანუ მეორე მენქანის "ეკიპაჟი"  უცებ "გაქრა", ვინ სად იმალებოდა, ძნელი სათქმელია.
სანამ გაბრაზებამ  არ გადაურა, არც გამოჩენილან. როგორ დაენახვებოდნენ?!
მშვენიერი   საღამო გაიმართა ხაშურში. გურამ  ჯაშმა  გამოსვლა რომ დაამთავრა და მაყურებელი  ტაშს  უკრავდა ,  გივი  სცენაზე  გავიდა  და  მიმართა  მაყურებელს:
-  აი, ამას  ტაშს   რომ  უკრავთ, ისეთი "შტუკა" გამიკეთა, კინაღამ  ჩამიშალა  თქვენთან  შეხვედრაო  და  მოუყვა გურამის ოინების შესახებ.
ბევრი იცინეს...
  
                                                 გივი,  ჯუმბერი  და   "კამაზი"

... კონცერტი  მქონდა  მცხეთაში.  ადრე  დავამთავრეთ, ჯერ  შეღამებული  არ  იყო. თბილისისკენ  მივიჩქარი, რადგან  უმანქანოდ  ვიყავი.  მასპინძლებს  ვერც  გავუმხილე, მომერიდა  და  ჩემს  გზას  დავადექი.
ავტობუსში  კარგა  ხანია  არ  ვმჯდარვარ  და  ხალხში  გავერევი-მეთქი -  გავიფიქრე (მაშინ არ  ვსვამდი  და იმიტომაც  არ  დავრჩი  მცხეთაში).
ავედი  ავტობუსში,  შემომხედეს  და აფხუკუნდნენ, გაკვირვებულები  შემომაცქერდნენ. ის იყო მგზავრებს  უნდა  მოვსიყავრულებოდი   ჩემებურად,  რომ  ვიღაც  ძალიან  მსუქანი, შკაფივით  კაცი  ამოვიდა. მიიხედ-მოიხედა და ჩემს  გვერდით   დაეხეთქა  ქშენით.
- ვაა, გაუმარჯოს! - დამკრა  ბანჯგვლიანი  ტორი  მხარზე.
- გაგიმარჯოს... 
- როგორა  ხარ, ა?- ისევ ჩამკრა  მხარში.
- ვარ, რა, ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე.  ვფიქრობ,  ვინ  არის,  ნამდვილად  არ  ვიცნობ.
- როგორი  იყო  ღორი  მწვადები, ჰა?!
- ძაან მაგარი - მეთქი - ავყევი. მგზავრები  სულგანაბული  გვისმენენ.
- როგო  იყო,  ბებიაჩემს  რომ ეუბნებოდი,  პაპაჩემისთის  რძლად  უნდა  წაგიყვანოო -იღრიჭება ყურებამდე. გახსოომს?
რაღა  ვქნა, რა უნდა...
- შენა  ჯო,  ფინთი  სიმთვრალე  იცი. ისევ " კამაზზე"  ზიხარ?
- არა, ეხლა  ყარაულად  ვმუშაობ - მეთქი.
- როგორა, "კამაზი"  მიატოვე, კაცოო?
- მივატოვე, მერე, რა?- იხტიბარს არ ვიტეხ.
- შე შობელძაღლო, მერე  ვერ  მითხარი? -  როგო  მინდოდა  ეგ  კამაზი - არ მეშვება  ცოცხალი  თავით.
- მე  რა  ვიცოდი  თუ  გინდოდა?- თანდათან  შევდივარ   როლში.
- შენა, იგეთი  აფერისტი  ხარ! რო ჩახეთქე  იმოდენა  რამე ჩვენთანა,  ეგრე  უნდა? სწორედაც  ჩემთვინ  უნდა  მოგეცა  მაშინა. არა  ხარ  კარგი  კაცი,  ჯუმბერავ! დამტოვე  არა "უკამაზოდ"- არ  დაადგა  მის  დაშოშმინებას  საშველი.
ამ  ბდღვინვა-ბდღვინვაში  დიღომშიც  შემოვედით  და  როგორც  იქნა  მეშველა  და ჩავიდა იმოდენა  თავის ქნევით...
დარწმუნებული ვარ,  ჯუმბერას აღარასოდეს გასცემს  ხმას...

среда, 26 июня 2013 г.

ჰემინგუეის თევზი და "ცხვრის კვერცხები"

ჩემთვის ვახტანგ კიკაბიძესთან სტუმრობა ყოველთვის საინტერესოა. საუცხოო მთხრობელია, კარგი მასპინძელი, უფროსი მეგობარი და თავგადაკლული მეთევზე. სხვა დანარჩენი კი მე არა მაინტერსებს, რა...
ერთხელ დავურეკე, საქმე მქონდა და - ნავში ვზივარ ანკესით ჯანდარის ტბაზეო - მიპასუხა. სულ მპირდება, მაგრამ ჯერჯერობით მისი ნახელავი "უხა" ვერ დავაგემოვნე.
ერთ ამბავს მე გიამბობთ. მეორეს კი თავად ბატონი ვახტანგი მოგიყვებათ:

"პოლიტიკური" კერძი

... მიწვევა - მიპატიჟბა არასოდეს აკლდა ბუბას . ერთ მშვენიერ დღეს მუსიკოსმა და წამყვანმა ანდრეი მაკარევიჩმა დაურეკა და თავის კულინარულ გადაცემაში მიიწვია.
მისი თანხმობით გახარებულმა წამყვანმა მაშინვე მიაყოლა:
- კანსტანტინოვიჩ, რა და რამდენი დაგახვედროთ მწვადისთვისო?
- ვა, საიდან მოიტანეთ, რომ მაინც და მაინც მწვადს შევწვავო?! - აჯახა ბატონმა ვახტანგმა.
ერთი სიტყვით, თუ გინდათ მონაწილეობა მივიღო თქვენს გადაცემაში, როგორც გინდათ, სადაც გინდათ შეიძინეთ, მაგრამ გინდა თუ არა ოცი ცალი "ცხვრის კვერცხი" დამახვედრეთ ტელევიზიაშიო.
- სად გიშოვოთო? - შეიცხადა მაკარევიჩმა.
- მაშინ არ მოვალო - ბუბამ.
ხოხოხო, იმნაირი ამბავი შეიქნა, დარბოდნენ წინ და უკან მაკარევიჩის თანაშემწეები. მიდგნენ - მოდგნენ, ნემსის ყუნწში გაძვრნენ, მაგრამ ვერ იშოვეს. ისევ ბუბამ დააკვალიანა, მიასწავლა "კვერცხების" გამყიდველი და გადაცემის სტუმარს როგორც იქნა უშოვეს "ცხვრის კვერცხები."
მთელი ტელევიზია განაბული ელოდა რა კერძს მოამზადებდა.
დათქმულ დროს მივიდა ბატონი ვახტანგი, ხელები დაიკაპიწა და ეს ოცი ცალი "ცხვრის კვერცხი" გადაღებამდე ჩვენებურად ჩააბასტურმა.
ანდრეი მაკარევიჩი ბოლთას სცემდა სტუდიაში, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა რის მომზადებას აპირებს ბუბა, არადა, ინტერესი კლავს კაცს. 
დაიწყო გადაცემა. იქ დამსწრე საზოგადოება, ტელევიზიის თანამშრომლები, ტექნიკური პერსონალი, მოკლედ, ყველა კვრცხებსაა მიშტერებული.
ნელ - ნელა მაკარევიჩი "გონს მოვიდა" და მიხვდა, რა კერძსაც ამზადებდა სტუმარი,
ჰოდა, სიცილს ვინ ჩივის, ახარხარდა:
- მაინც საიდან იცოდით სად იშოვებოდა ეს კვერცხებიო?- ეკითხება მაკრევიჩი.
- ეგ რა პრობლემაა, " კოგდა ვ მოსკვე სტოლკო ბარანოვ- ო "- უპასუხა ბუბამ.
ნამდვილად არ ვიცი რა დაარქვა ამ " პოლიტიკურ კერძს" ვახტანგ კიკაბიძემ, სამაგიეროდ ის ვიცი, გადაცემის დამთავრებისთანავე ოცი ცალი "ცხვრის კვერცხი" წამში როგორ შესანსლეს...

მერილინის ოდისეა

... ჩემი დასვენება თევზაობაა. ეს ისეთი განცდაა, გამორჩეული, რომ გიყვარს, შენია, რაა. სადაც კი მეძლევა საშუალება, ყველგან ვთევზაობ, საზღვარგარეთაც და საერთოდ, გადასარევი "უხა" ვიცი.
ჩემმა ამერიკილმა მეგობრებმა იციან თევზაობა რომ მიყვარს და მექსიკაში დამპატჟეს კაპოსანლუკაში.
ეს არის "მორეკორტეზა", მანდ იჭერენ სწორედ "ჰემინგუეის თვზს". ამ სახეობას მერილინი ჰქვია და ეს მიპატიჟება ისეთი საჩუქარი იყო ჩემთვის, რა სიტყვები მეყოფა? ყველა მეთევზის სანუკვარი ოცნება და ნატვრაა მერილინის დაჭერა.
უამრავი ადამიანი სპეციალურად ჩადის კაპოსანლუკაში მერილინის დასაჭერად. 400 - 500 კილოიანი თევზია. მერილინი კატერის მოძრაობისას უნდა დაიჭირო, არ უნდა გაჩერდე.
ერთი საათი ვეჭიდავეთ, მაგრამ ვერ ამოვიყვანეთ. 
გული დამწყდა, დამენახა მაინც, რანაირია ეს სახელგანთქმული მერილინი - მეთქი.
სხვა რა გზა იყო და სასტუმროში დავბრუნდით.
სამი ბოთლი არაყი დავლიეთ ორმა და ვერ დავთვერით, ისეთ განცდებში ვიყავით.
კანადაში კი ებრაელმა მეგობრებმა ორაგულებზე დამპატიჟეს.
ეს სულ სხვა რამეა.
იქ მთელი ამბავი ხდება თევზაობასთან დაკავშირებით.
წესიერი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე სათევზაოდ გახვალ ტრაფარეტს გკიდებენ, ვაითუ, რამე უბედურება მოხდეს და ადვილად გიპოვონ წყალში, რეგისტრაციას გადიხარ, ამ საქმისთვის ყველა აუცილებელ პროცედურას და ა. შ.
არადა, სამ კილოზე მეტი არ შეიძლება დაიჭირო ორაგული, თუ დაიჭერ - უნდა გაუშვა.
ვაა, როგორი გასაშვებია ორაგული?!
ერთი სიტყვით, ექვსი კილო და სამასი გრამი გამოვიდა ჩემი დაჭერილი ორაგული.
საღამოს მწვდები შევწვით... არადა, რამდენი ხიზილალა ჰქონდა...
რა ვქნა, ჩემი დასვენება მხოლოდ ტყე და წყალია. ერთი წასვლა ორ - სამ კვირას მყოფნის, ბუნებას სხვა ძალა და ხიბლი აქვს და ამაში, მე მგონი არავინ შემედავება...

вторник, 25 июня 2013 г.

ბორის წიფურიას ოინები

ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით მე და ბატონი ბორისი. რედაქციაშიც მსტუმრობდა ხოლმე, მე და ჩემი მეუღლეც ხშირად მივდიოდით ვაკეში, მის სახლში. ისეთი მიწკრიალებული ჰქონდა ოჯახი, თვალი ზედ დაგრჩებოდა ადამიანს. მისეული როხროხით უყვარდა საუბარი. გამორჩეული მსახიობი იყო ბორის წიფურია, შესანიშნავი თამადა და საუცხოო მოსაუბრე. მშვენიერი საღამოები გაგვიტარებია წვეულებებზე... სამწუხაროდ, თითქმის აღარ იხსენებენ ბატონ ბორისს. მე კი მახსოვს, ღმერთმა გაანათლოს... დაუფარავად ყვებოდა ხოლმე თავის იტორიებს. 
ჰოდა, ახლაც მოვუსმინოთ:

ჩულქები - ჩქარა!

...ერთხელ, მანქანა გავყიდე და ახლის შეძენა ვერ მოვასწარი, რადგან დამირეკეს და სასწრაფოდ კიევის კინოსტუდიაში დამიბარეს. რა ვქნა, აღარ ვიცი, სად შევინახო 60 ათასი? რა ადგილი არ ვეძებე სახლში, ხან ფქვილი დავაყარე, ხან - რა...
მოკლედ, ასეთ დარდში რომ ვიყავი, აივანზე გავედი სულის მოსაბრუნებლად. ვხედავ, წინა კორპუსში, კედელზე, ჩულქში ჩაყრილი ხახვი კიდია. ბიჭოს, მეც დამიჯდა ჭკუაში. მოვედი ნელ-ნელა გუნებაზე, ქურდი როგორ იფიქრებს, ხახვში ამოდენა ფული რომ მაქვს - მეთქი.
არადა, ღამის პირველი საათია, ვფიქრობ, სად ვიშვოვო ჩულქი? ჩემს მეზობელს, ლადო კანდელაკს დავურეკე:
-- შენი ცოლის ჩულქებს ვერ მომცემ - მეთქი?
-- ჩემი ცოლის ჩულქები რად გინდაო? - გადაირია კაცი.
ხომ ვერ ვეტყოდი სიმართელს, ონკანი ჟონავს, ხვალ მივფრინავ და დროებით უნდა დავახვიო - თქო. მოვატყუე ეს წესიერი კაცი.
ერთი სიტყვით, ხახვის ფენებს შორის საგულდაგულოდ ჩავაწყე ფული, აივანზე დავკიდე და მშვიდად გავფრინდი თბილისიდან.
ორი დრის მერე დედაჩემს დავურეკე. მეუბნება, ისეთი ქარიშხლია თბილისში, სახურავებს ხდის სახლებსო, აივნებიდან ვედროები და ტაშტები მოფრინავსო...გული ლამის გამისკდა. თან ცუდად ისმის, გავყვირი განწირული ხმით:
-- როგორმე მოახერხე, წადი ჩემს სახლში და ნახე, ხახვიანი ჩულქები თუ კიდია აივანზე - მეთქი? 
საწყალი დედაჩემი, იმან გადამარჩინა... რომ წარმოვიდგენ რა ზარალს ვნახავდი...
ზოგჯერ მეცინება ხოლმე ამ ამბის გახსენებაზე და გულში ვამბობ: ჩულქები, ჩულქებმა, ჩულქებში...

გივი სიხარულიძის ოინები

კაცი, რომელსაც მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია, სწორედ გივი სიხარულიძე გახლავთ. ბევრჯერ სუფრასთან შევხვდი, შინაც ვესტუმრე, სხვებისგანაც ბევრი მსმენია და მივხვდი -- მას "ვეღარაფერი " შეცვლის, მორჩა და დამთავრდა. ქალებზე რაც უამბნია, იმას სხვა დროს დავწერ. ახლა კი ისევ -- გივი სიხარულიძე თავისი დაუვიწყარი თავგასავლებით.

მამიდის ანდერძი

... ძალიან მიყვარდა ჩემი ღვიძლი მამიდა, გასაოცარი, უთბილესი ურთიერთობა გვქონდა.
გასტროლებზე ვიყავი, ოჯახს ვაცნობე რეისი, როდის მოვფრინავდი თბილისში.
მუდამ დიდი აჟიოტაჟით მხვდებოდნენ ხოლმე ჩემები. ბიჭოს, მარტო მდგომი მამაჩემი რომ დავინახე, ელდა მეცა.
- რა მოხდა-მეთქი, შიშით ვკითხე.
- მამიდაშენია ძალიან ცუდად და კიდევ კარგი, ჩამოუსწარი ცოცხალსო.
გავიქეცი შინ, მივედი მამიდაჩემის საწოლთან, მოვეფერე... თავზე ხელი გადამისვა და რაღაც ბგერებს მეუბნება: გ, გ, მ... ვერაფერი გავიგე. ჩემი საყვარელი მამიდა მალე გარდაიცვალა. ყველაფერი რომ დასრულდა, მივაბარეთ დიდი პატივით სასუფეველს, მეც ცოტა ხანში ზღავზე წავედი. 
ვწევარ პლაჟზე და მამიდაჩემი გამახსენდა. უეცრად შუბლზე ვიტკიცე ხელი: ალბათ, რაღაც ჰქონდა დამალული, თქმა ვერ მოასწრო და რაღაც მიმანიშნა-მეთქი. გავშიფრე მის მიერ ნათქვამი ბგერები და შემოვირტყი შუბლში. სიკვდილის წინ მითხრა: გივი, გაიხედე მარცხნივ... 
აუუ, გამოვქანდი თბილისში, ვეცი მარცხენა კედელს და ნგრევა დავიწყე. გადაირია მამაჩემი, მაგრამ ვერავინ შემაჩერა.
ვანგრიე, ვანგრიე და ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს დავიღალე და დავანებე თავი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ბალტიისპირეთში გავემგზავრე. თბილისში დავრეკე და მამაჩემმა მითხრა, მამიდაშენის საფლავის გაკეთება დავასრულეო. გამახსენდა ჩემი მოამაგე მამიდა და ისევ ვიტკიცე შუბლში ხელი:
- ცხონებული, ალბათ, მარცხენას კი არა, მარჯვენას მხარეს მეუბნებოდა- მეთქი.
მეორე დღესვე დავბრუნდი თბილისში. ახლა მარჯვენა კედლის ნგრევა დავიწყე. მოვკვდი იმ კედლის ნგრევით, მაგრამ იქაც ვერაფერი ვიპოვე.
ბოლოს კი მივხვდი: სიკვდილის წინ ნათქვამი ასოები იმას ნიშნავდა, რომ იმ ქვეყნადაც ჩემი დარდი წაიღო და დამიბარა: 
- გივი, გენაცვალოს მამიდა, ჭკვიანდ იყავიო...

суббота, 22 июня 2013 г.

თენგიზ არჩვაძე ლამაზ ქალზე და თეთრ ცხენზე


მინდა მოვასწრო და დავწერო...ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი თენგიზ არჩვაძე. მისი ხელით დაწერილი ერთი პაწია ჩანაწერი მაქვს ბლოკნოტში და სათუთად ვინახავ. ეს ჩემი ისტორიაა.

დიდი არტისტის იტორიას ერთი პატარა ჩანაწერი რას ეყოფა, მაგრამ ჩემთან ნათქვამი მცირედიც ჩემთვის დიდ განძია.
ბატონი თენგიზი მიყვარს ძალიან თავისი სიბრძნით, ვაჟკაცობით, ქართველობით და გამორჩეული გმირებით. ეს ვუთხარი კიდეც მრავალი წლის წინ და იცის, თუმცა, განა არის ვინმე საქართველოში ვისთვისაც ეს სახელი გვარი არაფერს ნიშნავს?! არა მგონია... 
ჩვენი ერთი შეხვედრის შესახებ მინდა მოგითხროთ.უფრო სწორედ - მოვუსმინოთ ბატონ თენგიზს, ის თხრობაშიც ისეთივე ლამაზია, ძლიერი და წარმოსადეგი, როგორიც ფილმებში და სპექტაკლებში:

ფიქრები ხმამაღლა...

... კარგი ღვინო, ლამაზი ქალი და ცხენი ჩემი ცხოვრების თანდევია, თუმცა ჩემი ოცნება, მაინც მთაა, მთას ვეტრფოდი და ვესწრაფოდი მუდამ...
ეს მხოლოდ მე ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი. საქმე ის არის, თორმეტ ფილმში ერთი და იგივე ცხენით რომ ვითამაშე, ინგლისურ - არაბული ჯიშის თეთრი ცხენი იყო, პრინციპი ერქვა, მეორეს - სატრაპი.
ცხენი საოცრებაა...ოო, რა დიდებულია ცხენი, მერე როგორი ჭკვიანია...
ერთხელ ხატობაზე ვიყავი ცხენით, მასპინძლებმა ძალიან დამათვრეს. წამოვედი, მაგრამ უნაგირზე მჯდომს ჩამეძინა.
ამასობაში ნელი სვლით მარჯვნივ გაქაჩულა და როცა შევფხიზლდი, საჩხერეს ვიყავი გადადგომილი.
დილის რიბირაბო იყო, მივხვდი რაც მოხდა, ხიხათას მთაც გადაგვევლო მე და ჩემს ცხენს. უკან გამობრუნდა და თავისით მიმიყვანა.
მე და ჩემი პარტნიორი ცხენები მუდამ საუცხოოდ ვუგებდით ერთმანეთს.
ის კი არა, შატილიდან ქისტეთში ჩავსულვარ ცხენით.
მთა კი...
მთა სულ სხვაა.
მოკვლით არასოდეს მომიკლავს ნადირი და ფრინველი, ჭიანჭველისთვის არ დამიბიჯებია ფეხი. მარტოობა მიყვარს, მიყვრდა... სიჩუმე, ბუნებით ტკბობა... კიდევ გუდის ყველი, ყველისა და პურის გარდა არც არაფერი მინდა მთაში.
მხოლოდ ბუნებასთან განმარტოება და ფიქრი...

ქალი - სამყაროს გვირგვინი

ქალი?!
ქალი ბუნებისგან შექმნილი სამყაროს გვირგვინია, საოცარი ფენომენი. ქალი რომ მეგობრობას გაგიწევს, ბარე ორი ტარიელი და ავთანდილი ვერ დაიკვეხნის.
არადა, რვა წლისა ვიყავი, გოგოს რუსულად რომ ავუხსენი სიყვარული. რუსულად იმიტომ, რომ რუსული ჩემს გარდა ერთმა იცოდა, დანარჩენებს ხომ არ გავაგებინებდი და ერთ მოწმეს არა უშავდა.
150 - ზე მეტი როლი ვითამაშე და კი ვყოფილვარ პარტნიორზე შეყვარებული და - პირიქით, პარტნიორიც ყოფილა ჩემზე შეყვარებული, მაგრამ ამის გაგრძელების დაშვება არ შეიძლებოდა. 
სამგიეროდ რჩება კვალი, ფიქრი და ნაჭდევი... პატარა ჭრილობა აუცილებლად რჩება.
18 -19 წლის ბიჭი ვიყავი, პირველი ქალი რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ქართველი არ იყო და რომ დავშორდი, პირველ ხანებში ძალიან განვიცდიდი...
ჩემზე ბევრად უმცროსებისგან რომ მიგრძვნია სიყვარული, არასოდეს მისარგებლია. რაც შემძლებია - დავხმარებივარ ქარიშხლის ჩადგომაში, თუმცა მერე დიდხანს გამყოლია ფიქრად და ტკივილად...
საერთოდ, სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი, ღმერთს არა გაუჩენია რა...

воскресенье, 16 июня 2013 г.

თემურ წიკლაური - პაპაკაცი

ახალი როლი

თბილისი რომ დიდი გულის ქალაქია, ყველა გულიანმა ადამიანმა კარგად იცის. ეს ამბავი კი კოჯორში დაიწყო, მერე თბილისში განვითარდა მოვლენები და შემდეგ ისევ კოჯორში გაგრძელდა. ახალ"მთავარ როლში" კი ჩვენი საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.


მამა-პაპისეულ ეზო -კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:
- ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! - თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკივნია და შინ კი არავინ იყო უფროსებიდან. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა. გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი "ბანს " აძლევდა - გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო!
ქარივით მოქროდა თბილისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:
- გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?!
... მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ამდენ ფაცი-ფუცში ნელ - ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ - წყალს...იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები დააწყო...
საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული...ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ...
თემურ წიკლაურმა ყური მოკრა (მერეღა გაახსენდათ), აქვე ახლოს ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახლაგზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.
- ჭიპლარს რა უყავითო? - ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ....
შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით "ჩააბრა" დედა- შვილი ექიმებს.
სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქიფეს, ცა მიწაზე ჩამოტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა...
არადა, იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად, საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და ნამდვილი პაპაკაცი გახდა.ძალიან უყვარს თემურს, როცა პაპას ეძახიან, ნამდვილი ქართულიაო, გულიანად იცინის ხოლმე. ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი...თემურ წიკლაურმა პატარა მარიამი მონათლა. მარიამი მშობლებთან ერთად კოჯორში ცხოვრობს, თემურიც ხშირადაა იქ, უყვარს მამა- პაპისეულ ეზოში ფუსფუსი...
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მარიამიც და ანდრიაც მგონი 15 -16 წლისანი არიან... 
* * *
ეს ამბავი კი თავად ჩემმა ძალიან ძვირფასმა მეგობარმა, თემურ წიკლაურმა მიამბო...

пятница, 14 июня 2013 г.

"გოფილექტის" ბაღის "საიდულო"

თბილისი ყველაფრით გამორჩეული ქალაქი რომ არის, ყველამ ვიცით. ერთი მართლა გასაოცარი ამბავი გამახსენდა, რომელიც ზაზა შენგელიამ მიამბო.
რამდენიმე წლის წინ, თბილისში "თბილისური გაზაფხულის"ფესტივალი იმართებოდა ხოლმე პლეხანოვზე (აღმაშენებლის გამზირი), "გოფილექტის" ბაღში. 
ჰოდა, დიდი მაესტრო, სულკურთხეული ჯანსუღ კახიძე საფესტივალოდ ემზადებოდა, 
გვიან ღამით რეპეტიციას ატარებდა ორკესტრთან ერთად.
ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთბდა ამ ფესტივალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად და ყურადღებას არ აკლებდა მონაწილეებსა და სტუმრებს.
ფესტივალის გახსნის წინა ღამეს, "გოფილექტის" ბაღში ზაზა შენგელია და გიგი წერეთელი მივიდნენ. თან ორკესტრის შესრულებით მშვენიერ მუსიკას უსმენდნენ, თან საქმეზე სუბრობდნენ და მოსამზადებელი სამუშაოს ბოლო დეტალებზე თანხმდებოდნენ, რომ უეცრად ყველანი, მაესტრო ჯანსუღის ჩათვლით ადგილზე გაშეშდნენ, არც მეტი, არც ნაკლები მფრინავი ობიექტი დაინახეს ბაღის თავზე, უზარმაზარი, უცნაურად მოსისინე თეფში, რომელსაც ძალიან ბევრი შუქები ჰქონდა და ეს შუქები თურმე ისე ანათებდნენ და თან ისე რაღაცნაირად მოძრაობდნენ, ლამის თითოეულმა მათგანმა ენა გადაყლაპა მოულოდნელობისგან. თვალს არ უჯერებდნენ, უტყუარი ფაქტი იყო, მათ თავზე მფრინავი თეფში ეკიდა და ამას საკუთარი თვალით უყურებდნენ (სად ვიყავი, ფოტო მაინც გადამეღო "იმისთვისაც" და ამათთვისაც, რა სანახავები იქნებოდნენ ყველანი?!).
მერე, რაღაც წამებში მფრინავი ობიექტი შეტორტმანდა და გაუჩინარდა. ალბათ, თავისი გზით წავიდა თუ გაფრინდა, ეს უკვე არ ვიცი. 
რა თქმა უნდა, მეორე დღეს ფესტივალის - "თბილისური გაზაფხულის" გახსნა იზეიმა თბილისმა, მაგრამ თეფშის მნახველებს მაინც თეფში ედგათ თვალწინ.
საერთოდ, ნასვამ ადამიანებს ეჩვენებათ ხოლმე უცნაური ამბები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ თეფშის მნახველებიდან არავინ იყო ნასვამი, არც ზაზა შენგელია, არც გიგი წერეთელი, არც ჯანსუღ კახიძე და არც იმოდენა ორკესტრი.
* * *
იმ თეფშს არ ქონია ჭკუა, ფესტივალის გახსნაზე მაინც მობრძანებულიყო დალოცვილი, ხომ დაესწრებოდა კაი |ძვირფას კონცერტს და კაი ძვირფას ბანკეტს "საკუთრი თეფშით?..."

среда, 12 июня 2013 г.

რაც არასოდეს მითქვამს - ჯანო ბაგრატიონი

ძალინ ემოციურ, იუმორით სავსე და საყვარელ ადამიანად დამამახსოვრდა ბატონი ჯანო. ეს ისტორია კი სწორედ მან მიამბო, თბილისის საპატიო მოქალაქემ - ჯანო ბაგრატიონმა:

"ფიზორგა" და სხვანი...

...დღეს რომ მეტროს სადგური "რუსთაველია",იქ იყო ჩვენი სახლი, ლენინის ქუჩის ორი ნომერი, მანდ დავიბადე (მართლა შინ გახლავართ დაბადებული) და გავიზარდე.
ვერის ბაღიც ახლო იყო და სპორტთან დაახლოება სწორედ ვერის ბაღიდან დავიწყე. მაშინდელი კალათბურთის კორიფეები - ოთარ ქორქია, სულიკო თორთლაძე, ოთარ სულაბერიძე და სხვანი პირველად რომ ვნახე ენით აუწერელი ბედნიერება ვიგრძენი. მათმა შემხედვარემ, მეორე კლასიდან დავიწყე კალათბურთზე სიარული. თბლისის პირველ სკოლაში ვსწავლობდი და და ისეთი აქტიური ვიყავი, "ფიზორგას" მეძახდნენ.
ვერის ბაღი საოცრება იყო, სპორტის ყველა გულშემატკივრის ნამდვილი სავანე. მართალია, უზომოდ მიყვრდა კალათბურთი, ხელბურთი, მაგრამ ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. ეს კი არა, ფეხბურთი კალათბურთის მოედანზეც კი მითამაშია.
მაშინდელი თბილისი სულ მესიზმრება და სულ მენატრება...
ეხლა ის დაპირებული ამბავი, რაც საჯაროდ არავისთვის მითქვამს: ხელბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა სპეციალობით. სპარტაკიადა უნდა გამართულიყო და მთხოვეს, ითამაშეო. დავთანხმდი.
ერთი სიტყვით, ვთამაშობთ გეპეის და სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდები. ერთ - ერთ მოწინააღმდეგეს უხეშად ვეთამაშე და ტრიბუნიდან გულშემატკივარმა დამიძახა: თმა აღარ გაქვს თავზე და ჭკუა ვერ ისწავლე, როგორ უნდა ითამაშოო. დამიწყო გინება. თურმე იმ მოთამაშის მეგობარია. მეც დავუბრუნე ხურდა, ვაგინე და ვაგინე. ახლა მოედანზე ჩამოვიდა, ვხედავ დასარტყმელად ემზადება და დავასწარი, გვარიანად დავარტყი. ალბათ იფიქრა, უფრო მეტად არ გამლახოსო და მოულოდნელად, ჩამეხვია.
ისე მაგრად მოვუჭირე, სუნთქვა შეეკრა, ნეკნები ეტკინა, ალბათ, გამწარდა და ყურში ჩამაფრინდა. გავუშვი ხელი, მაგრამ თქრიალით მომდის სისხლი, იმან კი, საშინელებათა ფილმებში რომაა, ჩემი ყურის ნაგლეჯი გადმოაფურთხა.
სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წამიყვანეს. ცოტა ხანში ერთი პატარა ბიჭი მოვარდა აქოშინებული: ჩუმად ავიღე და იქნება მიგაკერონო. ექიმმა (ცნობილი ექიმი იყო თბილისში, გვარად ბოხუა), აღარ გამოგვადგებაო და ურნაში გადააგდო.
გავიგე ვინც იყო ის ახალგაზრდა, ვეძისში ცხოვრობდა. მივედი, დამეგობრება მსურდა, ჩემი ძმაკაცებიც ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ, გვემალებოდა. მოგვიანებით კი გავიგე, ცხოვრება ასწეწვია და გზას ასცდენია ის გულშემატკივარი... თბილისი ისეთი გამორჩეული იყო...
ყველა მიყვარს, ყველა მეგობარი და ნაცნობიც კი თბილად მახსენდება, ვენაცვალე, მაგათ... მთელი ცხოვრება მეგობრების სიყვარულში გამიტარებია, ლუკმა მქონია, სხვისთვის გამიყვია. პოპულარობა კი... ვფიქრობ თავისით მოდის, მაგრამ არა შემთხვევით.
ალბათ, ტყუილად არ მიცხოვრია...

ნუგზარ ჯუღელის ოინები

დიდი ხნის მეგობრები ვართ მე და ნუგზარ ჯუღელი. დიახ, ჩემი უფროსი მეგობარია და ვამაყობ ამით. ბევრი მისი "საიდუმლოც" ვიცი. ოჯახის სტუმარიც ხშირად ვიყავი და ბევრი საინტერესო ამბის მომსწრეც ვარ. თუმცა, ჯობს, თავად ბატონმა ნუგზარმა გიამბოთ. ხშირად უთქვამს ჩემთვის, ცხოვრებამ იმდენ რამეს შემახვედრაო...იმიტომაც, ხან - ვსევდიანობ, ხან მოგონებების სიცილი მკლავსო...

თბილისელი ორანგუტანგი
კარგა ხნის ამბავი კია, მაგრამ გახსენებად ღირს... რობიკო სტურუასთან ვიქეიფეთ მე, კახი კავსაძემ, გოგი ქავთარაძემ და გოგი ხარაბაძემ. ბიჭები ცოტა ადრე წავიდ- წამოვიდნენ. დილის ოთხი საათია დაწყებული, შინ ვბრუნდები. ზემელზე ჩამოვდივარ და ვხედავ, ქალი დგას მარტო. კარგად ნასვამი ვარ, თან მომწონს, თან - არა. გამოველაპარაკე.
რა ვქნა, სად წავიყვანო?
უცებ გამახსენდა, რომ კახი კავსაძე მარტოა შინ. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ავტომატიდან დავურეკე:
- კახი, შენს იქით გზა არ მაქვს, შენთან ქალი უნდა მოვიყვანო და ხომ მიგვიღებ - მეთქი?
- მოიყვანე, შე კაი კაცო, დროს ნუღარ კარგავო.
კახი ვორონცოვზე ცხოვრობდა. მივედით. მესამე სართულზე ზარი დავრეკე, კახი აღებს კარს. რა თქმა უნდა, ქალს გზა დავუთმე და ის შევიდა პირველი.
მოულოდნელად, კარი ცხვირწინ მომიხურა და სასწრაფოდ გადაკეტა. ენა ჩამივარდა, ვერ გავიგე, რა ხდება. ვაბრახუნებ, ერთ ამბავში ვარ. კახი კარის იქიდან ქოთქოთებს, მოუსვი აქედანო!..
მივხვდი, რომ აღარ გააღებდა და წავლასლასდი შინისაკენ...
მეორე დღეს მეუბნება:
- ბიჭო, ნუგზარ, რომელ ზოოპარკში იპოვე მაგხელა ორანგუტანგიო?!
აი, რეები ხდებოდა თბილისში... მაგრამ, ყველაფერი მაინც ჩვენებური, გემრიელი და გენიალური იყო...

ორი ლია
არა, ფრთიანი ანგელოზი რომ არ ვარ, ცხადია, მაგრამ რამდენი რამე სულ ტყუილად დაუბრალებიათ. მე უკეთ არ ვიცი, როდის რა ჩავიდინე?
აი, მაგალითად, ერთხელ, კახი ასათიანი, ვახტანგ ჭელიძე და მე კარგად დავთვერით. დიდ დროსტარებაში ვართ და სად იყო, სად არა, რესტორანში ორი თბილისელი გოგო გამოჩნდა. დავტრიალდი ჩემებურად, მოვიწვიე, მაგრამ ჩვენ სამნი ვართ და ესენი ორნი. კომპანიას ხომ არ დავშლით. იმხანად ერთ გოგოს ვხდებოდი, ლია ერქვა და მასთან გადავწყვიტე დარეკვა. შევედი დირექტორის კაბინეტში და ვრეკავ:
- ლია, "იმელთან" ვარ და სასწრაფოდ მოდი -მეთქი.
- ნუგზარ, ბავშვებიც წამოვიყვანო თუ მარტო მოვიდეო? - მკითხა.
უცებ გამოვფხიზლდი და ყურმილი ცივად დავკიდე. თურმე, შინ დამირეკავს.
გამიმართლა, ნამდვილად. კიდევ კარგი იმ გოგოს, რომელსაც მაშინ ვხვდებოდი, ჩემი ცოლის სახელი ერქვა - ლია...

მშიერი გალინა
ერთხანობას, მოსკოველ გალინა ლაპინას ვეტრფოდი. კარგა ხანს ეპისტოლური ურთიერთობა გვქონდა. ერთ - ერთ წერილში მომწერა:
- აწი ხშირად გნახავ - ბორტგამცილებლად დავიწყე მუშაობაო.
ჩამოფრინდა პირველად თბილისში, მეორე დღემდე დრო აქვს. შესანიშნავი გარგნობის გახლდათ, პატივი მინდა ვცე, მაგრამ მაშინ სად იყო ბევრი ფული?!
ჰოდა, ძველ თბილისში გავასეირნე. დავათვალიერებინე იქაურობა, ვუყვები პაოლო იაშვილზე, გალაკტიონზე, გრანელზე, მერე პასტერნაკიც გავახსენე და დიდ "შემოქმედებით წვაში" ვარ, მოკლედ.
ბოლოს მომიბრუნდა და მეკითხება:
- სადმე ფუნთუშა არ იყიდებაო?- რაღაცნაირად, საცოდავად მკითხა. თურმე შია.
სად იყო იმ დროს თბილისში ღამით ვაჭრობა?! გასკდა თავი ფიქრით, აღარ ვიცი, რა ვქნა და... პურის მცხობელებთან ჩავიყვანე მეიდანში, დაილოცოს მათი მარჯვენა.
იმ პურის საოცარი გემო და სურნელი ახლაც მახსოვს...ის ღამეც, რასაკვირველია...

вторник, 11 июня 2013 г.

მარტის ნაკვალევი...

რომელი ერთი გავიხსენო ქალბატონ სოფიკოზე? უბედნერიესი ადამიანი ვარ მას რომ ვიცნობდი. ყველა ჩვენი შეხვედრა, საუბარი, ვახშამი თუ ეზოში პატარა აუზთან ჯდომა - ნამცხვრით, თუნდაც ინტერვიუ, ყველაფერი იყო: სიცოცხლე, ცხოვრება, იმედი, ფიქრი, სიყვარული, რწმენა... უთვალავი რამ. მართლაც ბევრი ვისწავლე დიდებული, განუმერებელი, ბრძენი სოფიკო ჭიაურელისგან.
... დიდი გულისტკივილით გავაცილე უკანასკნელ გზაზე... მოსაგონარი კი ბევრი დამიტოვა. ზოგჯერ, როცა ძალას ვიპოვი, ვწერ ხოლმე პატარ-პატარა ამბებს. თუმცა ის დიდი, ყველაზე სქელტანიანი წიგნების ღირსია.
პირველ პირში კი შეგნებულად ვწერ, იმიტომ, რომ ძალიან მინდა, სოფიკო ჭიაურელი ყველას თავად გესუბროთ.
ბავშვობას განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა ხოლმე. პირველი "სიყვარული" კი, თურმე ექვსი წლის ასაკში სწვევია და ერთ მშვენიერ საღამოს აი ეს ისტორია მიამბო:

პირველი სიყვარული

...შესანიშნავი მხატვარი, ოჯახის მეგობარი, საუცხოო ადამიანი სოლიკო ვირსალაძე შემიყვარდა.
მე და დედა გაგრაში ვისვენებდით. მოხდა უბედურება, ბიძა გარდაგვეცვალა და ვერიკო იძულებული გახდა, ორი დღით თბილისში დაბრუნებულიყო. მე ბატონ სოლიკოსთან დამტოვა. სწორედ მაშინ "შემიყვარდა" იგი.
ამ დროს ბატონი სოლიკო ერთ-ერთი მანდილოსნით გახლდათ გატაცებული და მე ექვსი წლის ბავშვი ისეთ ეჭვიანობის სცენებს ვუწყობდი, რომ...
ერთხელ ჩემმა "შეყვარებულმა" იმ მანდილოსანს ყვავილები მიართვა. ეს რომ დავინახე, ძალიან "გავბრაზდი". ზღვისკენ გავიქეცი და წყალში შევედი. სოლიკოზე გულმოსული მეტისმეტად შორს გავედი ზღვაში (ხუთი წლის ასაკიდან შესანიშნავად ცურავდა ქალბატონი სოფიკო. მ.კ.). ბავშვობიდან შორს, ძალიან შორს მიყვარს გაცურვა...იქ სულ სხვაა! იქ ყველაფერთან ერთიანდები...
ერთი სიტყვით, ბატონმა სოლიკომ ცურვა არ იცოდა, მახსოვს, იდგა ნავზე და მევედრებოდა, სოფიკო, გეხვეწებით, დაბრუნდით (თქვენობით მელაპარაკებოდა), ძალიან გთხოვთ, მე არ შემიძლია გამოგყვეთ...
ამის შემდეგ, ყოველ დილით, როცა ვიღვიძებდი, სასთუმალთან ვარდები მხვდებოდა....ყოველ დღე სხვადასხვა ფერი : წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი... და ისევ თავიდან იწყებოდა ხოლმე ფერების ათვლა... რადგან ვარდებს მჩუქნიდა, ამით ვხვდებოდი, მეც რომ მისი "შეყვარებული " ვიყავი და ისეთი ამაყი დავდიოდი...
საოცარია ბავშვობა... ის სიყვარულიც საოცარი იყო...
***
ზღვის გარეშე არ შეეძლო, ღმერთო, როგორ უყვარდა ზღვა... ერთხელ მითხრა, - ზღვის გიჟი ვარო...ასეც იყო...
მახსოვს, ქალბატონი სოფიკოს დაკრძალვის დღეს, 6 მარტს, ძალიან ღელავდა შავი ზღვა და უზარმაზარი ზვირთები სოფიკოს საყვარელ ნაპირს ეხეთქებოდა... ვითომ მხოლოდ მარტის ბრალი იყო?! მე კი მგონია, სოფიკო ჭიაურელის ნაკვალევს ეძებდა...

понедельник, 10 июня 2013 г.

სიმართლე ბაში - აჩუკზე

შეხვედრა წარსულთან

... თბილისში, ძველ კინოსტუდიაში დავინახე ჩემი ოცნება, ჩემი ლია, ანგელოზური ნაკვთებით სახის... კინოსტუდიის პავილიონში ვიყავით ყველა. "ბაში - აჩუკიდან" ღამის სცენას ვიღებდით. ის სცენაა, სადაც თავადი ჩოლოყაშვილი ჯარს უყრიდა თავს. აქვე უნდა გადაგვეღო სცენა, როდესაც პირიმზისას აბდუშაჰილი მოჰყავს შესარიგებლად. ყველანი მზად ვიყავით. ცეცხლიც გუზგუზებდა, მაგრამ პირიმზისას როლის შემსრულებელი არ ჩანდა.
- ვის ველოდებით - მეთქი? რეჟისორს ვკითხე.
- მთავრი როლის შემსრულებელსო. გავოცდი. მეგონა, მთავრი როლი ბაში- აჩუკი იყო.
არ გასულა დიდი დრო და ხმა შემომესმა, არა, ეს ხმა არ იყო, ეს რაღც ჰანგს ჰგავდა...ყველამ იქით გავიხედეთ, უცებ გამოცურდა, დიახ, გამოცურდა და გაანათა იქაურობა, მე კი ამ საოცრებამ თვალთ დამიბნელა... იმ პირველ ღამესვე გულმა გული იცნო. გული ისეთი რამეა...
ხმას ვერ ვიღებდი, სიტყვა შემაშრა პირზე. ლია ჩემს წინ იდგა და თავისი ლამაზი, მშვენიერი თვალებით შემომცქეროდა.
- გამარჯობა, ბაჩუკი, - ხელი გამომიწოდა.
თრთოლვით ჩამოვართვი და მის ნაზ ხელს ჩემს ხელებში მივუჩინე ბინა, ხელს, რომლის ბადალი, დედაჩემის გარდა, ვერსად ვიხილე.

მხოლოდ მე და ლია

1998 წლის 7 ოქტომბერს გამოფენაზე წავიდა. რომ დაბრუნდა, მითხრა, შეუძლოდ, ვარო. დაწექი - მეთქი, წამალი მივეცი. თბილად დავახურე და დაიძინა. ბავშვები შინ არ იყვენენ, მარტონი დავრჩით და მოგვიანებით მეც მივუწექი გვერდით. მას რომ ჩაეძინა, მეც ჩამეძინა.
დილაადრიან კი, თითქოს რაღაც დამეცა თავში, ისეთი შეგრძნებით გამომეღვიძა. ვხედავ, ლიას ისევ სძინავს.ხელი დავადე, საბანი გადავუწიე, კარგად ისუნთქოს - მეთქი, მეგონა ეძინა. შევხედე და...
აღარ სუნთქავდა უკვე...
რაც მაშინ დამემართა, ენით ვერ აღვწერ იმ დილის მეხდაცემას. გიჟივით გავხდი. ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე. სისულელეებს ვაკეთებდი...
დილის ექვსი საათი იყო, ჩავიკარი გულში... რამდენ საათს ვიყავი ასე, არ ვიცი. ჩვენი 43 წელი, მე და ლია... მხოლოდ მე და ლია...
ყველაფერს განიცდიდა, ყველაფერი გულთან მიჰქონდა, რამდენს ეხმარებდა, ისეთი მოღვაწე იყო...
კარზე ზარმა გამომაფხიზლა, 11 საათი დაწყებულიყო...
საფლავზე კვირაში ორ-სამჯერ დავდივარ, ველაპარაკები, მისი საუბარიც მესმის. ყველაფერს ვუყვები, ვეკითხები, ის კი მარიგებს, მეც ისე ვიქცევი, ყველაფერს ვფიცავ. მისი აზრი ბევრ რამეში მშველის. ის ისეთი საზრიანი გოგო იყო.... ჩემი ლია, ჩემი ლია...

ამომავალი მზე 

...ლიას ერთგული ვიყავი მარადჟამს. კი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მშვენიერი ქალბატონები, ბევრ მათგანს მეც თაყვანს ვცემდი, მაგრამ ლია განა მივიწყებული მყავდა?
ლია ელიავა ამომამვალი მზე იყო ჩემთვის, უსასრულო სინათლე, რომელიც მგნიტივით მიზიდავდა და სახლში მიწვევდა. სხვა დანარჩენი კი...
რა ვქნა, უამრავი ქალი მყავდა, მსოფლიოს ბევრ საინტერესო, გამოჩენილ და სახელოვან მანდილოსანთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ჩემი ნავსაყუდელი მხოლოდ ლია იყო. როდესაც შინ ვბრუნდებოდი, ჯანღონით სავსე შევაღებდი ოჯახის კარს და მუდამ სუფთა გულით ვიკრვდი გულში ჩემს ლიას.
მორწმუნე და ქალაქელი კაცი სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი.
ჰო, ეს ასე იყო, ასე...
მე და ლია მოქალაქეებს არ ვუწოდებით ჩვენს თავს, ჩვენ ქალაქელებს მივეკუთვნებით.ერთხელ ენგელსის ქუჩით მოვდიოდით, ერთ სახლთან შეჩერდა:
-- ოთარ, აბა აიხედე, მეორე სართულზე ფანჯარასთან კარადა მოჩანსო? - მკითხა.
-- მუქი ყავისფერი კარად მოჩანს - მეთქი. ეს ჩვენი კარადააო... ცრემლი მოადგა. მკერდში ჩავიკარი.
ჰო, სწორედ იმ პირველ ღამეს, კინოსტუდიის პავლიონში, ცეცხლის პირას გადავუხსენით ერთმანეთს გული...საოცარი ღამე იყო...
იმ პირველ ღამეს დამიბნელა თვალი მისმა სილამაზემ, მერე, მრავალი წლის მერე კი - მზე, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ერთად ვართ. მე და ლია, ჩემი ლია...
ეს სიმართლეა, ჩემი სიმართლე...

* * *
ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა ბატონმა ოთარმა მიამბო და მე ეს შეხვერდა არასოდეს დამავიწყდება, არც მისი ნაღველი, ხმა და თვალები...
ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ ლიას ვიცნობდი...

რატომ ვერ ვნახე სერგო ზაქარიაძე

არის შემთხვევა, არის თარიღი, არის ფაქტი და ხარ - შენ, ვისაც არ გავიწყდება კონკრეტული შემთხვევა, თარიღი და ფაქტი. ალბათ, იმიტომ ხარ, რომ გახსოვდეს!
მართალია, უდიდესი, ლეგენდარული მსახიობის გახსენებას ვაპირებ, მაგრამ გოდერძი ჩოხელის სიტყვებით მინდა დავიწყო. უფრო მეტიც, არ იცნობდნენ ერთამანეთს სხვადასხვა წლების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ჩვენი უახლესი ისტორიაა, ჩვენი სიყვარული და მოწიწება. ეს ორი გასაოცარი ქართველი თავ -თავის საქმეში გენიოსები იყვნენ. გოდერძიმ თქვა: 
" სიკვდილი? -სიკვდილი არის ადამიანად არ ყოფნის სევდაო!"
რატომ გამახსენდა გოდერძის სიტყვები? იმიტომ, რომ ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, სერგო ზაქარიაძე, დიდი სევდაა სწორედ...
ერთად ერთხელ, რუსთაველზე ვნახე ცოცხალი სერგო ზაქარიაძე. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს მისი საოცარი მხარ-ბეჭი, თუმცა ხელები დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, ძლიერი, ფართო, ხორციანი, ხორბლისფერი...მოდიოდა და ყველას უღიმოდა, ესალმებოდა, ზოგს ხელს ართმევდა, ორჯერ შეჩერდა კიდეც და გამოელაპარაკა თბილისელებს... ახლა შემხვედრნი როგორი სიყვრულით შესციცინებდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მსახიობს?!
ასე მეგონა, მეც ვიცნობდი, იმიტომ, რომ იმ წლების ყველა ფილმი ნანახი მქონდა: "ჯარისკაცის მამა", " მალე გაზაფხული მოვა", "არ დაიდარდო", "შეხვედრა წარსულთან"... კინო ისე მიყვარდაა...
ოჯახშიც ზოგჯერ ვსაუბრობთ მასზე, ჩემი მეუღლის პედაგოგი გახლდათ ცოტა ხნით, მხოლოდ პირველ კურსზე და ბევრ მის ჭკვიან გამონათქვამს იხსენებს ხოლმე.
მე კი 1971 წლის 13 აპრილი მახსოვს გამორჩეულად და ჩაბნელებული რუსთაველის თეატრი.
13-14 წლის გოგო ვიყავი, მაშინ დიდი ამბავი იყო უცხოელი სტუმარი, მაგრამ ჩვენს ოჯახს მამას ახლობელი, პოლონელი ცოლ-ქმარი ეწვია. ამათ "ჯარისკაცის მამა" ნანახი ჰქონიათ თურმე და ვახშმის დროს გაიხსენეს, თავი მოიწონეს ამით. მეც დიდი გოგო ვიყავი უკვე და თავის მოწონება ასე არ უნდა - მეთქი, რუსულად, რასაკვირველია(მამამ კარგი რუსული მასწავლა), ვუთხარი:
- ის ყველას ძალინ გვიყვარს, არა მხოლოდ კინოში, თეატრშიც მაგრად თამაშობს და ისეთი მოხუცი კი არ არის , როგორც ფილმში, ძალიან კარგად გამოიყურება -თქო (მაშინ სიტყვა სიმპათიური ან არ ვიცოდი, ან ვერ გავიხსენე ბავშვური აღელვებისაგან).
- ძალიან კარგიო, წაგვიყავანეთ თეატრში, სიამოვნებით ვნახავთო. 
მამამ მეორე დღესვე აიღო ბილეთები. სამწუხაროდ, რომელ სპექტაკლზე, არ მახსოვს.
სამი დღის მერე გამოვიპრანჭეთ და ხუთივე ანუ დედა, მამა, მე და ორივე სტუმარი რუსთაველის თეატრისკენ გავეშურეთ. მაშინ რვაზე იწყებოდა სპექტაკლები, რვის ნახევარზე იქ ვიყავით უკვე. მთელი გზა ყურები გამოვუჭდე სტუმრებს, რა ლამაზი იყო ჩვენი თეატრი.
მივედით და...სრულიად ჩაბნელებული თეატრი დაგვხვდა, სათეატროდ გამოწყობილი ხალხიც მრავლად იყო მოსული. არადა, გაოცებულ ვიყურებოდი, სპექტაკლის წინ ხომ მუდამ გაჩახჩახებული იყო თეატრი და ვერ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა. არც არავინ იცოდა, ყველა ველოდით შუქის ანთებას და ცენტრალური კარის გაღებას.
ცოტა ხნის მერე კი ერთი მამაკაცი გამოვიდა, მაყურებელი მოგვიხმო და...
ბოდიში მოგვიხადა, შეგიძლიათ ბილეთები დააბრუნოთ, სპექტაკლი ვერ გაიმართება, დღეს ბატონი სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალაო...მახსოვს ხალხის თვალები, ხელების შლა, ერთმანეთს უსამძიმრებდნენ თბილისელები...
ეს იყო 1971 წლის 13 აპრილი...
მაშინ ხომ არც ინტერნეტი იყო, არც მობილური და არც ელვისებურად აცხადებდნენ ტელევიზიით (ერთი კინკილა ტელევიზია გვქონდა).
საოცარი ის იყო, რომ ბილეთი არავის დაუბრუნებია, კარგა ხნის მერე ყველა ფეხაკრეფით დაიშალა, უფროსი ქალები აცრემლებული გაეცალნენ იქაურობას...
*
მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ როდესაც მანქანით ღამის საათებში რუსთაველზე გავლა მიწევს და ჩაბნელებულ თეატრს ვხედავ, მაშინვე ის თბილისური საღამო მახსენდება...აცხონოს ღმერთმა ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა -- სერგო ზაქარიძე!
დიდი გულის არტისტს , გულმა უღალატა, თურმე. ალბათ, რამდენ რამეს იტევდა...
წავიდა, ჩუმად გაშორდა ქალაქს...

გაოცებული გურამ საღარაძე

გივი სიხარულიძის მოუსვენრობის ამბავი ყველასთვის ცნობილია, რას არ ჩაიდენს, თავი რომ დაგამახსოვროს.
ერთხელაც, გურამ საღარაძესთან ერთად გაემგზავრა ქალაქგარეთ. გზაში მშვენივრად იმუსაიფეს, ვინ აღარ გაიხსენეს, იცინეს, იმხიარულეს, საუცხოო გუნებაზე რომ არიან, მოულოდნელად, არც აცია, არც აცხელა გივიმ, გააღო მანქანის კარი და პირდაპირ გზატკეცილზე გადახტა.
პირველ წამებში გაოცებულმა გურამ საღარაძემ ვერ გააცნობიერა, რა მოხდა, რატომ მოხდა, 
ცხადი იყო თუ სიზმარი, იმიტომ, რომ ასევე წამებში, ცოცხლად და უვნებლად, გივი ასფალტიდან
წამოხტა, დაჰკრა ფეხი, უსწრაფესად გამოეკიდა მანქანას, დაეწია კიდეც და თვალისდახამხამებაში ისევ გვერდით მიუსკუპდა მეგობარს.
ისეთ მდგომარეობაში იყო გივის შემხედვარე გურამი, ხმას ვერ იღებდა "ენაგადაყლაპული".
- რა ქენი, გივი, რა იყო ეს? -ძლივს ამოთქვა ოდნავ გონს მოსულმა.
-არაფერი, გურამს ვენაცვალე, გადახტომის სურვილი გამიჩნდა და გადავხტი კიდეც. 
სამაგიეროდ, ხომ არასოდეს დაგავიწყდებაო?! 
ხარხარებდა გივი სიხარულიძე...

четверг, 6 июня 2013 г.

მაპატიე, გოდერძი!

დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ  ვგრძნობდი, არ შემეძლო ხმის ამოღება, ერთი სიტყვის დაწერაც კი. თითქოს გავიდა დრო და მაინც ძალიან მიჭირს, ყველასგან გამორჩეულ ქართველზე საუბარი. უბრალოდ, არ ვიცი, გოდერძი ჩოხელი რამდენიმე სტრიქონში  როგორ, რანაირად ჩავატიო?
რაც წლები მომემატა, ადამიანების არ ყოფნის ტკივილი სულ უფრო მახსენებს თავს, განსაკუთრებით იმათი, პირადად რომ ვიცნობდი. ვიხსენებ და  ვსევდიანობ. ერთ რამეშიც თავადვე დავრწმუნდი, ტყუილი ყოფილა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, რომ მეუბნებოდნენ,  პირიქით,  დრო უფრო აძლიერებს ნახვის სურვილს და ძალზე რთულია ამ სურვილებთან გამკლავება, მე ეს უკვე კარგად ვიცი.
დაკრძალვებზე  მისვლა მეტისმეტად მტანჯავს, რა დასამალია და მეშინია  კიდეც, მათი დანახვის მეშინია...
მირჩევნია, მხოლოდ პანაშვიდზე გამოვჩნდე მოკრძალებით, დავდგები ხოლმე ეზოში ან   მივიყუჟები სადარბაზოსთან  საკუთარ ფიქრებში ჩაფლული და  ვესუბრები მას, ვისთანაც მივედი. რამდენჯერ ყვავილები ახლობლისთვის გამიტანებია, მანქანიდან ფეხი ვერ გადმომიდგამს, ზოგჯერ ჭირისუფალს არც კი გაუგია ჩემი  მისვლა, მაგრამ მე ხომ ვიცი? დიდი ტრაგედიაა ჩემთვის დაკრძალვა- პანაშვიდი, მზარავს, არავინ მინდა წავიდეს, არავინ... 
ყველას ცოცხლად აღვიქვამ მაინც, ცოცხლები არიან ჩემთვის, ისეთები, როგორებიც მახსოვან, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ჰო, ვერ ვხედავ, მაგრამ ველოდები. ასეა გოდერძი ჩოხელიც.
რისი ძალაც მეყოფა, გავიხსენებ:
 **
   სიხარულით მახსენდება ერთ ძალზე მნიშვნელოვანი მიპატიჟება და მეამაყება, რომ ფილმი "სამოთხის გვრიტები" ქართველი ჟურნალისტებიდან პირველმა მე ვნახე. 
დაბრუნდა თუ არა გოდერძი კინოფესტივალიდან თბილისში, იმ საღამოსვე დამირეკა გივი ბერიკაშვილმა და დიღომში, კინოსტუდიაში მთხოვა მისვლა. ჩემი მეუღლე ბესო წავიყვანე  და შესანიშნავი ფოტოხელოვანი ზურაბ დათუაშვილი. მეორე სართულზე, პატარა დარბაზში მიმიპატიჟა გოდერძიმ, მაგრამ ვიდრე ფილმს ვნახავდი, ნეტავ გენახათ კახი კავსაძის ბოლთის ცემა, გივი ბერიკაშვილი აწყნარებდა, მაგრამ ბატონი კახის ემოციებს ვინ მოერეოდა? დარდობდა, მგონი ერთი "სირბილი" მეტი გადავიღეთო. 12 დღეში გადაღებული ფილმის ამბები იქ გავიგე, კინოფესტივალის ჯილდოს შესახებაც და მხვდა პატივი, ოციოდე სტუმართან ერთად მენახა ეს შესანიშნავი ფილმი და "სამოთხის გვრიტების" დამსახურებული ჯილდო, გრან-პრიც, ბატონი გოდერძის მერე , რასაკვირველია, ხელში ამეღო.
ღმერთო, რა ბედნიერი იყო  გოდერძი, თითქმის არ ლაპარაკობდა, თავდახრილი ისმენდა ქებას, გახარებული თვალებით გვიმზერდა, გარს ეხვეოდნენ, ულოცვადნენ... 
ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარი, მაშინ.
გადაღებების შესახებ კი კახი  მისებრი ოსტატობით გვიყვებოდა და  ეს მართლა საოცრება იყო. გივი ბერიკა (მოგეხსენებათ, ფილმში მთავარ როლებს, განუყრელი მეგობრები, კახი კავსაძე და  გივი ბერიკაშვილი თამაშობენ ), მართალია უფულობა- უბილეთობის მიზეზით  ვერ დაესწრო კინოფესტივალს და ამის გამო გულდაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მაინც ბედნიერი და ამაყი დაფუსფუსებდა მეგობრებთან ერთად. დიდი მადლობა მას, რომ დამპატიჟა მხოლოდ მე და პირველს მაჩვენეს ეს მშვენიერი ფილმი. იმ დღეს გადაღებული რამდენიმე ფოტო შემომრჩა, ძალიან ვუფრთხილდები, ძალიან.
      გოდერძის ერთი ფოტო  მაქვს, საკონცერტო დარბაზში გადავუღე, მეც ვარ, მამა-შვილი ბერიკაშვილი და გოდერძი, რატომღაც თვალები აქვს დახუჭული. რასაკვირველია, არ მომეწონა, ფოტოწამის შეცდომად ჩავთვალე. ახლა რომ ვაკვირდები, მაშინვე ემჩნეოდა სახეზე  რაღაც ჩვენთვის ამოუცნობი, სამწუხაროდ, ვერ  მივუხვდით. როგორ არა, კი მივუხვდით, მაგრამ ხელი ვერ შევუწყეთ.
   მოგონებებს ისევ გავაგრძელებ, ოღონდ,მერე, როცა შევძლებ. ახლა , ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მინდა განსაკუთრებით გავიხსენო:
 ***
 ფილმის  დამონტაჟებაზე მუშაობდა გოდერძი, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. მეც  ახალი ამბების გასაგებად ვესტუმრე.
ასეთი  შეხვედრები, ცხოვრების  დიდი გაკვეთილებია და არა  თუ  გაცდენა, დაგვიანებაც არ შეიძლება. ამიტომ, დათქმულ  დროზე ცოტა ადრეც კი მივედი, ბატონი გივი ბერიკაშვილიც იქ დამხვდა. 
ისევ ვისაუბრეთ მთაზე და ბარზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ღმერთზე, დედაზე...საოცრად თბილი საღამო იყო, თვითონაც დაისვენა გოდერძიმ ცოტა ხნით და სამივემ  ჩაი დავლიეთ. გივი ბერიკაც (დიდი ხნის წინ მომცა უფლება, ასე მოვიხსენო) გვერთვებოდა საუბარში და ძალიან ბედნიერი ვიყავი  ორივესთან  ყოფნით. 
წამოსვლისას კი, რაღაც დავპირდი გოდერძის და სიტყვაც მივეცი, რომ აუცილებლად შევასრულებდი, ბერიკაც არის იმ სიტყვის მოწმე, მაგრამ  სამწუხაროდ,  გადადებული საქმის ამბავი ყველამ ვიცით, მერე კი  ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა, სხვაგვარად! არ მეგონა, არა! ვერც წარმოვიდგენდი, ასეთ დასასრულს, იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა:
- როცა  მთაში  ვარ, ღმერთთან ისე ახლოს მივდივარ ხოლმე, რაც უფრო მაღლა მივიწევ, იქვეა, ხელის გაწვდენაზეო...
შურიანი არ ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ისე მიამბობდა უფალზე , ნეტავ გენახათ მისი თვალები ან მოგესმინათ მისი ხმის ტემბრი, ნამდვილი საოცრება იყო. სუნთქვა შემეკრა, შემშურდასავით... მეც მომინდა იმ "ხელის გაწვდენაზე"...  
სამწუხაროდ, ჩემდა უნებურად და კიდევ ერთი  პიროვნების მიზეზით, გამოვიდა ისე, რომ მიცემული სიტყვა გავტეხე. დღემდე ძალიან განვიცდი, მაპატიოს მისმა სულმა, ერთი პატარა, მაგრამ გოდერძი ჩოხელისთვის მეტად მნიშვნელოვანი თხოვნა რომ  ვერ შევუსრულე!
გოდერძი ისედაც არავის არაფერს თხოვდა, მე კი...
მაპატიე, გოდერძი! 
***
მერამდენე აღდგომაა გოდერძის გარეშე? არც მინდა დავითვალო...
23 აპრილი.2013 წწ.

მეე-მაიკო კახიძე.  


გოდერძი ჩოხელის ფილმის "სამოთხის გვრიტების" გრან -პრი   

რობერტ ბარძიმაშვილის "რობი"

არის რაღაც მისტიური ამ ამბავში, არ ვიცი რა დავარქვა ჩემს  მოგონებას, რომელმაც არაერთხელ დამაფიქრა...

რობერტ ბარძიმაშვილი, პლეხანოვზე, ძველ ფილარმონიაში  გავიცანი 35 წლის წინ. მხოლოდ ეკრანიდან მყავდა ნანახი, ახლა რომ ვარსკვლავს ეძახიან, მაშინ ასე არ იყო, მაგრამ ისეთი ცნობილი იყო, ყველა, მთელი თბილისი ჩერდებოდა მის დანახვაზე. არადა, ასეთი პოპულარობის მიუხედავად, სულაც არ იყო ამპარტავანი, თბილი, გულიანი,  მუდამ მოფუსფუსე დამამხსოვრდა, ერთი წამით ვერავინ ნახავდა გაჩერებულს.
მერე კი, ჩემმა ორივე პროფესიამ ახლოს გამაცნო რობერტი, მაგრამ მე ის სევდიანიც მინახავს, ჩაფიქრებულიც, მტკივნეულად რომ მიამბობდა თავის განცდებზე.
განსაკუთრებით კრწანისის პაწია სახლია უყვარდა, შევარდნაძის მეზობელი გახლდათ. ერთხელ კი... შევარდნაძეზე ვკითხე, მარილის სათხოვნელად არ მოსულა- მეთქი? ბევრი ვიცინეთ.
ძალიან მაინტერესებდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, მაშინ ვინ მიგიშვებდა?
ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რობერტი რომ არა, ვერაფერს გავახერხებდი. 
თავისი მანქანით შემაპარა  დაცვის გავლით, უკან გახლიდთ გაწოლილი, მერე, მისი სახლის მანსარდის მთლად "კენწეროზე"მოვექეცი, მფოფხავ მდგომარეობაში, დიდი აკრობატული "გამოსვლა" ჩავატარე და შევარდნაძის რეზიდენციისა და ეზოს რამდენიმე კადრი გადავიღე , როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად (ისეთი დრო იყოოო?..).თურმე , ზემოთ, მთაზე, სათვალთალოც ყოფილა დიდი აღჭურვილობით, ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდნენ, სნაიპერიც ყავდათ, როგორც მერე გავიგე, მაგრამ მაინც გავეპარე და ვერაფერიც ვერ გაიგეს.
ალბათ, დაბეჭდილი ფოტოების მერე ტყავი გააძრეს ვინმეს, არ ვიცი, მე  კი მუდამ  გამორჩეულად მახსენდება ეს ამბავი... საერთოდ, ვინც პირადად იცნობდა რობერტს, აუცილებლად დაინახავდა მომღერლის შეფარულ სევდას, მას ბევრი რამ  აფიქრებდა, გულს ტკენდა, მაგრამ მაინც ქმნიდა და მღეროდა...თბილისი ხომ გამორჩეულად უყვარდა, ნამდვილი სახალხო არტისტი იყო...
გასახსენებელი ბევრია, რობერტ ბარძიმაშვილი და მისი შემოქმედება  ამის ღირსი ნამდვილად არის. უფრო მეტად  უნდა მოფერებოდნენ ასეთ ადამიანს და ეგება ასე ადრე არ წავიდოდა ჩვენგან...მაგრამ
ახლა სხვა რამის თქმა მინდა, ალბათ, უფრო  დაუჯერებელის, მისტიკურის.
ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ვაკეში, მის სახლში  თვალი მოვკარი უცხო ყვავილს, მიხვდა რომ მომეწონა. უნგრეთიდან წამოვიღეთო, მითხრა. მეუღლეს დაუძახა და წყალში დაფესვიანებული მაჩუქეს. მეც გახარებულმა მივიღე საჩუქარი.მეორე დღესვე ქოთანი შევიძინე და დავაბინავე ჩემი სახლის ახალი მწვანე ბინადარი.
სახელიც დავარქვი, რობის ვეძახი (ყველა ყვავილს სახელებს ვარქმევ, ზოგი გოგოა, ზოგი ბიჭი). გაიზარდა რობი და რა გაიზარდა, ისე დამშვენდა , მის სანახავდ მოდიოდნენ. მერე კი...
მერე რობიმაც მოიწყინა და საქართველომაც!
რამდენჯერმე, ვთხოვე კიდეც:
 -ბატონო რობერტ, ინფარქტი გადაიტანეთ, მაინც სვამთ, ეწევით, ახლა ამდენი ყავა - მეთქი? მართლა გულწრფელად ვთხოვე თავი დანებებინა.
- ვერა,მაიკო, ვერაოოო... გაეცინა. ეს, მის გარდაცვალებმადე ორიოდე თვით ადრე ვუთხარი, სწორედ მაშინ ვნახე ბოლოს. მანქანაში კონიაკის ბოთლი ედო( ალბათ, მართლა ძნელია შეჩვეულს გადაეჩვიო, მითუმეტეს თუ მოგწონს და თავს კარგად გრძნობ)...
ერთ დღესაც, სახლში ყვავილების  ჩამოვურბინე, , ხშირად ვუწმენდ ხოლმ ფოთლებს, "რობი" უკვე იმხელა იყო, სკამზე შემდგარმა დავიწყე მისი  გაწმენდა და... მოულოდნელად ნახვარ სიმაღლეზე თავისით  გადატყდა. ძალინ განვიცადე,იმდენ ხანს ვზრდიდი, მაშინვე ცოტა გავადჭერი და წყლიან ჭურჭელში მოვათავსე.
ზუსტად სამი დღის მერე კი ბატონი რობერტი გარდაიცვალა...მე მგონი, იგრძნო...
მე და ჩემი მეუღლე დაკრძალვაზე, რასაკვირევლია,  წავედით, მაგრამ  არ შევსულვარ, ვერ შევძელი... ყველა , ვისაც ვიცნობდი, მენტარება და მენანება...ეეჰ, მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე , ვერა და ვერა...
"რობი"ახლა 17-18 წლისაა.
საოცრებაა პირდაპირ, როგორც კი ახლოვდება  რობერტის გარდაცვალების თარიღი, მოიწყენს, სიყვითლეც უცებ შეეპარება ხოლმე, ჭკნებასავით. ისევ ვიწყები მის "რეანიმაციას", ახალი მიწა, გადაჭრა, დაფესვიანება, მზე და ა.შ.რაც ყვავილს ესაჭიროება, თან ველაპარაკები- რობერტს არ მოეწონებოდა შენი საქციელი მეთქი.
ბოლოს, შარშან მოიწყინა,  ისევ გამოვაცოცხლე, ახლა ორ ქოთანში მყავს და ერთ პატარა ტოტსც ვაფესიანებ, ვნახოთ, რას იზამს.
"რობიც " უკვე თბილისელია ბატონი რობერტივით, ორივე ქართულ მიწაშია, ერთი "იქ", მეორე - აქ,ზევით...

* * *
ბატონო რობერტ,თქვენს ნაჩუქარ ყვავილს მთელი გულით ვუფრთხილდები...ოდესმე შეგხვდებით და ყველაფერს გიამბობთ...





15 მაისი, 2013 წ,  მაიკო კახიძე.